"რა გინდათ ამ ბავშვებისგან? ამდენი წელი რომ აშინებდით ბავშვებს – გახვალ ეროვნულ გამოცდებზე და მერე მე გავიცინებო!! იცინეთ ახლა" უნარებში ეროვნული გამოცდის შემდეგ მეგობარს დავურეკე. აბიტურიენტი შვილი ჰყავს, ბავშვის ამბავი მაინტერესებდა. გაღიზიანებული შემხვდა. მგონი ვერაფერიც ვერ დაწერა ამ უტვინომ. დაბნეულა, იქ რომ შესულა და გამოვიდა ყურებჩამოყრილიო. არ ველოდი ასეთ პასუხს. გამიკვირდა. იმედია, ბავშვს არ ესმის ჩვენი საუბარი-მეთქი. როგორ არ ესმის, აქ ზის, შენ თვითონ დაელაპარაკეო – მიუგდო შვილს ტელეფონი. ბავშვმა დალაგებულად ჩამოაყალიბა რაც დაწერა. მასწავლებელსაც ვესაუბრე და ვვარაუდობთ, რომ ცუდი შედეგი არ მექნებაო. დედა რატომ ღელავს-მეთქი. რავიცი, დილიდან ქოთქოთებს, რომ ვერ ჩააბარო, რა უნდა გიყო, არ ვიციო!!
რა გინდათ ამ ბავშვებისგან?
გიკვირთ რატომ არის გამოცდა სტრესი? რატომ გამოდიან ბავშვები გამოცდიდან განერვიულებულები, ძალაგამოცლილები, უხასიათოდ?
წლების განმავლობაში სახლში თუ სკოლაში, ყოველი “დაჯექი იმეცადინე”-ს, ყოველი არ ნასწავლი მასალის, ყოველი გაცდენილი გაკვეთილის შემდეგ რომ ეროვნული გამოცდებით აშინებენ და ემუქრებიან ბავშვებს, ამ მართლაც მნიშვნელოვან ეტაპს რომ ბედნიერები ვერ შეხვდებიან, გასაკვირია ეს?
ბავშვობიდან დიდობაში გადასასვლელ საცალფეხო ხიდზე რომ გადადის მოსწავლე, თანადგომა უფრო სჭირდება თუ ნიშნისმოგება?! ცალკე მასწავლებელი ეტყვის, ხომ გეუბნებოდი – შემოდგომაზე ითვლიან წიწილებსო; ცალკე დედა იმუქრება – ერთი შედეგები გავიგო, მერე ნახავ შენო. გავა მერე ეს ბავშვი გამოცდაზე, ისე გავა რომ არავის სჯერა მისი, არავინ ენდობა, არავის აქვს მისი იმედი. გავა და ან საწერკალამი აუფეთქდება სიცხეში და ან ფეხები დაუსველდება წვიმაში – ეგეთ ქალაქში ცხოვრობს, სადაც უფროსებმა სანიაღვრე სისტემები ვერ გააკეთეს და კალმებშიც ფულს ზოგავენ. მაინც მოახერხებს, დაწერს რაღაცას და უფროსები, რომლებსაც ვერც ხარისხიანი პასტები უყიდიათ და ვერც ქალაქი მოუწესრიგებიათ, იმაზე ედავებიან – რატომ მხრებში გამართული, ომახიანად არ გამოდიხარ გამოცდიდან, რატომ ხარ დაბნეული და ძალა გამოცლილი, გულს რად მიხეთქავო.
აბიტურიენტები დაძაბული ფსიქიკით შედიან გამოცდებზე, თითქოს ამაზე უარესი აღარაფერი მოხდება მათ ცხოვრებაში. ბოლოს და ბოლოს, რა არის სანერვიულო – ზის და წერს. თუ რამე იცის – დაწერს თავისთვის, წყნარად და მშვიდად. არც სათვალის ზემოდან გადახედავს გამომცდელი, ვერც ძალით ჩაჭრას დაუპირებენ. რაც ისწავლა ჩააბარებს და გამოვა. რა არის აქ გულის გასახეთქი?! ან ქოლგით ხელში გარეთ ლოდინი რად უნდა?
– რომ ვერ ჩააბაროს? შესაძლოა, ეროვნული გამოცდები მართლაც ცხოვრების დიდი გზაჯვარედინია, მაგრამ ამით არც იწყება და არც მთავრდება ცხოვრება. სხვა უამრავი საშუალება არსებობს განათლების მისაღებად.
ახლა ნერვიულობას აზრი აღარ აქვს.
ნერვიულობა იქამდე სჯობდა, იმ 12 წლის განმავლობაში. როცა არ სწავლობდა ან არ ასწავლიდნენ ან არ გიჯერებდათ ან არ გეცალათ! და კიდევ ბევრი ან, მაგრამ მაინც ჩუმად იყავით, რომ ნერვები არ მოგშლოდათ.
ახლა ჩახუტების და პოზიტიური ემოციების გაცვლა-გამოცვლის დროა. ის დრო, ამდენი წელი რომ აშინებდით ბავშვებს – გახვალ ეროვნულ გამოცდებზე და მერე მე გავიცინებო!!
იცინეთ ახლა... რა განერვიულებთ?!