"თქვენს საიტზე ბევრჯერ წამიკითხავს მშობლებისგან მოწოდებული რჩევები და მინდა მეც გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. ვიცი, რომ ხველა, სუსტი ბრონქები და სუსტი იმუნიტეტი ბევრი ბავშვის პრობლემაა. ხველასთან დაკავშირებით ექიმისგან ისიც გამიგონია, რომ ვიცოდე, რომელი წამალი მოარჩენს ხველას, მე თვითონ ვიყიდი და პაციენტებს დავურიგებო. ამით იმის თქმა მინდა, რომ ტრადიციული მედიცინა ყოველთვის უაბარ საშუალებებს ვერ გვთავაზობს და ზოგჯერ ხალხური საშუალება აღმოჩნდება ჩვენი პრობლემის წამალი.
ბავშვობაში ჩემი და ძალიან სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა. ასთმური პრობლემები ჰქონდა და ნებისმიერი გაციება თუ ინფექცია გაუთავებელი ხველით სრულდებოდა. ერთხელ სტუმრად მოვხვდით კახეთში და მასპინძელმა ხველისგან გადაბჟირებულ ბავშვს რომ შეხედა, ასეთი რამ შემოგვთავაზა - ვირის რძე დაალევინეთო...
გაოგნებულმა ჩემმა მშობლებმა ჯერ იუარეს, მაგის დალევა ვის გაუგიაო, მაგრამ მასპინძელმა დაამშვიდა, ყივანახველასთვის უებარიაო...
მოკლედ, გამოვედით შარაზე და ჩავუსაფრდით ჩოჩორიან ვირებს (ვირი არ მოიწველება, თუ ჩოჩორი არ ჰყავს). ფაქტია, რომ იმ "კურსის" შემდეგ მდგომარეობა აღარ გართულებია. ასთმა შედარებით იოლ ფორმებში გადავიდა და მალე შეტევები შეწყდა კიდეც...
სხვთა შორის, აქამდე არ მსმენია, რომ ამ საშუალებისთვის ვინმეს მიემართა, ბოლო დროს კი ინფორმაციაც ვრცელდება, რომ ვირის რძე ძალიან კარგი საშუალებაა იმუნიტეტისთვის და განსაკუთრებით, ბავშვისთვის. იქნებ მშობლებმა გაითვალისწინონ ჩვენი ოჯახის გამოცდილება და სცადონ ეს საშუალებაც".
ნათია, 42 წლის, თბილისი
ამ წერილის შემდეგ ვეცადეთ, მოგვეძიებინა ინფორმაცია ვირის რძის თვისებების შესახებ. აღმოჩნდა, რომ ეს მთელ მსოფლიოში პოპულარული სასმელია, თუმცა უმეტესად არა კვების, არამედ მკურნალობის მიზნით მოიხმარენ. ვირის რძე საკმაოდ ძვირად ფასობს და სამკურნალო და კოსმეტიკური დანიშნულებითაც იყენებენ. ის ძალიან ახლოს დგას დედის რძესთან. ევროპაში კი ყველაზე ძვირად ღირებულ ბავშვის საკვებს სწორედ ამ რძისგან ამზადებენ.
თითო ვირი დაახლოებით 250-300 გრამს იწველება. ეს საშუალება წარმატებით ებრძვის ბრონქიალური ასთმას, ხველას, ყივანახველას, ალერგიებს, დიაბეტს, კანის დაავადებებს, ტუბერკულიოზს, წითელას და ციებ-ცხელებას.
ნეაპოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ვირის რძეში აღმოაჩინეს ცხიმის მჟავა ომეგა-3 და ომეგა-6, დატვირთულია ლაქტოზით და შეიცავს მინიმალურ ცხიმებს. ვირის რძე ძალიან ადვილად იყინება. გარდა ამისა, ვირის რძეში შედის ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო სამასამდე სხვადასხვა ნივთიერება, მათ შორის ანტიოქსიდანტები, ფერმენტები, დიდი ოდენობით კალცი, ვიტამინები და მინერალები.
მიიჩნევა, რომ ისეთივე კალორიულობა აქვს, როგორც ძროხის რძეს, თუმცა უკეთ ანაყრებს და აცხრობს მადას. ამიტომ ხშირად იყენებენ დიეტებისას.
ხშირად იყენებენ კოსმეტიკური საშუალებების დამზადებისას, რადგან მასში ბევრია ისეთი ცილოვანი ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, რაც თავის მხრივ კანის ელასტიურობაზე აისახება.
მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ყველს ამზადებენ ზასავიკას ვირის ფერმაში, სერბეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაკრძალში. ყველი სახელწოდებით "პულე'' დამზადებულია ვირის რძისგან და ერთი კილოგრამი ღირს 1200 დოლარი. ფერმაში მომუშავეთა თქმით, იმისათვის, რომ დამზადდეს 1 კილოგრამი ყველი, საჭიროა 25 ლიტრი ვირის სუფთა რძე.
ითვლება, რომ ვირის რძე იყო კლეოპატრას სილამაზის ერთ-ერთი საიდუმლო.
წაიკითხეთ ასევე: "ამ კურორტის აღმოჩენის შემდეგ დასრულდა ჩვენს ოჯახში ხველის და გაციების პრობლემა"