„რეჟისორმა და სცენარისტმა უნდა იფიქრონ იმაზე, მათი ჩანაფიქრი, რომელიც ფილმისთვის წარმატებული იქნება, რა გავლენას მოახდენს მოზარდებზე“ სოციალური ქსელი თუ ტელევიზია ჩვენი შვილების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. პრინციპში, ჩვენს რეალობაში სხვაგვარად არც შეიძლება, მაგრამ დასაფიქრებელია, რა გავლენას ახდენს მედია ჩვენს ბავებზე. გასულ კვირას, ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სერიალში „ხელოვნური სუნთქვა“ წამოწეული იყო თინეიჯერების ცხოვრების ამსახველი თემა, რომლის მიხედვითაც მოზარდებს „ფეისბუქის“ დახურული ჯგუფის მეშვეობით სიცოცხლისთვის საშიში დავალებების შესრულებას ავალებდნენ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდნენ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად.
რასაკვირველია, ამ თემას გამოხმაურების გარეშე არ ჩაუვლია. მართალია, სერიალში არ იყო პროპაგანდა მსგავსი ქმედებების, მაგრამ მაყურებლების ნაწილი განაწყენებული დარჩა სერიალის შემოქმედებით ჯგუფზე და ამბობდა, ისეთ სერიალში, რომელსაც მოზარდებიც უყურებენ, მსგავსი თემების წარმოჩენა კარგი არაა, რადგან თინეიჯერების ფსიქიკა არაა ჩამოყალიბებული და შესაძლოა, ეს წახალისების და მიბაძვის მიზეზი გახდესო.
მეორენი კი ფიქრობენ, რომ ზუსტადაც ასეთი თემები უნდა იქნეს ნაჩვენები, რათა ეს იყოს მესიჯი მშობლების მიერ გაასმაგებული ყურადღების კონცენტრირებისთვის და ამას არაფერი აქვს საერთო წახალისებასთან.
ვინაიდან ამ საკითხთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ წყდებოდა, გადავწყვიტეთ, მოზარდების მშობლებს დავკავშირებოდით ცნობილთა შორის და მათი აზრი მოგვესმინა (ჩვენი მკითხველებიდან მოზარდების მშობლების აზრებს კომენტარებში ველოდებით):
სალომე გოგიაშვილი:
- აქამდე რაღაცნაირად არ ვაქცევდი ყველა წვრილმანს ყურადღებას, მაგრამ როცა იგებ, რომ შენ ირგვლივ ბავშვები, მოზარდები თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს, იძაბები და სხვანაირი ხდები. შარშან რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა თინეიჯერებმა თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე, არადა, თითქოს რეალური მიზეზი ამის არც ერთს არ უნდა ჰქონოდა. ამბობდნენ, რომ მათ საქმეში რაღაც სექტა იყო გარეული, მაგრამ რეალურად ამის დამადასტურებელი არავინაა და ასე შორიდან სიმართლის გარკვევაც რთულია. ფაქტი კი ერთია, კარგი არაფერი ხდება. ამიტომ გავხდი საშინლად ყურადღებიანი, მაშინ როცა ჩემი შვილის ელემენტარულ კამათს თანაკლასელთან, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი და ვამბობდი, რა მოხდა, მეც მიკამათია, მერე რა. ახლა ასე აღარ ვუყურებ. მთლიანად ჩართული ვარ ჩემი შვილების ყოველდღიურობაში, მივდივარ, ვერკვევი სიტუაციაში, ვარიგებ და ყველანაირად ვცდილობ მდგომარეობის დასტაბილურებას.
ჩვენგან რადიკალურად განსხვავებული თაობა წამოვიდა, აი, იმ უბრალო კამათის გამო, შეიძლება რომელიმე მხარემ ისე ინერვიულოს, რომ რაღაც არასწორი ნაბიჯი გადადგას, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ყურადღება არ მოვადუნო, ათად ვარ გაყოფილი, ხან იქ დავრბივარ, ხან - აქ, იმისათვის, რომ ავირიდო და ავარიდო ჩემი შვილები უსიამოვნო სიტუაციებს.
რაც შეეხება სერიალებს, გარდატეხის ასაკში, როცა შენი თავის ძიებასა და ჩამოყალიბების პროცესში ხარ, ბევრი რაღაც ახდენს შენზე ზეგავლენას. ჩვენს დროს ასე ფართოდ არ იყო გავრცელებეული სერიალები და ფილმები, მოგვწონდა რომელიმე მომღერალი და მოცული ვიყავით მისით, მაგალითად, მახსოვს, მე ჯექსონი მომწონდა და მასთან დაკავშირებულ ყველა ფოტოს, კასეტას, დისკს ვაგროვედი. მე რომ მქონოდა იმის საშუალება, რაც ახლანდელ ბავშვებს აქვთ, შესაძლოა ჭკუიდან შევრყეულიყავი (იღიმის). ამიტომ მშობლების მხრიდან საჭიროა მკაცრი კონტროლი. მე „ხელოვნურ სუნთქვას" არ ვუყურებ, მაგრამ ამას წინათ შეშფოთებულმა გავაზიარე „ფეისბუქზე“ იმ ჯგუფის ფოტო, რომლის მომხმარებლებიც V-ს იკაწრავდნენ ხელზე, ისე, როგორც ეს ფილმშია...
დღეს ფეისბუქი ბავშვების მშობლებს კი არა, ბებია-ბაბუებსაც კი აქვთ, ყურადღებიან მშობელს ეს საკითხი არ გამოეპარება. როგორ შეიძლება, ვერანაირად ვერ შეამჩნიო შენს შვილს რაიმე არასწორი მდგომარეობა და არ იყო მის ცხოვრებაში ჩართული. თუ ასეა, მაშინ უყურადღებობასთან გვაქვს საქმე და აქ სერიალი და ტელევიზია მეორეხარისხოვანია. სამწუხაროდ, ჩვენს რელობაში რეჟისორმა და სცენარისტმა უნდა იფიქრონ იმაზეც, მათი ჩანაფიქრი, რომელიც ფილმისთვის წარმატებული იქნება, რა გავლენას მოახდენს მოზარდებზე, მაყურებელზე, ეს როგორ უნდა დარეგულკირდეს არ ვიცი. მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ როცა ბავშვი ნორმალურ, ჯანსაღ გარემოში იზრდება, არ არსებობს ასეთ რაღაცას აჰყვეს. გამორიცხულია, ჩემი შვილი რაიმე ჯგუფში იყოს გაწევრებული და მე ეს ვერ შევამჩნიო. ჩემი შვილი ოდნავ რომ მოწყენილი ან ჩაკეტილი მეჩვენება, უკვე განგაში მეწყება და ვიწყებ გამორკვევას, რა ხდება, რატომ, ბოლოს კი მივდივარ პრობლემამდე. ჩემი აზრით, მშობლებმა უნდა გააკონტროლონ ეს ამბავი, ვიდრე ხელოვნებამ. კინემატოგრაფიას ვერ შეცვლი, ზოგი იმას გადაიღებს, ზოგი - ამას, სხვებზე ხელის შეწმენდას, ჯობია მეტი დრო და ყურადღება დავუთმოთ შვილებს - ამაში უნდა ვეძიოთ პრობლემაც და გამოსავალიც, მით უმეტეს, როცა მოზარდი გყავს და ამას ემატება მისი პრობლემატური ხასიათი და გარემო. ერთ დღეში ფილმის გამო არავინ არაფერს აკეთებს, ეს ხდება მაშინ, როცა ბავშვს აქვს სერიოზული პრობლემა.
სოფია სებისკვერაძე:
- სიმართლე გითხრა, ჩემი შვილი ტელევიზორთან დიდ დროს არ ატარებს, უფრო ინტერნეტის საშუალებით უყურებს სერიალებს და ვიდეობლოგებს. ინტერნეტსივრცის აქტიური მოხმარებელია.
- უშლის ეს ხელს მის განვითარებას? თუნდაც განათლების მხრივ...
- სწავლაში ხელს არ უშლის, საკმაოდ დაკავებულია ამ მხრივ, ემზადება ბევრ საგანში და ძირითადად სულ მეცადინეობს, მაგრამ ის თავისუფალი დრო, რასაც ინტერნეტს უთმობს, სასურველია, მაგალითად ფიზიკურ აქტივობას მოახმაროს, თუმცა ურჩევნია, იწვეს და უყროს ვიდეოებს და სერიალებს.
- როგორ ფიქრობთ, ეს სერიალები ახდენენ მასზე გავლენას?
- კი, რა თქმა უნდა. თინეიჯერის ტვინი უფრო მარტივი სამართავია, სერიალები ძალიან მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, განსაკუთრებით - მოზარდის ფსიქიკაზე.
- სულ ცოტა ხნის წინ სწორედ სერიალში, „ხელოვნურ სუნთქვაში “ იყო სოციალური ქსელის მეშვეობით მოზარდებზე ზემოქმედების თემა წამოწეული. ამბობენ, რომ ჩვენს ირგვლივ, რეალურად ხდება მსგავსი რაღაცები. როგორ ფიქრობთ, ასეთი საკითხების წარმოჩენა რას ემსახურება? ესაა მესიჯი მშობლებისთვის, თუ საშიში ფაქტორი თინეიჯერებისთვის, რომელთა ფსიქიკა შედარებით მარტივად სამართავია...
- მე მგონია, რომ ეს მესიჯია უპირველესად მშობლებისთვის, ამავდროულად ნორმალურად მოაზროვნე თინეიჯერი მიხვდება, რომ მსგავსი ქმედება სისულელეა, კარგს არაფერს მოიტანს და ამაში დრო არ უნდა დახარჯოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამით ნაჩვენებია ის, რომ მშობლებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ შვილებს და თუ საჭიროა, ფსიქოლოგთან მიიყვანონ, ამ ასაკში ეს აუცილებელიცაა, იმიტომ, რომ შესაძლოა, დედამ ბავშვის შესახებ ბევრი რამ არ იცოდეს, არ გაიხსნას შვილი მასთან.
ასევე იხილეთ: ქართველი მოზარდების ახალი საშიში გასართობი - "მრცხვენია, რომ სატანისტობა მინდოდა..."
- თქვენს შვილს ჰყავს ფსიქოლოგი?
- არა, არ ჰყავს, მაგრამ სიამოვნებით მივიყვანდი, თვითონაც ძალიან აინტერესებს ასეთი რაღაცები და ალბათ უახლოეს მომავლაში მივიყვან კიდეც. ჯერჯერობით ვუმკლავდები მის კითხვებს და ინტერესებს, თუ რამე უფრო ღრმად დააინტერესებს, გვექნება სერიოზული პრობლემა, რომლის მოგვარებაში მე ვერ დავეხმარები, რა თქმა უნდა, მივიყვან, ამაში რაიმე ცუდს ვერ ვხედავ. დღევანდელ ცხოვრებაში, დიდებსაც და პატარებსაც გვჭირდება ფსიქოლოგი, ოღონდ, რა თქმა უნდა, პროფესიონალი.
- დასასრულ, მაინტერესებს, რეალურ ცხოვრებაში თუ გსმენიათ რაიმე სექტების, ჯგუფების შესახებ, რომლებიც თინეიჯერებზე ახდენენ გავლენას, მართავენ სხვადასხვა ხერხით და ა.შ..
- ჩემ ირგვლივ არ მომიკრავს ყური, მაგრამ ბავშვების თვთმკვლელობები გახშირდა, სამწუხაროდ. არ ვიცი, ეს რისი ბრალია. შესაძლოა, ადრეც ხდებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი მარტივად აშკარავდება და უფრო თვალში საცემია, თუმცა ფატი ფაქტად რჩება.ჩემს ბავშვობაშიც გამიგია, რომ ვიღაც მოზარდმა კურტ კობეინის დაბადების დღეზე მოიკლა თავი... ყველას ფსიქიკა ერთნაირი არაა, გარდატეხის ასაკში, საკუთარი თავის გაცნობის დროს, ვინც წინააღმდეგობაში ვარდება და არ აქვს ძლიერი ნერვები, ალბათ იმათ ემართებათ და მათთან ხდება ასეთი შემთხვევები.
ციცი ომანიძე
თეკლა ჟვანია