რა არ უნდა გამოეპაროს მშობელს - ექიმის რჩევები სიყვითლე სიმპტომთა კომპლექსია, რომელიც კლინიკურად კანის, სკლერებისა და ლორწოვანი გარსის ყვითლად შეფერვით გამომჟღავნდება. ამის კვალობაზე, სიყვითლის დადასტურება სირთულეს არ წარმოადგენს. გაცილებით ძნელია მისი მიზეზის დადგენა, რამდენადაც სიყვითლე მრავალ ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებას ახლავს თან. გვესაუბრება პავშვთა ჰეპატოლოგი, ევროპის ჰეპატოლოგთა ასოციაციის წევრი, მედიცინის დოქტორი ბელა ელიაძე:
- სიყვითლე აღენიშნება დროულ ახალშობილთა 50%-ს და დღენაკლულთა 80%-ს. უმეტესად ეს ფიზიოლოგიური სიყვითლეა და მკურნალობას არ საჭიროებს. თუმცა ახალშობილთა სიყვითლე, მიუხედავად იმისა, რომ ის
შეიძლება ფიზიოლოგიური იყოს, ყოველთვის მოითხოვს ნეონატოლოგის ყურადღებას. ბილირუბინის მომატებული კონცენტრაცია და ნაღვლის წვენით მისი არასაკმარისი გარდაქმნა შემდგომ შესაძლოა ახალშობილის ორგანიზმში მკვეთრი პათოლოგიური ძვრების მიზეზად იქცეს, ზოგჯერ კრიტიკული მდგომარეობაც კი გამოიწვიოს. კლინიკურად სიყვითლე ვლინდება ბილირუბინის მომატებით 68-120მკმოლ/ლ-მდე. ჰიპერბილირუბინემიამ შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული სიყვითლე და ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანება, როცა მისი კონცენტრაცია სისხლში მიაღწევს 306-340მკმ/ლ-ს, თუ ბავშვი დროულია და 170-240მკმოლ/ლ-ს, თუ იგი დღენაკლულია. ამ პათოლოგიას ბილირუბინული ენცეფალოპათია ეწოდება. ბილირუბინემია კონცენტრაციით 86მკმოლ/ლ-ზე სიცოცხლის I დღეს; 171მკმოლ/ლ სიცოცხლის II დღეს და 200-240მკმოლ/ლ სიცოცხლის შემდგომ დღეებში ფიზიოლოგიურად არ მიიჩნევა.
- რა ძვრები ხდება ამ დროს ახალშობილის ორგანიზმში?
- ახალშობილს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ნაწლავური ბაქტერიებით ჯერ არ არის სრულყოფილად დასახლებული და ბაქტერიული ფერმენტები ბილირუბინზე არ მოქმედებს. ბილირუბინის დაშლა ნაწლავში ხდება სპეციფიკური ფერმენტის - ბეტა-გლუკურონიდაზის - საშუალებით, რის შემდეგაც გამოთავისუფლებული პიგმენტი შეიწოვება სისხლში და უფრო მეტად ზრდის თავისუფალი (შეუკავშირებელი) ბილირუბინის რაოდენობას.
- როდის გამომჟღავნდება ფიზიოლოგიური სიყვითლე?
- ფიზიოლოგიური სიყვითლე ძლიერ იშვიათია დაბადების პირველ დღეს და ახალშობილთა უმრავლესობას გამოაჩნდება დაბადებიდან არა უადრეს 36 საათისა, უმეტესად - მესამე დღეს. ფიზიოლოგიურ სიყვითლეს განაპირობებს ერითროციტებისა და ჰემოგლობინის მაღალი შემცველობა ახალშობილის სისხლში, ასევე - ნაყოფის (ფეტალური) ჰემოგლობინის შემცველი ერითროციტების დაშლა (ჰემოლიზი), ღვიძლის უმწიფრობა. თავდაპირველად სიყვითლე სახეზე ჩნდება, შემდეგ - ტანზე, კიდურებზე, კონიუნქტივასა და ლორწოვან გარსებზე. ამ დროს სიყვითლე იზოლირებულია, ღვიძლი და ელენთა არ არის გადიდებული, არც ანემია შეინიშნება. ჩვეულებრივ, დროულ ახალშობილთა ფიზიოლოგიური სიყვითლე ერთ კვირაზე მეტს არ გასტანს. განავლის შეფერილობა ნორმალურია, შარდი - გამჭვირვალე, ყვითელი, ბილირუბინის რაოდენობა სისხლში არ აღემატება 150მკმოლ/ლ. დღენაკლულ ახალშობილთა სიყვითლე უფრო მკვეთრად არის გამოხატული და ხანგრძლივია.
- რატომ გახშირდა გახანგრძლივებული ფიზიოლოგიური სიყვითლის შემთხვევები?
- ფიზიოლოგიური სიყვითლის განვითარებისა და მისი გახანგრძლივების მიზეზთა შორის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეგზოგენური (გარეგანი) ფაქტორების ზემოქმედებას: შიმშილს (ძუძუსთან გვიან მიყვანას), ოქსიტოცინის გამოყენებას სამშობიარო აქტის სტიმულაციის მიზნით.
- გარდა ფიზიოლოგიური სიყვითლისა, რა შეიძლება გამოიწვიოს ბილირუბინის მომატებამ?
- ბილირუბინი საკმაოდ ტოქსიკური პიგმენტია - ის პოტენციური ნეიროტოქსინია, თავისუფალმა (არაკონიუგირებულმა, არაშეკავშირებულმა) ბილირუბინმა, რომელიც არ არის დაკავშირებული ცილასთან (ალბუმინთან), შეიძლება გაიაროს ჰემატოენცეფალური ბარიერი და თავის ტვინში გამოიწვიოს უჯრედთა სიკვდილი აპოფტოზით და/ან ნეკროზით. რამდენად დააზიანებს იგი თავის ტვინს, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
- რა იწვევს პათლოგიურ სიყვითლეს?
- ახალშობილებსა და ბავშვებში, ისევე როგორც მოზრდილებში, პათოლოგიურ სიყვითლეს მრავალი ინფექციური და არაინფექციური დაავადება იწვევს. პირველ რიგში აღსანიშნავია ერითროციტების ჰემოლიზით (დაშლით) მიმდინარე დაავადებები: სისხლის ჯგუფური და რეზუსშეუთავსებლობა (სიყვითლე ვითარდება სიცოცხლის I-II დღეს), თანდაყოლილი მემბრანოპათოლოგიები (სფეროციტოზი და სხვა), ფერმენტოპათიები (გლუკოზა - 6 ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობა) - სიყვითლე ვლინდება II-III დღეს; კეფალოჰემატომა, სისხლჩაქცევები, ინფექციები - სიყვითლე ვლინდება III-IV დღეს. არსებობს პათოლოგიები, რომელთა დროსაც სიყვითლე ვლინდება I-დან VIII დღეს. ესენია თანდაყოლილი ჰემოლიზური ანემიები, დედის რძით განპირობებული სიყვითლე, ჰიპოთირეოზი, პერინატალური პერიოდის გართულებები, სისხლდენები, სეფსისი, ასფიქსია, საშვილოსნოსშიდა ინფექცია და სხვა.
- რას გვეტყვით დედის რძით განპირობებულ სიყვითლეზე?
- ახალშობილებში ხშირია არიასის სინდრომი - სიყვითლე, რომელსაც დედის რძეში არსებული ბეტა-გლუკურონიდაზა იწვევს. ვლინდება სიცოცხლის მე-4-14 დღეს. 24-48 საათის განმავლობაში ძუძუთი კვების შეწყვეტა და ალტერნატიული საკვების მიწოდება ბილირუბინის დონეს აქვეითებს.
- როგორ გამოვლინდება პათოლოგიური სიყვითლე?
- პათოლოგიური სიყვითლის სიმპტომებია:
კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიყვითლე (იქტერულობა);
ჰეპატოსპლენომეგალია (ღვიძლისა და ელენთის გადიდება), თუმცა არა ყოველთვის;
ენცეფალოპათიის ნიშნები;
ტვინისმიერი კივილი;
ჰიპერტონია;
ცხელება;
კრუნჩხვა (მძიმე შემთხვევებში). იხილეთ სრულად