ნანა ნებიერიძის რჩევები მათ, ვისაც ცურვის შესწავლა სურს ცურვა არის სპორტის სახეობა, რომელსაც უარყოფითი მხარე არ აქვს. სასარგებლოა არა მარტო სხეულის განვითარებისათვის, არამედ ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტისთვის და რაც ადრე მივიყვანთ ბავშვს სპორტის ამ სახეობაზე, უკეთესია. ეს ბევრმა მშობელმა იცის და ამიტომაა, რომ ცურვაზე ბავშვის ტარება მოდურიც კი გახდა, რაც კარგი ტენდეტნციაა. ამ საკითზე სასუბროდ, რჩევებისა და გამოცდილების გასაზიარებლად, ცნობილ მოცურავეს, ჩემპიონს და ცნობილ სახეს ნანა ნებიერიძეს დავუკავშირდით.
- დაახლოებით რა ასაკიდან ჯობია ბავშვის ცურვაზე მიყვანა?
- ეს ინდივიდუალურია. არიან რთული ბავშვები, მაგრამ ასევე არსებობენ ბავშვები, რომლებიც მალე ითვისებენ ყველაფერს. ნებისმიერ შემთხვევაში ჯობია, ბავშვი შეჩვეული იყოს წყალთან კონტაქტს, წყლის შიში სწორედ ბავშვობიდან მოდის, ამიტომ რაც ადრე მიიყვანთ ბავშვს სპორტის ამ სახეობაზე, უკეთესია. ჩემი აზრით, 3 წლიდან ბავშვის ცურვაზე მიყვანა ძალიან კარგია. ამ პერიოდში სკოლაში არ დადის, დატვირთული არაა და ეს გასართობია მისთვის. ცურვა კარგია ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტისთვის. მე ძალიან სუსტი ბავშვი ვიყავი, სამი წლის რომ გავხდი, ორმხრივი ფილტვების ანთება დამემართა. როგორც კი დავიწყე სპორტზე - წყალში ხტომაზე სიარული და წყალთან დავამყარე კონტაქტი, გამომიმუშავდა ისეთი იმუნიტეტი, რომ დღემდე გაციება სერიოზულ ფაზაში არ გადამდის, უბრალოდ ვცივდები, ესაა და ეს, თორემ გართულებები არ მოჰყვება. ცურვა ძალიან სასარგებლო, საჭირო და აუცილებელია.
- პრობლემური ბავშვები როგორ მივაჩვიოთ წყალთან ურთიერთობას?
- მშობელმა ბავშვი უნდა მიიყვანოს ცურვაზე და დანარჩენი დამოკიდებულია მწვრთნელზე, მან უნდა შეაყვაროს ეს სპორტი თავისი სწორი მიდგომით.
- თქვენს შვილს თავად ასწავლეთ ცურვა?
- კი, თუმცა ორი წელი ლაგუნა ვერეზე დადიოდა.
- ხშირად ამბობენ, მოცურავეებს მამაკაცური მკლავები და მხრები უვითარდებათო...
- ხშირად მესმის, ქალები ამბობენ, ცხოვრებაში არ გვივარჯიშია და ასეთი ლამაზები ვართო, მაგრამ ამას ვერ ვხვდები. პირადად მე, დღემდე ვვარჯიშობ, ვცურავ და ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ბავშვობიდან, მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ და მომწონს ჯანმრთელი, ლამაზი სხეული. რაც შეეხება მკლავებსა და მხრებს, როგორც მძლეოსანს უნდა ჰქონდეს ძლიერი ფეხები, ასევე მოცურავეს უნდა ჰქონდეს ძლიერი მკლავი.
- გარდა ლამაზი სხეულისა და იმუნიტეტისა, კიდევ რა დადებითი აქვს ცურვას?
- როდესაც მიდიხართ სადმე დასასვენებლად, ხტებით ლამაზად აუზში, ეს ხომ კიდევ უფრო გმატებთ თავდაჯერებულობას? ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია, განსაკუთრებით გოგონებისთვის. არ არის აუცილებელი, ოლიმპიური ჩემპიონი იყო, ყველაფერს უნდა ფლობდე ცოტათი, მაგრამ კარგად.
- ვისაც წყლის ეშინია, იმათ რას ეტყვით?
- სამწუხაროდ, ხშირად ვაწყდებით ამ პრობლემას, რაც ფსიქოლოგების მოსაგვარებელია პირველ რიგში. უნდა გადალახონ შიში და შემდეგ იარონ ცურვაზე.
- ვინაიდან ასე გიყვართ წყალი, გაქვთ მასთან განსაკუთრებული "კონტაქტი"?
- კი, კი, ასეა ზუსტად. მე და წყალს სულ სხვა ურთიერთობა გვაქვს, რომ ვხედავ, მაკანკალებს. ფეხმძიმედ რომ ვიყავი ნინაზე, ბოლო დღემდე დავდიოდი და ვცურავდი. ორსულობისთვისაც კარგია ცურვა, არ იცით, ეს რა გრძნობაა! ვყინთავდი, იმიტომ, რომ ზამთარი იყო და ციოდა, მაგრამ არაჩვეულებრივი გრძნობა მქონდა, კოსმოსში ვიყავი, ეს შეუდარებელი იყო.
- უარყოფითი აქვს რამე ცურვას?
- არა, არაფერი. წყალი არაფრით არ შეიძლება იყოს უარყოფითი. ექიმები ყოველთვის ურჩევენ პაციენტებს, ცურვაზე იარონ, რადგან ეს უმარავი რაღაცისთვისაა სასარგებლო.
- იყო შემთხვევა, როცა ბავშვს, მეტყველების პრობლმების გამოც კი ცურვა დაუნიშნეს, რაც სწორ სუნთქვას უწყობს ხელს...
- დიახ, ასეა. ცურვის დროს მუშაობს არა მარტო ყველა კუნთი, არამედ ყველა უჯრედი.
- ანუ, ესაა სპორტის სახეობა, რომელსაც ნეგატიური არაფერი აქვს...
- როგორც მონეტას, მასაც აქვს ორი მხარე. ჯანმრთელობისთვის ცურვა კარგია, მაგრამ პროფესიონალურად ამის დაუფლება დიდ შრომას მოითხოვს, სწორედ ამის გამო, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ბავშვობა არ მქონდა, რადგან სულ ვშრომობდი, სულ წასული ვიყავი და სულ დაკავებული გახლდით. გარდა ამისა, პროფესიონალი სპორტსმენები ამ მხრივ, ძალიან მალე ამთავრებენ კარიერას, ისევე როგორც ბალერინები. ერთ დღეს აღარ გაქვს საქმე და ხვდები, რომ დამთავრდა ყველაფერი.
- თუმცა ალბათ ის წარმატებები და მიღწევები მოსაგონრად კარგია.
- კი, ეს უკვე ისტორიაა. რომ მეუბნებიან, ოლიმპიურ კომიტეტში შენი სურათია ჩამოკიდებულიო, გული მისკდება, მე და უკვე მუზეუმში?! (იცინის) ჯერ ცოცხალი ვარ, მაგრამ უკვე ისტორიაა ჩემი საქმიანობა.
ციცი ომანიძე