"კინაღამ დამიჭირეს... რეალურად კანონი დავარღვიე...“ მომღერალმა ნინო ძოწენიძემ ერთი დაუვიწყარი კვირა საბერძნეთში მეგობრებთან ერთად გაატარა. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი დღეების მანძილზე კუნძულ კრეტას დასათვალიერებლად დადიოდენენ, რეალურად დასვენება ვერ მოასწრო, მაგრამ იქიდან შთაბეჭდილებებით და ისტორიებით სავსე დაბრუნდა. ნინოს ბერძნული არდადგების შესახებ ვესაუბრეთ.
- ძალიან კარგად დავისვენე, საოცარ ადგილას ვიყავი. ექსპრომტად გადავწყვიტეთ დასვენება გოგოებმა, უფრო სწორად, მათ გადაწყვეტილებას შევუერთდი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
- რატომ შეარჩიეთ საბერძნეთი?
- ჩემს ერთ-ერთ მეგობარს თითქმის მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი, მაგრამ საბერძნეთში არ იყო ნამყოფი, ამიტომ გადაწყვიტა იქ წასვლა, მერე მეც შემომთავაზა და დავთანხმდი. კუნძულ კრეტაზე ვიყავით სანტორინიში, საოცარი ადგილი იყო... მთელი დღეების განმავლობაში დავდიოდით, ფაქტობრივად სასტუმროში არ გავჩერებულვართ... ჩემს გოგოებს ნომერში ვერ გააჩერებ, სულ დადიან, მეც კი, რომელსაც ძილი ძალიან მიყვარს, დილის 6 ის ნახევარზე უკვე ფეხზე ვიყავი ხოლმე და ეს რეჟიმი ისე გამომიმუშავდა, რომ მერე და მერე ძალიან მარტივად ვდგებოდი. ჩემი თავის მიკვირდა, სულ ფეხით დავდიოდით და თითქმის მთელი კუნძული მოვიარეთ, არანორმალურ სილამაზეში ვიყავით. გარდა ამისა, ხალხმა მოახდინა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება, ყველა გიღიმის, ბედნიერია, კომპლიმენტს გეუბნება, გიღებს ლაღად და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ძალიან სასაცილო ამბავი გადამხდა თავს და პირველად შენ გეუბნები: საბერძნეთში მიჭერდნენ (იცინის). სანტორინიში დავინახე ულამაზესი ადგილი და გადავწყვიტე იქ სურათის გადაღება, ლენტით გადაკეტილი იყო შესასვლელი, მაგრამ მე მაინც შევედი... რეალურად კანონი დავარღვიე, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ ამხელა ამბავი მოჰყვებოდა. მაგალითად, ჩვენთან მსგავს ქმედებაზე არავინ არაფერს გეტყვის, ან მინიმუმ საყვედურით შემოიფარგლებიან. იქ კი გამოვარდა ცოლ-ქმარი, რომ დამინახეს მათ ტერიტორიაზე ვიყავი, კარები გადამიკეტეს და მითხრეს, პოლიციას ვიძახებთო, ვეხვეწე, მაპატიე, არ ვიცოდი, რომ ეს პირადი საკუთრება იყო და შემოსვლა არ შეიძლებოდა-მეთქი, მაგრამ უარზე იყო. მოკლედ, ერთი 15 წუთი ამ ამბავში ვიყავით და უცებ მეკითხება, საიდან ხარო, ვუთხარი, საქართველოდან-თქო და რაღაცნაირად შვებით ამოისუნთქა, გადარჩი, რომ ქრისტიანი ხარ, თორემ თურქი ან არაბი რომ ყოფილიყავი, აუცილებლად გამოვიძახებდი პოლიციასო (იცინის).
განსაკუთრებული არაფერი ადგილი არ იყო, უბრალოდ ამ ადამიანებს ეკუთვნოდათ. ეზოში ჰქონდა კაფე გაკეთებული და იქვე იდგა სახლიც, ძალიან ლამაზი იყო და ამიტომ მოვინდომე ფოტოების გადაღება, მაგრამ კინაღამ დამიჭირეს. სხვათა შორის, იქ მარტო კი არ მიჭერდენენ, სამსახურიც შემომთავაზეს, ისეთ სიტუაციაში ჩავვარდი, რომ ვიმღერე, აღფრთოვანდნენ, გავიცანი თამთა გოდუაძის მეგობარი მუსიკოსი, რომელმაც სამუშაოდ დარჩენა შემომთავაზა, მაგრამ ამჯერად ნამდვილად ვერ დავრჩებოდი. მომავლ წელს შესაძლებელია სამი თვით ჩამოვიდე-თქო ვუთხარი, მით უმეტეს, რომ საკმაოდ კარგი ჰონორარი შემომთავაზეს.
- იმ პერიოდში, როცა საბერძნეთში იყავი, ბავშვი სად იყო ან ვისთან?
- სანდრო დასავლეთში იყო, მე რომ წავედი, თბილისში ჩამოვიდა და ეს ერთი კვირა მამასთან გაატარა, სანდრო დიდია უკვე, თან ძალიან დამოუკიდებელია. გიგა არაჩვეულრბივი მამაა, ყურადღებიანი, საოცარ საჭმელსაც კი აკეთებს, ბავშვს მშიერს ნამდვილად არ დატოვებს, პირიქით, შეუძლია გემრიელობები მოამზადოს, ზოგჯერ ჩემზე უკეთესადაც კი (იცინის), ამიტომ ასეთი გასვლები მათი დატოვების მხრივ პრობლემას არ მიქმნის.
- როგორც ვიცი, გიგა უპრობლემოა მსგავს საკითხებში, ვგულისხმობ იმას, რომ შენთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს ქმარ-შვილის დატოვება და მეგობრებთან ერთად განსატვირთად წასვლა. ბევრი კაცისთვის ეს პრობლემაა...
- ჩემი და გიგას ურთიერთობა მეგობრობიდან დაიწყო, გვყავს საერთო მეგობრები და მან კარგად იცის, რომ ჩემი ცხოვრება მათ გარეშე წარმოუდგენელია, შესაბამისად მსგავს თემებზე არათუ გართულება, ჩემთვის საუბარიც კი უხერხულია. გიგამ პირიქით სტიმული მომცა, წადი, დაისვენეო. თავიდან, ვერ ვწყვეტდი წასვლას, ვმუშაობ, ვმღერი ყოველ საღამოს და იქაც რომ ვთქვი, წასვლა მინდა-მეთქი, რაღაცნაირად ერთი კვირა შეგელევითო, მითხრეს და გამიშვეს. მერე გიგას ვუთხარი და მხარი დამიჭირა. ჩვენთვის ეს პრობლემა არ არის და ვფიქრობ, არც არავისთან არ უნდა იყოს, რადგან არავინ არავისი საკუთრება არ არის.
- ბოლოს ისიც გვითხარი, ზაფხულის მეორე ნახევრის გატარებას როგორ აპირებ, გაქვს რამე დაგეგმილი აგვისტოში?
- ივლისის თვეს თბილისში გავატრებ, იმიტომ, რომ ვმუშაობ, ვმღერი, 15 აგვისტოდან ალბათ ბავშვთან და გიგასთან ერთად გავალ სადმე, ჯერ დაგეგმილი არ მაქვს.
ციცი ომანიძე