არსებობს ზოგადი რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ყველა დედამ საკვების სწორად შერჩევას და პროდუქტის ხარისხს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ბავშვის ნორმალური განვითარების პროცესში. ის გავლენას ახდენს ორგანიზმის განვითარებაზე, ფიზიკურ და ნერვულ-ფსიქიკურ მდგომარეობაზე, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ავითარებს ინდივიდუალურ შესაძლებლობებს.
ამ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მედიცინის დოქტორს, პროფესორს, ქალბატონ ინგა მამუჩიშვილს ვესაუბრეთ.
- როდის და როგორ უნდა მოხდეს ბავშვის რაციონში დამატებითი კვების შეტანა?
- თანამედროვე რეკომენდაციების თანახმად, წლამდე ბავშვისთვის საუკეთესო და უალტერნატივო საკვები დედის რძეა. მაგრამ დგება მომენტი, როცა მას სჭირდება დამატებითი საკვების მიცემა.
ბავშვის საკვებ რაციონში დამატებითი კვების შეტანასთან დაკავშირებით უამრავი კვლევაა ჩატარებული და განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ბავშვისთვის შესაბამისი კვების შერჩევა პედიატრთან ერთად იგეგმება, თუმცა არსებობს ზოგადი რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ყველა დედამ.
ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებთან დამატებითი საკვების მიცემა 6 თვის ასაკიდან უნდა დავიწყოთ, შერეულ და ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებთან კი 4-5 თვის ასაკიდან.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამატებითი საკვები წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მარცვლეულის ფაფებია, ვინაიდან, 5-6 თვის შემდეგ მხოლოდ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი ვეღარ აკმაყოფილებს ბავშვის გაზრდილი მოთხოვნილებების საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე.
თავდაპირველად, ბავშვს უნდა მივცეთ ერთკომპონენტიანი, უგლუტენო ფაფები, რადგან გლუტენის ცილის გადამამუშავებელი ფერმენტი ამ ასაკისთვის ჯერ არ არის ფორმირებული. გლუტენს არ შეიცავს წიწიბურას, სიმინდისა და ბრინჯის ფაფა. გლუტენის შემცველი მარცვლეული კი, როგორიცაა ქერი, ხორბალი, შვრია, ჭვავი, ფეტვი უმჯობესია ცოტა მოგვიანებით მივცეთ.
- რამდენად რეკომენდებულია წლამდე ასაკის ბავშვისთვის სახლის პირობებში დამზადებული ფაფა?
- ხშირად მეკითხებიან მშობლები, ვიყიდოთ თუ სახლში დავამზადო ფაფა. მე ყოველთვის ვურჩევ, რომ წლამდე ასაკის ბავშვს სახლში დამზადებულ ფაფას ნუ მისცემენ. ქარხნული წესით მომზადებული ფაფის შემთხვევაში ზუსტად ვიცით, რომ ჰიგიენის ნორმები დაცულია და საკვები ნივთიერებები, ვიტამინები და მინერალები იმ რაოდენობით შედის, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.
- რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა ფაფის შერჩევის შემდეგ?
- ფაფის შერჩევის შემდეგ, შეამოწმეთ კოლოფზე დატანილი შენახვის ვადები. ასევე, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ ფოლგის მთლიანობა, რომელშიც საკვებია მოთავსებული, არ იყოს დარღვეული. ფაფის გამოყენების შემდეგ, ფოლგას თავი კარგად მოუკარით, ან შეინახეთ კონტეინერში, რომ არ მოხდეს პროდუქტის დაბინძურება. აკრძალულია საკვების მაცივარში შენახვა.
- უნდა შეიცავდეს თუ არა ფაფა შაქარსა და მარილს?
- სასურველია, პროდუქტი არ შეიცავდეს დიდი რაოდენობით შაქარს (საქაროზას). მშობლებს შეუძლიათ შეარჩიონ ფაფა საქაროზას მინიმალური შემცველობის მიხედვით. რაც შეეხება მარილს, უმჯობესია თავდაპირველად უმარილო საკვების მიცემა.
წაიკითხეთ ასევე: ჩვილის დამატებითი საკვების ცხრილი
- ბოლო პერიოდში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი პალმისა და რაფსის ზეთთან დაკავშირებით. რეალურად, რა საფრთხეების შემცველია ეს პროდუქტები?
- აღსანიშნავია, რომ პალმის ზეთის რამდენიმე სახეობა არსებობს: წითელი, რაფინირებული და ტექნიკური. წითელი და რაფინირებული პალმის ზეთი ბევრი დადებითი თვისებით ხასიათდება, თუმცა მისი წარმოება და გადამუშავება ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ, მწარმოებლები ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით იყენებენ ჩვეულებრივ პალმის ზეთს. აღნიშნული პალმის ზეთი შეიცავს ტრიგლიცერინებს, პალმიტინის მჟავას ანუ ე.წ. "ცუდ პალმიტატს", ტოკოფეროლს, ლინოლენის მჟავას და ოლეინის მჟავას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ლინოლენის მჟავის შემცველობა განსაზღვრავს ზეთის ხარისხს. მაღალი ხარისხის ზეთში ლინოლენის მჟავის შემცველობა 71-75%-ია. 5%-ზე ნაკლები რაოდენობის შემთხვევაში კი საერთოდ არ უნდა იყოს გამოყენებული კვებაში. გარდა ამისა, პალმის ზეთი შეიცავს ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს. პალმის ზეთში მათი ზეჟანგური რიცხვი, რომელიც საკვებისთვის გამოიყენება არ უნდა აღემატებოდეს 2-ს. ასეთ შემთხვევაში იგი უსაფრთხოა, ხოლო თუ ზეჟანგური რიცხვი პალმის ზეთში აღემატება 10-ს - უკვე საფრთხის შემცველია და ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების, წიდების და შლაკების სახით ნაწლავში დაგროვებას. ასეთ შემთხვევაში ის ძალიან საშიშია, წარმოადგენს კანცეროგენს და შესაძლოა ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას.
- სამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე არსებული ბავშვთა კვების უმეტესობა შეიცავს პალმის ან რაფსის ზეთს. პალმის და რაფსის ცხიმი არ შეიცავს იმ მნიშვნელოვან კომპონენტებს, რომლებიც საჭიროა ბავშვის ნერვული სისტემის განვითარებისთვის და ნივთიერებათა ცვლის ჩამოყალიბებისთვის. სანაცვლოდ კი იწვევს შეკრულობას და ორგანიზმიდან კალციუმის გამოდევნას.
- პალმის ზეთის ჯანსაღი ალტენატივაა რძის ცხიმი, ე.წ. "კარგი პალმიტატი", რომელიც წარმოადგენს ძვირად ღირებულ ნატურალურ კომპონენტს. ის არის ენერგიის წყარო, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და კალციუმის შეწოვას, ხელს უწყობს ბავშვის ინტელექტის განვითარებას, შეიცავს ყველა იმ საჭირო კომპონენტს, რომელიც აუცილებელია ჩვილი ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის.
სათანადო დაკვირვების შემთხვევაში, შესაძლებელია ისეთი მწარმოებლის პოვნაც, რომლის პროდუქციაც მხოლოდ ნატურალურ რძის ცხიმზეა დამზადებული.
- რას გვეტყვით გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობაზე ბავშვთა კვებაში?
- ბავშვის საკვები არ უნდა შეიცავდეს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს. კოლოფზე უნდა იყოს მითითებული, რომ მთლიანად პროდუქტი არ შეიცავს გმო-ს და არა მხოლოდ მისი რომელიმე ცალკეული კომპონენტი. აღნიშნული წარწერა უნდა იყოს დატანილი კოლოფზე და არა ზემოდან დაწებებულ ეტიკეტზე.
ბოლოს გავმეორდები და შეჯამების სახით გეტყვით, ფაფის შერჩევისას ყურადრებით გაეცანით მასზე დატანილ ინფორმაციას, შემადგენლობას, აუცილებლად შეამოწმეთ კოლოფის მთლიანობა, ყურადღება მიაქციეთ ვადებს, სასურველია ფაფაში შაქარის (საქაროზას) რაოდენობა მინიმალური იყოს. მარცვლეულის ფაფა თქვენს პედიატრთან ერთად შეარჩიეთ. "არ შეიცავს გმო-ს, პალმისა და რაფსის ზეთს" უნდა ეწეროს კოლოფზე და არა კოლოფზე დაკრულ სტიკერზე.