სახურავიდან გადმოვარდნილი გოგონა გარდაიცვალა, ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბიჭი კი თოკებზე დაეცა... დღეს თბილისში ორი საზარელი შემთხვევა მოხდა, რომელთაგან ერთი, ტრაგიკულად დასრულდა. საეჭვო დამთხვევაა, რომ ორივე შემთხვევა 13 წლის მოზარდებას უკავშირდება.
დღის პირველ ნახევარში ვაზისუბანში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გადმოვარდა 13 წლის გოგონა და ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი პირველმა ბავშვის დედამ აღმოაჩინა. ადგილობრივები ერთ-ერთ ვერსიად გადმოგდებასაც ვარაუდობენ და ამბობენ, რომ კორპუსის სახურავზე ასასვლელი კარი გასაღებით იყო დაკეტილი. როგორც ცნობილია, გოგონა იმ კორპუსის მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა, სადაც ის სიცოცხლის ბოლო წუთებში იმყოფებოდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მოგვიანებით ასევე თბილისში და ასევე 13 წლის მოზარდი, ამჯერად უკვე თემქაზე, კორპუსის მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადავარდა და თოკებზე დაეცა - ბიჭს მეტად გაუმართლა, ის მაშველებმა გადაარჩინეს.
თბილისის სასწრაფო დახმარების პრესსამსახურის ცნობით, პირველადი დათვალიერების შედეგად ბავშვს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
მათივე ინფორმაციით, მოზარდი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.