ცოლმა ახალი ოჯახი შექმნა, თუმცა ყოფილი მეუღლე "თავს არ ანებებდა" ყოფილ ცოლზე შურისძიების მიზეზით კიდევ ერთი მძიმე დანაშაული ოზურგეთში მოხდა, რომლის მკვიდრმა გია დონაძემ ყოფილი მეუღლის ინდირა კოსტავას საცხოვრებელ სახლში სანადირო თოფიდან გასროლით ერთდროულად სამი ადამიანი დაჭრა, - ყოფილი სიდედრი, ყოფილი მეუღლის 5 თვის შვილი მეორე ქორწინებიდან და მათი მეზობელი ქალბატონი.
დანაშაულში ბრალდებულს ინდირა კოსტავასთან სამი შვილი ჰყავს, რომელიც დედასა და მამინაცვალთან ერთად დედის სახლში ცხოვრობენ და რომლებიც დანაშაულის მოწმენი გახდნენ. სამივე დაჭრილი ოზურგეთის კლინიკა "მედალფაში" გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ბრალდებული უკვე დაკავებულია.
ინდირა კოსტავას თქმით, პირველ ქმარს ორი წლის წინ გაშორდა, რის შემდეგაც ახალი ოჯახი შექმნა, თუმცა ყოფილი მეუღლე "თავს არ ანებებდა".
"ორ წელიწადზე მეტია პირველ ქმარს გავშორდი. ოფიციალურად ვართ განქორწინებულები. პირველ ქმართან სამი შვილი მყავს, რომელთა ნახვის უფლება მამას ჰქონდა, მაგრამ ამით არ
კმაყოფილდებოდა... სულ მემუქრებოდა, მლანძღავდა... განქორწინების შემდეგ მეორე ოჯახი შევქმენი, ამ ქორწინებიდან ხუთი თვის ბავშვი მყავს, რომელიც ყოფილი მეუღლის ნასროლმა ტყვიამ კინაღამ მოკლა.
გუშინაც დამირეკა ტელეფონზე, ითხოვდა შეხვედრას და
ისევ დამემუქრა მოკვლით. საუბრის შემდეგ, დაახლოებით ხუთ წუთში მოვიდა ჩემს სახლთან და მანქანიდან ისროლა. გარეთ იყვნენ დედაჩემი, მეზობლის ქალი და ჩემი ხუთი თვის ბავშვი. როგორც კი გააჩერა მანქანა, მაშინვე ისროლა. ბავშვი დღეს უნდა გამოწერონ "მედალფას" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრიდან, მაგრამ არ ვიცი, როგორ იქნება, შეიძლება ქუთაისში გავაგრძელოთ მკურნალობა," - განაცხადა ინდირა კოსტავამ "ინტერპრესნიუსთან". განაგრძეთ კითხვა