ნაწილი პირველი - "როგორ მოვხვდი უმაღლესი განათლებით და პრესტიჟული სპეციალობის მქონე აღმზრდელად კერძო ბაღში და საოცრებები, რაც იქ ვნახე..." ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო ქალბატონი დაგვიკავშირდა, რომელსაც საკმაოდ ბევრი სათქმელი დაუგროვდა და უნდა, ჩვენს მკითხველებს - ქალებს, დედებს, ზოგადად მშობლებს გაანდოს. მისი ისტორია ერთი შეხედვით ძალიან ბანალური და იმავდროულად, მუდამ აქტუალური და საინტერესოა - როგორ წვალებით ასწავლიან მშობლები შვილს, აძლევენ უმაღლეს განათლებას, ის კი დაამთავრებს სწავლას და აღმოაჩენს, რომ ქვეყანაში მისი უმაღლესი განათლება არავის სჭირდება და თუ უნდა, გადარჩეს, პროფესიაზე კი არა, უბრალოდ საარსებო ფულის შოვნაზე უნდა იფიქროს... თუ როგორი ძნელია სამსახურის შოვნა ქალისთვის, რომელსაც შვილები ჰყავს და როგორ უწევს მას ბევრ დათმობაზე, დამცირებაზე წასვლაც კი, საკუთარი ოჯახის ინტერესებისთვის... ის, თუ როგორია სინამდვილეში ქართული კერძო ბაღების კულუარები და რის კეთება უწევთ ქართველ ძიძებს აქ თუ საზღვრებს გარეთ.... ერთი სიტყვით, წინ დიდად საინტერესო და რაც მთავარია, ნამდვილი და გულწრფელად აღწერილი ამბები გელით...
როგორ მოვხვდი უცხო ენების სპეციალისტი აღმზრდელად კერძო ბაღში და სიმწარე, რაც იქ ვნახე...
არასდროს თქვა არასდროს... ამ ბანალურ ფრაზას სერიოზულად არასდროს აღვიქვამდი. ყოველთვის მეცინებოდა და მეგონა, რომ ადამიანი საკუთარი თავის უფალი იყო და თუ თავად არ უნდოდა რამის გაკეთება, ვერც ვერავინ აიძულებდა. ასე მეგონა კარგა ხანს, სანამ.... სანამ დედა არ გავხდი...
სკოლა ფრიადებზე არა, მაგრამ საკმაოდ კარგად დავამთავრე. 90-იანი წლები იყო, ის საშინელი 90-იანები, უამრავი აწყობილი და დალაგებული ოჯახი რომ დაშალა. რა არ გააკეთა მამაჩემმა, რეპეტიტორებთან რომ მევლო, მესწავლა და უმაღლესში ჩამებარებინა. რაც კი რამე გვქონდა ძვირფასი, ყველაფერი გაყიდა, საუკეთესო პედაგოგებთან მომამზადა. მეც ვაცნობიერებდი ჩემზე დაკისრებულ ვალდებულებებს, თავი არ დამიზოგავს, სანთლის შუქზე ვმეცადინეობდი და ჩემთვის საოცნებო და სასურველ ფაკულტეტზეც ჩავირიცხე, თანაც, უფასოზე. მამაჩემის და ნათესავების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ვინც იმ დროს მოესწარით, კარგად გემახსოვრებთ რას ნიშნავდა იმ დროს ჩაწყობის გარეშე უფასოზე ჩაბარება, თანაც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. ვინ აღარ მილოცავდა, ყვავილების თაიგულებით, ნამცხვრებით მოდიოდნენ მოსალოცად. უბედნიერესი ვიყავი, ყველაზე მეტად ის მიხაროდა, მშობლებს იმედები რომ არ გავუცრუე.
დავამთავრე საოცნებო ფაკულტეტი, მაგრამ ჩემი პროფესიით მუშაობაზე ოცნებაც არ ღირდა. სახლში ჯდომას ერთ-ერთ ოფისში მდივნად მუშაობა ვარჩიე, რასაც თითქმის არანაირი შეხება არ ჰქონია ჩემს პროფესიასთან. ანაზღაურებაზე აღარაფერს ვამბობ, მიზერულ თანხას ვიღებდი, სიმბოლურს, რომელიც გზის ფულადაც კი არ მყოფნიდა, მაგრამ...
ასე გავიდა დაახლოებით 10 წელი. ამასობაში გავთხოვდი, მეყოლა შვილები, დამავიწყდა საოცნებო, ასე რუდუნებით შესწავლილი სპეციალობა და ამ განხრით მუშაობაზე აღარც მიფიქრია.
ოფისშიც დამაწინაურეს, სულ მდივანი ხომ არ ვიქნებოდი? მივყვებოდი ცხოვრების დინებას. მშვიდად, წყნარად და სტაბილურად, სანამ ოფისი არ დაიხურა...
ოჯახს, მეუღლე არჩენდა, მაგრამ დღევანდელ დღეს, მოგეხსენებათ, ერთი კაცის ხელფასი საკმარისი არ არის, წამოიზარდნენ ბავშვებიც და მეც დავიწყე სამსახურის ინტენსიურად ძებნა.
...გადავხედე სხვადასხვა განცხადებას და სამუშაო ადგილიც გამოჩნდა. არც ამ სამსახურს ჰქონია პირდაპირი შეხება ჩენს პროფესიასთან - კერძო ბაღში უნდა მემუშავა პედაგოგად. ბავშვები უზომოდ მიყვარს და ვიფიქრე, რომ ეს ის იყო, რასაც უფრო მონდომებით და ენთუზიაზმით მოვეკიდებოდი. ჰოდა, დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, საკმაოდ უცნაური და რთული, უფრო სწორად კი - ურთულესი ეტაპი.
ჩემი ბაღი ქალაქის პრესტიჟულ უბანში მდებარეობდა და თავადაც პრესტიჟულად ითვლებოდა. მაღალბიუჯეტიანი იყო და საკმაოდ შეძლებულ მშობლებს დაჰყავდათ შვილები. ბაღის ერთ-ერთი უპირატესობა, როგორც მაღალბიუჯეტიან ბაღს შეეფერება, 24-საათიანი ლაივ-რეჟიმი გახლდათ - ანუ კამერები სულ ჩართული იყო და ონლაინ გადაიცემოდა "რეპორტაჟი" ყველა მშობლისთვის. აქედან გამომდინარე, მსურველებიც საკმაოდ იყვნენ. იყვნენ ისეთი მშობლებიც, რომელთა ბიუჯეტიც, ვფიქრობ, ძლივს სწვდებოდა ბაღის გადასახადს, მაგრამ დედა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მის შვილს ევლო ამ ძვირიან ბაღში, თავად ბავშვისთვის სახლიდან ედევნებინა თავლი და ნათესავებსა და მეზობლებში ეტრაბახა, როგორი გიჟი დედა იყო, რომ მთელი დღე ლაივ-რეჟიმში უყურებდა საყვარელ შვილს, რადგან ვერავის ენდობოდა.
დაიწყო ახალი სასწავლო წელი. დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო, დაწყებაც ამას ჰქვია...
რა ხდებოდა პირველ დღეს...
არა, ბავშვები გასაგებია, ყოველთვის ტირიან ბაღში მისვლის პირველ დღეს, ეს, პრინციპში, არავის უკვირს, არც მშობელს და არც პედაგოგს, მაგრამ თქვენ პედაგოგები უნდა გენახათ... დაბნეულობისა და შიშისგან თავლებდაჭყეტილები დავრბოდით წინ და უკან, ზევით და ქვევით. ღმერთო, რა დაბნეული სახე ჰქონდა ყველას. სიტუაციას კი ის ართულებდა, რომ აზრზე არ ვიყავით არც ერთი, ვის რომელი ჯგუფი გვყავდა და რაც მთავარია, არც არავინ აპირებდა არაფრის თქმას უახლოესი 10 დღის განმავლობაში მაინც. ეს დღესავით ნათელი იყო.
არ გეგონოთ, დირექტორი არ იყო თავის ადგილას - ის მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ, გამოპრანჭული იდგა შემოსასვლელ კართან და მოწიწებით ესალმებოდა თითოეულ მშობელს, - მობრძანდით, აი, თქვენი პედაგოგიო, - ეუბნებოდა და რომელ მასწავლებელსაც მოჰკრავდა თვალს პირველად, იმას მიაჩეჩებდა ბავშვს თავის მშობლიანად. საბოლოოდ, დღის ბოლოს, საკუთარ ჯგუფს რომ გადავხედე, წლი-ნახევრიდან დაწყებული, 6 წლის ბავშვის ჩათვლით მყავდა აღსაზრდელები. აღარ ვიცოდი, რა მეთოდისთვის მიმემართა, ყველა რომ გამეკონტროლებინა... აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პედაგოგის დიპლომი არც ერთ მასწავლებლსა თუ მის დამხმარეს არ ჰქონია. ერთი სიტყვით, ყველანი მოხალისეები ვიყავით, თუმცა მშობლები დარწმუნებულები გახლდნენ, რომ თითოეულ კადრს სპეციალური ტრენინგი ჰქონდა გავლილი პედაგოგიკაში, დიპლომზე ხომ საუბარი აღარც იყო და ბაღი განსაკუთრებული, ინდივიდუალური მეთოდით ატარებდა აღმზრდელობით სამუშაოებს და რაც მთავარია, ამ პროცეში ჩართულები იქნებოდნენ გამოცდილი ფსიქოლოგები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში თვალით არ გვინახავს...
ასევე იხილეთ: "სამი წელი ვმუშაობდი კერძო ბაღში... ბავშვების სიყვარულმა გამაძლებინა"
ახლა მშობლები უნდა გენახათ - ასეთ ძვირიან ბაღში მოჰყავდათ ბავშვები და, რაღა თქმა უნდა, მოთხოვნებიც შესაბამისი უნდა ჰქონოდათ. ზოგს ხე არ მოსწონდა, იქნებ, მოაჭრევინოთ ხვალისთვისო, ზოგს - ბალახის საფარი, ეცადეთ შეცვალოთო, ერთმა მშობელმა კი საერთოდ, სექტემბერში, ოთახის დათავლიერების დროს გამოაცხადა, გათბობა რატომ არ არის ჩართულიო. ვიფიქრე, მომესმა-მეთქი, მაგრამ გამიმეორა შეკითხვა და როდესაც ავუხსენი, რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად ჩაირთვებოდა გათბობა და მის შვილს არავითარ შემთხვევაში არ შესცივდებოდა, დამშვიდდა.
ჰო, რაც მთავარია, დირექტივები გვქონდა მიღებული დირექტორისგან, მაქსიმალურად აგვერიდებინა თავი მშობელთან კონტაქტისგან, ხოლო თუ გამოუვალი მდგომარეობა იქნებოდა, ყველაფერზე აუცილებლად თავი უნდა დაგვექნია და თანხმობა განგვეცხადებინა. ჰოდა, ასე ვუქნევდით თავს ყოველ მშობელს და ვპირდებოდით, რომ მეორე დღეს აღარც ხე დახვდებოდათ, საფარიც გამოცვლილი იქნებოდა, გათბობაც ჩაირთვებოდა, რომ ვიღაცის შვილი აუცილებლად მთელი დღე ხელში გვეყოლებოდა და ძილის წინ მის საყვარელ ზღაპარსაც წავუკითხავდით. ძალიან მრცხვენოდა, მაგრამ ამის გაკეთება მიწევდა...
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - გაგვაფრთხილეს, არავითარ შემთხვევაში არ დარჩეს მშიბელი ჯგუფშიო. ბავშვები მართლაც უფრო მეტად ტიროდნენ, დედებს რომ ხედავდნენ, მაგრამ მშობლის ამ მოთხოვნაზე დირექტორი ამბობდა, კი კაცო, რა პრობლემა არისო და ამ დროს ჩვენ თვალით გავანიშნებდა, როგორც გინდათ, ისე გაუშვით ახლა აქედანო. მოკლედ, ვინ რას აკეთებდა, ვერ გეტყვით...
ასევე იხილეთ: „ბაღი არ არის ბავშვის თავიდან მოცილების გზა და მითუმეტეს, თავშესაფარი“ - რა დახვდა ბებოს ყველაზე “დალაიქებულ“ ბაღში
აზრზე რომ მოვედი ამ ალიაქოთიდან, ერთ-ერთ, არა ჩემს, უბრალოდ ერთ-ერთ ოთახში ვიჯექი 12 ბავშვთან ერთად, ერთი ხელში მეჭირა, იმიტომ, რომ წესიერად ვერ დადიოდა, დანარჩენები კი ხალიჩაზე კოტრიალობდნენ.
სასწრაფოდ მივიღეთ შემდეგი დირექტივა - ლაივ რეჟიმი ჩართულია და აბა, დროულად რაიმე აქტივობები დაგეგმეთო. აი, ახლა კი დამასხა ცივმა ოფლმა, რა აქტივობა უნდა დამეგეგმა, ვფიქრობდი, თან ისეთი, რომ ერთნაირად დაინტერესებულიყო ჩემი ყველაზე პატარა, წლი-ნახევრის და ყველაზე დიდი, 6 წლის აღსაზრდელი, საშუალო ასაკის ბავშვებზე აღარც ვფიქრობდი...
ავიღე რომელიღაც ზღაპრების წიგნი, დავსვი ყველა, ჩავისვი პატარა კალთაში და ვცდილობდი წაკითხვას, თან ერთი სული მქონდა, ვინმეს შემოეხედა დირექციიდან, რომ მეკითხა, ეს პატარა ბავშვი ჩემთან შეცდომით ხომ არ მოხვდა-მეთქი. კაციშვილი არ ჩანდა. ვიჯექი და გულში ვლოცულობდი, ღმერთო, ოღონდ დღევანდელ დღეს ნუ გამწირავ, გადამარჩინე და ხვალიდან არც ერთ მშობელს არ დავპირდები ტყუილად არაფერს-მეთქი...