28 ივლისს 7 წელი გავიდა, რაც იუმორისტი მზია კვირიკაშვილი აღარ არის... ის საქართველოში ერთადერთია, ვისაც ქართველებმა "სიცილის დედოფლის" წოდება მიანიჭეს... 28 ივლისს 7 წელი გავიდა, რაც იუმორისტი მზია კვირიკაშვილი აღარ არის... ის საქართველოში ერთადერთია, ვისაც ქართველებმა "სიცილის დედოფლის" წოდება მიანიჭეს...
სიცოცხლით სავსე, ნიჭიერი, მხიარული და ენაკვიმატი ქალბატონი, მართალია ქართველი იუმორისტების რიგს უდროოდ გამოაკლდა, თუმცა მისი დავიწყება შეუძლებელია...
AMBEBI.GE-სთან ქალბატონ მზიას მისი და, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, ვიოლა კვირიკაშვილი იხსენებს:
- ბავშვობიდან ძალიან განსხვავებულები ვიყავით. მზია თავიდანვე სცენისკენ იყო მიდრეკილი, სცენური გახლდათ. მე სცენისკენ არანაირი ლტოლვა არ მქონდა, ვიჯექი და ვხატავდი. მგონი, ჩვენზეა ნათქვამი - "ერთი ხიდან ბარიც გამოვა და ნიჩაბიცო". დედა ამბობდა: თქვენი შერწყმა და მერე გაყოფა რომ შეიძლებოდეს, ორი ნორმალური შვილის დედა ვიქნებოდიო... მზია თავიდანვე ძალიან მხიარული იყო, სულ მღეროდა, იცინოდა, ანცობდა და ჩვენგანაც იმავეს მითხოვდა... რადგანაც მამა საოცრად ნიჭიერი იყო, მშვენიერი პლასტიკა და იმიტაციის უნარი ჰქონდა, ეს უნარები მზიას მამისგან გადმოეცა, თუმცა იუმორის გრძნობით და მუსიკალურობით დედის მხარეც გამოირჩეოდა...
ცელქი და ცოცხალი მზია როდესაც სახლში იყო (როგორც პატარაობაში, ისე დიდობისას) კედლებიც კი "იცინოდა"... ტაბურეტის გადმობრუნება უყვარდა, დედის ტანსაცმელს ჩაიცვამდა, მძივების აისხამდა, გამოიპრანჭებოდა და თითქოს სცენაზე იყო... ხანდახან პირდაპირ ტაბურეტზე შეხტებოდა, ან თოკს გააბამდა, მასზე რაღაცას ჩამოაფარებდა და ვიღაცას აცხადებინებდა, - თქვენ წინაშე გამოვა მზია კვირიკაშვილი, მოკლედ, გააჩნია, რას წარმოადგენდა. მღეროდა, საბავშვო ბაღში ნასწავლ ლექსებს ამბობდა... მისი ბავშვობის ოცნება იყო, "მანიკურის დეიდა" გამოსულიყო, მოგვიანებით შეცვალა ოცნება და "ლიფტის დეიდობა" უნდოდა...
- განათლებით ვინ იყო?
- მუსიკალური ტექნიკუმი ჰქონდა დამთავრებული, ქუთაისშიც სწავლობდა და თბილისშიც. დედა კონსერვატორიისთვის ამზადებდა, რადგან კარგი მონაცემები ჰქონდა. რამდენჯერმე კონსერვატორიის პროფესორებმაც მოუსმინეს და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს, მაგრამ დედაჩემისგან მალულად, საესტრადო სასწავლებელში ჩააბარა. იმის გამო, რომ მუსიკალური განათლება მიღებული ჰქონდა, მეორე კურსზე დასვეს. დედამ რომ გაიგო, ცხადია, არ ესიამოვნა... მერე ერთ-ერთმა ლექტორმა, გაიოზ ქართველიშვილმა მას იუმორის გრძნობა შენიშნა. ამ ბავშვს ყურადღება მიაქციეთო, - უთქვამს... მზიამ იმ პერიოდში სახალისო სკეტჩი - "წაღვერი და თბილისი" შექმნა და ეს იყო მისი პირველი ნომერი, რითაც უამრავი ადამიანი მოიხიბლა. მიხვდნენ, რომ მართლაც აღმოჩენა იყო. მერე ის ნომერი ყველგან დაჰქონდა (მასში გაერთიანებული იყო ცეკვა, სიმღერა, პლასტიკა, იუმორი), რამაც სახელი გაუთქვა...
- როგორი და იყო?
- გითხარით, რომ განსხვავებულები ვიყავით. მე მთელი ჩემი შეგნებით, როგორც პედაგოგი, საბოლოოდ ისე ჩამოვყალიბდი, ამიტომ ზაბლონა მასწავლებელს მეძახდა. სულ რაღაცას ვარიგებდი, ვეუბნებოდი, სულ ვკინკლაობდით, ორი სხვადასხვა პოლუსი ვიყავით, თუმცა კარგი დობა გვქონდა. მისი დიტო ნახევრად ჩემი გაზრდილია. მზია თითქმის მუდმივად გასტროლებსა და გადაღებებზე იყო. ამიტომ ბავშვი ჩემთან და დედაჩემთან იზრდებოდა. დიტო მისი ერთადერთი შვილია. განაგრძეთ კითხვა