გარისკა და დღეს, მისივე თქმით, ბედნიერი დედაა ამქვეყნად არსებობენ ისეთი ქალებიც, რომელთაც ცხოვრებაში ბევრი სხვა ქალივით არ გაუმართლათ, საკმაოდ ბევრი მიზეზი ჰქონდათ იმისთვის, რომ უბედურად ეგრძნოთ თავი, მხრები ჩამოეყარათ და ეულად გაელიათ ცხოვრება. მაგრამ მათ ბრძოლა აირჩიეს, სიცოცხლის უდიდესი სიყვარული გამოავლინეს და ქალისთვის ყველაზე მთავარი ბედნიერება – დედობაც განიცადეს. თქვენ წინაშე არიან ყველაზე პატარა დედები – პატარები ტანით, და არა ასაკით.
* ამერიკელი სტეისი გერალდი 37 წლისაა, მისი სიმაღლე კი მხოლოდ 71 სანტიმეტრია. კენტუკის მცხოვრებ სტეისის უკვე სამი შვილი ჰყავს. მიუხედავად ექიმების არასაიმედო პროგნოზებისა - სტეისის საერთოდ უკრძალავდნენ ორსულობას, რადგან არა მხოლოდ ნაყოფს ემუქრებოდა საფრთხე, არამედ თვით ქალსაც.
მისი მესამე შვილი ვადაზე ადრე გაჩნდა საკეისრო კვეთით და 1,2 კილოგრამს იწონიდა. მცირე ხანს პატარა სპეციალურ ინკუბატორში იმყოფებოდა.
სტეისის იშვიათი გენეტიკური დაავადება აქვს, რომლის შეფეგადაც ზრდა ჩერდება, ძვლები სუსტდება და ფილტვებიც სუსტად არის განვითარებული.
* ევროპის ყველაზე პატარა დედა უკრაინაში ცხოვრობს. 26 წლის მარია 90-სანტიმეტრიანია. მასაც იშვიათი გენეტიკური დაავადება აქვს, რომელმაც მასაც და მის ძმასაც მოზარდობის ასაკში "მოუსწრო" და ზრდა შეწყვიტა. თუმცა მარიამ მოახერხა, ინტერნეტით ეპოვა სიყვარული, რომელსაც ცოლადაც გაჰყვა და ძალიან ჯანმრთელო ბავშვიც გააჩინა.
* ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ნატალია ნიკიტინას ამბავია. ნატალია 5 წლისა მოხვდა მატარებლის ქვეშ და უფეხოდ დარჩა. დაინვალიდებულ გოგონაზე დედამაც უარი თქვა და ობოლთა თავშესაფარში მოხვდა. "ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც სული ითხოვდა, - ვმღეროდი, ვცეკვავდი, არაფერი მეთაკილებოდა. ძალიან მინდოდა სიცოცხლე", - იხსენებდა ნატაშა ერთ-ერთ ინტერვიუში. 16 წლისა გაგზავნეს პროთეზირების ინსტიტუტში, სადაც გაიცნო მომავალი ქმარი - ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე. 2002 წელს იქორწინეს. ნატაშამ ქმართან ორი შვილი გააჩინა – აქედან ერთი ჯანმრთელია, მეორეს მცირე პრობლემები აქვს, ნერვული სისტემის დარღვევები. მას დღესაც სპეციალურ კლინიკაში მკურნალობენ...
თუმცა ნატაშა მაინც ბედნიერად გრძნობდა თავს, რომ დედობის სიხარული იგრძნო და არად დაგიდევდათ იმ გაჭირვებასაც, რასაც განიცდიდა ბავშვის მოვლის დროს. ამ რთულ საქმეს მარტო და ხანდახან ქმრის დახმარებით უძღვებოდა. თუმცა უარესი მაინც წინ ელოდა... ნატაშას სიმსივნე აღმოუჩინეს. "როცა ასე თუ ისე ამოვისუნთქე და ჩემს შვილებზე ზრუნვა ცხოვრების წესად მექცა, მაშინ გამოჩნდა ყველაზე დიდი პრობლემა - სიმსივნე აღმომაჩნდა, რომელიც თურმე ნელ-ნელა ჭამს ჩემს ორგანიზმს... თითქმის მთელი ცხოვრება ვებრძოდი ამ სამყაროს სიცოცხლისთვის... ვგრძნობ, ვმარცხდები"...
ქალის დასახმარებლად საქველმოქმედო ორგანიზაციაც გაიხსნა, ოპერაციაც გაუკეთეს, მაგრამ ვერ უშველეს - 2012 წელს 32 წლის ასაკში გარდაიცვალა...
* კრისტიენ რეი 84-სანტიმეტრიანია, მისი ქმარი – 193-სანტიმეტრიანი. ამბობს, რომ სიკვდილისთვისაც მზად იყო, ოღონდ დედობა განეცადა. კრისტიენს ჩონჩხის დისპლაზია აქვს, გენეტიკური დაავადება, რომელმაც ის ჯუჯად აქცია.
თუმცა კრისიტენმაც, სხვა მისნაირი ქალებივით, მოახერხა სიყვარულის პოვნა და დედობის სიხარულის განცდა. გარისკა და დღეს, მისივე თქმით, ბედნიერი დედაა.