სად მოხვდა აფხაზეთის ომის შემდეგ ლექსო ჩემია "ჩემი ცოლის დაქალების" ახალმა პერსონაჟმა ენდი ნარსიამ მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია. ენდი ნარსიას გმირს მსახიობი ლექსო ჩემია განასახიერებს. ლექსო მესხეთის დრამატული თეატრის მსახიობია. ჰყავს ცოლი და ერთი ვაჟი.
წარმოშობით სოხუმიდან არის. როგორც თვითონ ყვება, ომის შემდეგ მისი ცხოვრება ჯერ ფოთს დაუკავშირდა, ეს ბოლო პერიოდი კი მესხეთის თეატრშია.
„აფხაზეთის ომის შემდეგ, ქალაქ ფოთში მოვხვდი, გარკვეული პერიოდი იქ ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად. ფაქტობრივად, ფოთის თეატრში გავიზარდე, ამიტომ ამ თეატრის თითოეული მსახიობი ჩემი ოჯახის წევრია. მათთან ერთად და მათ ხელში გავიზარდე, რამაც ჩემი მომავალი განსაზღვრა. თუმცა, ბავშვობაში ვმღეროდი. შალვა ლიპარტელიანი ფოთის თეატრის მსახიობი იყო. ყველა, ვინც ფოთის თეატრის მსახიობია, მისი გაზრდილია. 13 წლის მეც მასთან მოვხვდი. ამ გარემოდან გამომდინარე, ყოველთვის ვიცოდი, რომ მსახიობი ვიქნებოდი. ზუსტად არ მახსოვს პირველად, რომელი სპექტაკლი ვნახე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ახლაც რომ ვფიქრობ, თურმე იმ წლებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა…“