ცნობილების სიძე-სიდედრიანი სიძე-სიდედრის თემა ქართველების დიდი ნაწილისთვის კარგი სახუმაროა, უამრავი ანეკდოტიც არსებობს ამის შესახებ, რომელთა მოყოლასაც ჩვენი რესპონდენტები საჯაროდ არ ერიდებიან. გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, საკუთარ სიდედრებთან რეალურად როგორი ურთიერთობა აქვთ ბესო ბერულაშვილს, დათო როსტომაშვილსა და ლევან სუხიტაშვილს. ეს უკანასკნელი ამ მხრივ საკმაოდ "მდიდარია" - ერთი "მოქმედი" და ორი "ყოფილი" სიდედრი ჰყავს.
ბესო ბერულაშვილი: "ჩემი სურათი რომ ნახა პირველად, შეიძლება, კომაში ჩავარდა..."
- ჩემი სიდედრი კარგი ქალბატონია, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. დედის ტოლა ქალია და სხვანაირი პატივისცემა მაქვს, მოკრძალებით ვარ მის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ კახელი ვარ, მიყვარს მათთან ურთიერთობა.
- კახელობა რა შუაშია?
- კახელი და სიდედრი ცოტა მწყრალად არის, ხომ იცი?
- გახსოვთ თქვენი პირველი შეხვედრა, როგორ გაიცანით თქვენი მომავალი სიდედრი?
- ჩემი სურათი რომ ნახა პირველად, შეიძლება, კომაში ჩავარდა და მოასულიერეს, აბა, რა ჭკუაზე დადგებოდა, 135 კილო ვარ. თან როგორც ჩანს, იმ მომენტში ნახა, ინდურ ცეკვაში რომ გავგორდი და გამოვგორდი და მერე სასწრაფოც დასჭირდა... მაგრამ უკვე გადავლილი ჰქონდა ელდა და ჩვეულებრივად ჩაიარა შეხვედრამ. სხვათა შორის, ამას წინათ კურიოზი გადაგვხდა ანეკდოტთან დაკავშირებით: კახელი კვდება და ცოლს ეუბნება, შენ მარცხნივ დადექი და დედაშენი კიდევ მარჯვნივო. რატოო? - ეკითხება ცოლი. ქრისტესავით მინდა მოვკვდე, ორ ავაზაკს შორისო. ეს ანეკდოტი მოვყევი ჩემს სიდედრთან და არ მოეწონა, შეიცხადა, მე და მაია ავაზაკები ვართო?! ის კი არ თქვა, შვილო, რატომ კვდები ახალგაზრდა ბიჭი ხარ, რა დროს სიკვდილიაო (იცინის).
- ესე იგი, სიდედრებზე ხუმრობა სწყინს...
- არა მგონია, მოხევეები პირდაპირი ხალხია, დედა მეც მოხევე მყავდა. რომ სწყინდეს, მეტყოდა, არ მოერიდებოდა. მაქსიმალურად ვცდილობ, კორექტული ვიყო. კარგი ქალბატონია, ამბობენ, მაგარ ხინკალს აკეთებსო, მაგრამ მე ვერ გავსინჯე... ეტყობა ქალაქიდან რომ ვარ გასული, მაშინ აკეთებს ხოლმე (იცინის). სიდედრებზე ხუმრობა მოგონილია, რა თქმა უნდა. პატივი უნად ვცეთ, აბა სხვანაირად როგორ შეიძლება, როცა ჩვენი საყვარელი ადამიანი გაზარდა და გამოგვატანა, დანარჩენს კი ჩვენ უდა მივხედოთ.
- ოჯახის შექმნის შემდეგ ცოლის თუ ქმრის მშობლებთან მიმართვის ფორმაზე ბევრს ფიქრობენ... თქვენ როგორ მიმართავთ თქვენს სიდედრს?
- მე თვითონ სიმამრი ვარ და არ მიყვარს ოფიციალურობა, ბავშვებიც გაფრთხილებული მყავს, ბიძია არავინ დამიძახოს, ბესო ვარ და ასე მომმართონ-მეთქი. მეც ასე ვარ, სახელით მივმართავ ჩემს სიდედრს, თორემ ზრდილობა და კულტურა კახელებს რომ გავქვს, ეგეთი უნდა. მაგრამ, სიმამრი უფრო უყვართ კახელებს, ვიდრე სიდედრი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ სიძის ნათქვამია, ვინც მე მიყვარდა, გამომატანა და ვინც არ მიყვარს, თავისთვის დაიტოვაო.
ლევან სუხიტაშვილი: "სიდედრმა პირველად მთვრალი მნახა"
- ქართველებს ლეგენდები გვიყვარს და სიძე-სიდედრის ურთიერთობაც მორიგი ლეგენდაა, ისევე როგორც რძალ-დედამთილის, ეტყობა კარგი სახუმარო თემაა და მოზღვავებულ იუმორს ამაში ვიკლავთ. ზოგჯერ მეც მიცინია სიდედრებთან დაკავშირებულ ხუმრობაზე, მაგრამ ზოგჯერ, გაუჟრჟოლებია, ისეთი რამ უთქვამთ. პირადად მე, ძალიან იშვიათად მიხუმრია, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ხუმრობა მართლა სასაცილო ყოფილა, თუმცაღა ეგეთ ხუმრობებს უპირატესობას არ ვანიჭებ, გაცვეთილი ხუმრობების მიმდევარი და მოყვარული არ ვარ.
- გახსოვთ, როგორ გაიცანით თქვენი სიდედრი?
- ჩვენი პირველი შეხვედრის დროს ძალიან მაგარი მთვრალი ვიყავი, პატრონს ვერ ვცნობდი, მათთან რომ ავედი, "დაჟე" როგორც მახსოვს, ტუალეტში გულიც ამერია... თავიდანვე მოვაგვარე რა, გავაცანი საკუთარი თავი, რომ მერე სიურპრიზები არ გვქონოდა ურთიერთობაში... კომპლექსების მოხსნა თავიდანავე ჯობია.
- დღეს როგორი ურთიერთობა გაქვს მასთან?
- კარგი. ურთიერთობის მხრივაც კარგად მაქვს საქმე, ქართველი ხომ ცუდად უნდა იყოს სიდედრთან? მე არ ვარ ასე და ტეხავს?
- ყოფილ სიდედრებზე რა შეგიძლია გვითხრა?
- მე ყველასთან მაქვს ნორმალური ურთიერთობა, არც ცუდი და არც ზედმეტად კარგი, ჩვეულებრივად ვართ. ან როგორ უნდა ვიყო ცუდად, როცა ჩემი ყოფილი სიდედრი ჩემს შვილს ზრდის.
- რაც შეეხება მიმართვის ფორმას.
- ჩვენს ოჯახში დედამთილებისა და სიდედრების მიმართვის ფორმასთან დაკავშირებით ცინიკური დამოკიდებულბა იყო... მარტივად, სახელით მივმართავ, აბა, სხვა რა უნდა დავუძახო? მაქსიმუმ "დეიდა" მივუმატო.
- გქონია დაძაბული სიტუაცია რომელიმე სიდედრთან?
- არა, არასოდეს. ეს ეტყობა ჩემი ბრალია, მოშვებული ვარ, ფორმაში ჩადგომა მესაჭიროება აშკარად (იცინის).
დათო როსტომაშვილი: "ზოგს ისეთი სიდედრი ჰყავს, ცხოვრებას უმწარებს სიძესაც და თავის შვილსაც"
- ჩემს სიდედრ-სიმამრს ბავშვობიდან, სანამ მათი შვილი ჩემი ცოლი გახდებოდა, მანამდე ვიცდნობი და კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან. ლეგენდები რომ დადის, ეს მოგონილია. ნერვების მომწამვლელი შეიძლება სრულიად გარეშე ადამიანი იყოს და იმან შეგიქმნას პრობლემა. ადამიანი თუ მატრაკვეცა არაა და თავისი შვილის ცხოვრებაში ზედმეტად არ ერევა, არავის გაღიზიანებას არ გამოიწვევს.
- ანეკდოტები, ხუმრობები ხშირია ამასთან დაკავშირებით...
- უამრავი ანეკდოტია სიდედრზე, მაგრამ ეს იმ ადამიანთა ჯგუფისკენაა მიმართული, ვინც დაამკვირდა ლეგენდები სიძე-სიდედრის ურთიერთობასთან დაკავშირებით... მე როგორ შეიძლება პატივი არ ვცე ადამიანს, რომელმაც ჩემი მეუღლე გაზარდა. ქალი თქვენობით მელაპარაკება, ჩემი ცოლის დედა და ჩემი შვილების ბებიაა და რატომ უნდა ვიყო მის მიმართ ცუდად განწყობილი?! კიდევ ვამბობ, ეს ადამიანზეა დამოკიდებული. ზოგს ისეთი სიდედრი ჰყავს, ცხოვრებას უმწარებს სიძესაც და თავის შვილსაც, მაგრამ ეს ჩვენგან შორს.
- მიმართვით, როგორ მიმართავთ?..
- მამის სახელით მივმართავ გაცნობის დღიდან. შეიძლება თქვან, რომ რუსული გადმონაშთია, მაგრამ ასე ვეძახი, ხანდახან მთვრალი როცა ვარ, შაქარდედათიც მივმართავ (იცინის).
ნია ნინიაშვილი