მე და ჩემი ქალიშვილი ამ გზას მარტონი ვაგრძელებთ და ჯანისგან არაფერი მინდა "დიდებული საუკუნის" ვარსკვლავ მერიემ უზერლის საქართველოში უკვე ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. მისი ამბავი ბევრმა იცის – გერმანიაში დაბადებული ნახევრად თურქი მსახიობი სპეციალურად ამ თურქული სერიალისთვის ჩაიყვანეს თურქეთში. იქ დიდ პოპულარობასთან ერთად დიდი სიყვარულიც ეწვია. მისი რჩეული ცნობილი თურქი ბიზნესმენი ჯან ატეში იყო, ცოლ-შვილიანი. როდესაც მერიემი დაორსულდა, მიჯნურმა უარი თქვა ბავშვზე და შვილის გადასარჩენად მსახიობმა ქალმა მოულოდნელად პროექტიც მიატოვა და თურქეთიც – გერმანიაში დაბრუნდა, სადაც მშვიდობიანად გააჩინა შვილი. პროექტში მისი შემცვლელის პოვნა მოუწიათ, მერიემის გულშემატკივართა რიცხვი კი ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო გაამრავლა.
დრო გავიდა და მსახიობი უკვე თამამად საუბრობს განვლილ ეტაპზე:
- მე არ მინდოდა ბავშვი. ჰიურემი უნდა მეთამაშა შემდეგ სეზონზე და ჩემს გეგმებში ორსულობა არ შედიოდა. რასაკვირველია, არც ჯანი გეგმავდა ამას. მან პირველმა იეჭვა, რომ ბავშვს ველოდებოდი. მკითხა, რატომ "გასივდიო" და მირჩია, ტესტი გამეკეთებინა. თვალებს არ დავუჯერე, როცა ორი ხაზი დავინახე ტესტზე!.. თუმცა ჯანს ჩემზე უარესი რეაქცია ჰქონდა. ერთხელ, სეირნობის დროს მითხრა: "მე ორი შვილი უკვე მყავს და მეტი აღარ მინდა, ვერ მივიღებ. აბორტი უნდა გაიკეთო". გავჩუმდი... რამდენიმე დღეში ფსიქოლოგთან ვიყავით ერთად. იქ ვაღიარე, რომ არ მინდოდა აბორტი, გული არ მიშვებდა. ჯანი კი ანერვიულდა, მაძალებდა, მერე ბრალი დამდო, რომ თავიდანვე არ ვიყავი გულწრფელი მასთან ურთიერთობისას, ანგარებაში დამადანაშაულა... ვეღარ მოვითმინე და სამუდამოდ დავშორდით ერთმანეთს.
შინ დაბრუნებულ მერიემს მშობლებმაც დაუჭირეს მხარი. გადატანილმა სტრესმა თავისი ქნა - საკმაოდ რთული ორსულობა ჰქონდა, სარეაბილიტაციო კლინიკაშიც იწვა. თუმცა ყველაფერი გადალახა და მშვიდობიანად გააჩინა ქალიშვილი ლარა...
სხვათა შორის, ჯანი იქაც არ შეეშვა და მესიჯი გაუგზავნა. გამოუცხადა ახალბედა დედას, რომ ამ ბავშვს პატივს არ სცემდა და არც არასოდეს აღიარებდა.
"თურქეთში თუ კაცს არ უნდა შვილი, ქალმა არ უნდა გააჩინოს. ჯანი ელოდა, რომ მე დავუჯერებდი... მე და ჩემი ქალიშვილი ვაგრძელებთ ამ გზას მარტონი და ჯანისგან არაფერი მინდა – არც მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში და მით უმეტეს, არც მისი ფული".