"ძნელია იმის აღწერა, გაგება და დაჯერება, თუ რამდენად რთული ცხოვრება გვქონდა..." ჟურნალ "გზის" არქივიდან (2011 წელი)
მსახიობ თამთა ცინცაძეს ადრეულ წლებში უფრო დრამატული და ლირიკული როლების შემსრულებლად მიიჩნევდნენ, ბოლო დროს, სახასიათო ტიპაჟებიც შექმნა, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია... თამთა ჯაბა იოსელიანის ყოფილი რძალი გახლავთ და ამ ქორწინებიდან ჰყავს შვილი - ჯაბა იოსელიანი-უმცროსი.
- ჩემი მოსწავლეობის პერიოდში სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება მოდური იყო და მეც ექიმობისთვის ვემზადებოდი... მისაღები გამოცდები უკვე მოახლოებული იყო, როცა შევიტყვე, რომ თეატრალურ ინსტიტუტში მიშა თუმანიშვილს ჯგუფი აჰყავდა (რაც 4 წელიწადში ერთხელ ხდებოდა) და იქ ჩაბარების სურვილი გამიჩნდა. შემოქმედებითი ტურები ადვილად გადავლახე და მაღალი ქულებით ჩავირიცხე. გამიმართლა, ექსპერიმენტულ ჯგუფში მოვხვდი, ჩვენი ხელმძღვანელები იყვნენ ბატონი მიშას ასისტენტები - გოგი მარგველაშვილი, ლევან წულაძე, გია კიტია და ირა ჟღენტი... ჩემი ჯგუფელები იყვნენ - დათო დოიაშვილი, დათო საყვარელიძე, ნანუკა ლითანიშვილი, გიორგი ნაკაშიძე, დათო მღებრიშვილი, გიორგი სიხარულიძე.
- რომელ უმაღლეს სასწავლებელში მუშაობთ?
- ილიას უნივერსიტეტში მეტყველებას ვასწავლი და ჩვენს თეატრში რეჟისორის ასისტენტიც ვარ. გამორჩეულ და საინტერესო სტუდენტებს კი პირველივე კურსიდან საშუალება ეძლევათ, სწავლის პარალელურად, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად სცენაზე დადგნენ. ეს კარგი ექსპერიმენტი ოთარ ეგაძემ დანერგა. ჩვენი თეატრის რეპერტუარში 5 სპექტაკლია და აქედან ოთხში ვთამაშობ.
- თქვენს უფროს ვაჟზე - ჯაბა იოსელიანი-უმცროსზე რას გვეტყვით? როგორც ვიცი, ჯაბა თქვენთან არ გაზრდილა...
- მისი პატარაობისას პოლიტიკურად რთული პერიოდი იყო. ვინც იოსელიანების ოჯახს ახლოს იცნობდა, ეს კარგად იცის. ჯაბა იზრდებოდა როგორც მამასთან, ასევე ჩემთანაც, დეიდაჩემსა და ბებიას დიდი ამაგი აქვთ მასზე. თუმცა იყო დაძაბულობა, ხშირ შემთხვევაში, დაცვის საჭიროებაც... ის, რა თქმა უნდა, მამის ოჯახში უფრო უსაფრთხოდ იყო.
ძნელია იმის აღწერა, გაგება და დაჯერება, თუ რამდენად რთული ცხოვრება გვქონდა. ცუდია და განვიცდი, რომ ჯაბას ჩემი ხელი გარკვეულწილად მოაკლდა, მაგრამ ალბათ თითქმის ყველა დანგრეული ოჯახის შვილი ასეა. მარკეტინგის სპეციალისტია, მილანში ბაკალავრიატი წარმატებით დაამთავრა... გონიერი ბიჭია, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობით აღსავსე.
- მსმენია, რომ ლექსებსაც წერს...
- დიახ, ჩვენ ეს გენეტიკურად მოგვდგამს - ჩემი დიდი ბაბუა ლექსებს წერდა; მე და ჩემი მშობლებიც ვწერთ და ამის ნიჭი ჯაბასაც გამოჰყვა. ჯაბა ბავშვობაში კარგად ხატავდა კიდეც, კერამიკულ ნამუშევრებს აკეთებდა, ცხოვრებაში ბევრი გატაცება აქვს და ყველაფერი კარგად გამოსდის. სხვათა შორის, ჯაბას მეორე ბაბუა - ალეკო ცინცაძე, ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის დამაარსებელი, პროფესორი, მათემატიკოსია და ახლახან ენათმეცნიერებაში აღმოჩენა გააკეთა, რომელიც ალბათ შეცვლის ქართული ანბანის შექმნის თარიღს... განაგრძეთ კითხვა