მგონი თბილისში ყველაზე ნაკლებად მე ვუვლი თავს, ერთადერთი რასაც ვიკეთებ, ეს ბოტოქსია, გუგა მიკეთებს ნინო ნადირაძესთან ინტერვიუ საახალწლო თემაზე ჩავწერეთ. მართალია, ჩვენს რესპონდენტს ახალი წელი არ უყვარს, მაგრამ ალბათ ისიც საინტერესოა, რას აკეთებენ ასეთი ადამიანები 31 დეკემბრის ღამეს, ვისაც ეს დღესასწაული სულაც არ უქმნის საზეიმო განწყობას. ჩვენი ინტერვიუ საახალწლოდ ვერ განგაწყობთ, მაგრამ წაკითხვისას ნამდვილად კარგად იხალისებთ.
- ნინო, მინდა გაიხსენო ბავშვობა, როგორ ხვდებოდი ახალ წელს, როგორ ემზადებოდი და რა მოლოდინები გქონდა ხოლმე...
- არანაირი მოლოდინები არ მქონდა. მეტიც, მამაჩემმა ორი წლის ასაკში მითხრა, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს და თავად ითავსებდა ხოლმე მის ფუნქციას...
- ასეთ პატარა ასაკში რატომ "გაგიმეტა სიმართლისთვის"?
- არ ვფიქრობ, რომ გამიმეტა, პირიქით, ძალიან რეალისტი გამზარდა და საოცრებების არ მჯერა. ვიცი, რომ ყველაფერი თვითონ უნდა გავუკეთო ჩემს თავს და ციდან არაფერი ცვივა, არავინ მოვა და შენს გასაკეთებელს არ გააკეთებს.
- შენ როგორი მიდგომა გქონდა შვილებთან თოვლის ბაბუს საკითხში?
- ჩემს ცინიკურ დამოკიდებულებას ახალი წლის მიმართ ანულირებს გუგა და იძახის, რომ მე ვარ ცუდი ადამიანი, რადგან ბავშვებს არ ვასწავლი ზღაპრებს, გრინჩი ვარ ოჯახში (იცინის). მესამე კლასის შემდეგ არც მე და არც ჩემი და არ ვაწყობდით ნაძვის ხეს, მაშინ როცა დედაჩემს დღემდე ძალაინ უყვარს ეს პროცესი. თავს დასტრიალებდა ხოლმე მაშინ, როცა ჩვენ ზედაც არ ვუყურებდით. ჩემთვის ახალი წელი არის მაშინ, როცა რაღაც მიხარია და არა მაშინ, როცა კალენდარი მიკარნახებს. სულ ახალი წელი იქნება ჩემთან, თუ ყველაფერი რიგზე მექნება. როცა რაღაც ისე არაა, როგორც მე მინდა, რა ახალი წელია? ნაძვის ხე და სათამაშოები შემიცვლის სულიერ მდგომარეობას? (იცინის).
- მეც არ მიყვარს ახალი წელი დიდად, მაგრამ მოდის და ინერციით მაინც ვემზადები შესახვედრად...
- რომ მახსენდება ახალი წლის მოახლოება, ტვინში სისხლი მექცევა. ჩვენ ახალ წელს ასეთი ტრადიცია გვაქვს: ვიკრიბებით ყველა ივასთან და მიდის სამზადისი, გოჭები, ნიგვზები, საცივები, კუჭმაჭები და ა.შ. ყველაფერს ვამზადებ, ვიქცევი ხოლმე მზარეულად. ივას ძალიან უყვარს ეს ტრადიცია და ვერაფრით ვერ მოვურღვევ, იმიტომ, რომ ივა ისეთი მამამთილია, რომ მითხრას, ვირი დაკალიო, მაგასაც შევუსრულებ (იცინის) და წელიწადში ერთხელ სუფრის გამზადებაზე ხომ საერთოდ არ დავალაპარაკებ... ივას ძალიან უყვარს ახალი წელი, ნაძვის ხე, ასეა ჩემი ქმარიც, მე კიდევ ამ დროს ვზმუი, რადგან ნიგვზებს და ხორცებს ვაკეთებ.
- როგორც ვხვდები მთელ შენს კულინარიულ შესაძლებლობებს მამამთილის სამზარეულოში ხარჯავ წინასაახალწლოდ.
- კი, ნამდვილად, ივას თხოვნით სუფრას გავძეძგავთ ხოლმე და ვართ კმაყოფილები იმით, რომ ივა კმაყოფილია.
- როგორც ვხვდები, კარგი მამამთილია. მინდა გკითხო ზოგადად, რძალსა და დედამთილ-მამამთილს შორის კარგ ურთიერთობას ვინ განაპირობებს?
- ჩემი აზრით, ეს ორივე მხარის დამსახურებაა. მათგან ყოველთვის სითბოს ვგრძნობდი და მეც ყურადღებიანი ვიყავი და ვარ მათ მიმართ. გუგას მშობლები რაღაც სხვანაირები არიან, საყვარლები, თბილები, მენტალურად ერთ მხარეს ვდგავართ და არ გაგვიჭირდა ურთიერთობის აწყობა. რაც მამაჩემი გარდაიცვალა, ერთადერთი ივა დამრჩა, ვინც მამობას მიწევს. კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება ურთიერთგაგებასა და ერთმანეთზე ზურნვაზეა დამოკიდებული, ერთმა მხარემ რაც არ უნდა გააკეთოს, თუ მეორე არ უწყობს ხელს, არაფერი გამოვა, ორივე მხარემ უნდა ჩადოს შრომა კარგი ურთიერთობისათვის.
- ქმარს რა წვლილი მიუძღვის ცოლისა და მისი მშობლების ურთიერთობის ჩამოყალიბებაში?
- მე და გუგა თუ ვიჩხუბებთ, კლავენ გუგას. მე მართალი ვარ თუ მტყუანი, მათთვის გუგა ყოველთვის დამნაშავეა. არ მახსოვს ჯერ, გუგას მხარე დაეჭიროთ. ხომ არიან დედამთილები, რომ იძახიან, რძალმა შვილი გამინერვიულაო, ჩვენთან ეგეთი რამე არ ყოფილა, ყველაფერში გუგაა დამნაშავე და სულ ებუტებოდნენ გუგას. დღემდე მეუბნება ხოლმე გუგა, შენ ჩემს მშობლებს იყენებ ჩემ წინააღმდეგო (იცინის). განსაკუთრებით ჩემი დედამთილი ემუქრება ხოლმე (იცინის).
- ესე იგი, ოჯახს გუგა ტერორში გყავთ.
- გუგა იქეთ გვატერორებს ყველას.
- ისევ ახალ წელს მივუბრუნდეთ, ივასთან კი ამზადებ სუფრას, მაგრამ შენს საკუთარ ოჯახში თუ აკეთებ ამ ყველაფერს?
- არა, აქა-იქ მიყრია ხოლმე კანფეტები, არანაირად არ ვემზადები (იცინის). გუგა რთავს ხოლმე ნაძვის ხეს ბურდღუნით, რომ ჩემგან არაფერი გამოვა, არ ვზრუნავ ბავშვების ბედნიერებაზე და ა.შ. არადა, მე ბავშვების ბედნიერება ცოტა სხვანაირად წარმომიდგენია. ჩვენს შვილს ბაკოს მანამ სჯეროდა თოვლის ბაბუის, სანამ მიხვდა, რომ სანტა ხან მამამისი და ხან ბაბუამისი იყო. ვერ ვხვდები, რატომ უნდა შევუქმნა თოვლის ბაბუის არსებობის ილუზია, მგონია, რომ თავიდნავე უნდა ჩახედოს ბავშვმა სიმართლეს თვალებში და უნდა იცოდეს, როგორია ცხოვრება, უნდა გაიაზროს, რომ თავად უნდა შექმნას ყველაფერი და წინაპრების ნაშრომს არ უნდა დაელოდოს. რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში ასე მიცხოვრია, ჩემი შრომით ვცხოვრობ... თუმცა ზოგს ჰგონია, რომ არაჟანში ვწევარ და ზემოდან ხიზილალა მისვია, რაზეც ძალიან მეცინება. თვეში ერთხელ თუ წავედი და ფრჩხილი გავიკეთე, დიდი საქმე, მაშინ როცა ხალხს სალონები სახლად აქვს ქცეული. ალბათ ბევრი ვერც კი წარმოიდგენს, რომ სამსახურიდან ისეთი დაღლილი მივდივარ, სადაც ვჯდები, იქ მეძინება. მგონი თბილისში ყველაზე ნაკლებად მე ვუვლი თავს, ერთადერთი რასაც ვიკეთებ, ეს ბოტოქსია, გუგა მიკეთებს, რა თქმა უნდა. მიყვარს ეს პროცედურა, უკვე შუბლს ვერ ვჭმუხნი და სულ ბედნიერი სახე მაქვს, ამით გუგაც ბედნიერია და მეც (იცინის).
- მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი არ გიყვარს, მაინც უნდა გკითხო, თუ გეგმავ წინასწარ საახალწლო იმიჯზე, თუ ითვალისწინებ რჩევებს?
- ყველაზე ცუდად გამოვიყურები ხოლმე ახალ წელს. წარმოიდგინე, მთელი დღის ნაბრძოლი გოჭებთან, ღორებთან და ხორცებთან, გაჩეჩილი ვარ. ივა მეუბნება, წადი, გამოიცვალეო... მე მაგის თავიც არ მაქვს. ყველაზე ბანძად როგორც შეიძლება გამოიყურებოდეს ადამიანი, მე ვარ ხოლმე ეგრე ახლი წლის ღამეს.
- საახალწლო საჩუქრების ტრადიცია თუ გაქვს?
- არა, ახალ წელს არასდროს არ ვჩუქნი არავის არაფერს. ისედაც მიყვარს საჩუქრების გაკეთება და ვანებივრებ ახლობლებს და წლის ბოლოს, როცა ფული აღარასდროს არ მაქვს, რატომ უნდა ვაჩუქო, ვერ ვხვდები. თუმცა, წელიწადი რომ იწყება, მერე ისევ მიჩნდება ფული და ვიწყებ საჩუქრების კეთებას.
- მოკლედ, ესაა ინტერვიუ იმის შესახებ, როგორ არ უნდა შევხვდეთ ახალ წელს...
- (იცინის) კი, ნამდვილად. საერთოდ ახალი წელი არის კაცების დღესასწაული. ისე, მთელი ცხოვრება კაცების დღესასწაულია, ქალებისთვის განკუთვნილი ერთადერთი დღე 8 მარტია. მართალია, არც 8 მარტს იკლავს გუგა გამორჩეულად თავს საჩუქრების ჩუქნით, მაგრამ თუ რამე გაჩუქა, კიდევ კუდი უნდა უქიცინო და რა დღესასწაული ეგაა, ერთი მითხარი? (იცინის). იმ ერთ დღეს რაღაცას რომ გაჩუქებენ, ყიდულობენ შენს კეთილგანწყობას, კიდევ იქით რომ ეფერო და ელოლიავო (იცინის). მოკლედ ნახევრად ხუმრობითა და ნახევრად სერიოზულობით ჩავათავეთ ეს ინტერვიუ, მაგრამ ტყუილი არაფერი მითქვამს. ტყუილი რომ ვთქვა, მერე უნდა დავიმახსოვრო, რა მოვიტყუე, მაგდენი არ შემიძლია. ამიტომ პირდაპირ სიმართლეს ვლაპარაკობ, რაც არის, იმას ვამბობ და შესაბამისად, ამაზე საფიქრალი მაინც არ მაქვს (იცინის).
ციცი ომანიძე