"ბავშვს ფეხებზე ფლომასტერს ვუსვამ, რომ დედამისი იძულებული გახდეს და დაბანოს..." - მშობლები

"ბავშვს ფეხებზე ფლომასტერს ვუსვამ, რომ დედამისი იძულებული გახდეს და დაბანოს..."

2017-09-08 06:33:47+04:00

"ქალი რომ ვიყო, ვინ დამასწრებდა, მაგრამ მერიდება, მე რომ დავბანო, შეიძლება დედამისს ეწყინოს..." ეს გამოხმაურებაა ერთ-ერთ სტატიაზე, რომელიც ჩვენთან გამოქვეყნდა (იხილეთ სტატია). გვწერს მამაკაცი, რომელსაც სურვილი გაუჩნდა, საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა:

"მშობელი არ ვარ, სხვათა შორის, არც ქალი, მაგრამ ერთი ძიძის პოსტი წავიკითხე თქვენს საიტზე და მოწერისგან თავი ვეღარ შევიკავე. ძიძა იმ დედებზე წერდა, ჩასვრილი ბავშვი რომ მიჰყავდათ სახლიდან ბაღში. კომენტარებში წედრნენ, მოგონილია, ეგეთი დედა არ არსებობსო... ჰოდა მომისმინეთ: ცოლ-შვილი არ მყავს, სამაგიეროდ ძმიშვილები მყავს. ძმის ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ძალიან მიყვარს ბავშვები და ძმიშვილებზე ვგიჟდები, არც ჩემს რძალს ვერჩი რამეს, მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ...

შუათანა ძმიშვილი 3 წლისაა, გოგოა და ისევ პამპერსი აცვია. დიახ, მთელი ზაფხული, 40 გრადუს სიცხეში მთელი დღე პამპერსით დადის. დედას არ სცალია, რომ დროულად დასვას ქოთანზე ან ჩასვრილი სამოსი რეცხოს, ამიტომ ურჩევნია პამპერსით ატაროს. ეცვას, მერე რა, მაგრამ გამოცვალაც არ უნდა? მგონი დღეში ერთხელ უცვლიან. დაბანით კი საერთოდ როდის ბანენ, არ ვიცი. რამდენიმე დღე არის ბავშვი დაუბანელი. რამდენჯერ მომისმენია, პამპერსზე ხელმოკიდებულს უთქვამს, მეწვისო... რა ვქნა, ქალი რომ ვიყო, ვინ დამასწრებდა, მაგრამ მერიდება, მე რომ დავბანო, შეიძლება დედამისს ეწყინოს. იცით, რა გამოსავალი ვნახე? ფლომასტრით ვუჩხაპნი ხოლმე ფეხებს ან ნახშირით, და დედამისი მერე იძულებული ხდება, ჩაბანოს...

ადვილი წარმოსადგენია, რომ ასეთი ქალი არც სადილზე შეიწუხებს თავს და არც ჰიგიენაზე. გამოცვლილი საფენები და საჭმლის ნარჩენები აქა-იქ ყრია, სანამ მე არ შევწუხდები და არ ავიღებ. რამდენჯერმე დაველაპარაკე ჩემს ძმას, იქნებ დასვა და აუხსნა, რომ ასე არ შეიძლება-თქო, მაგრამ შედეგი არაა...

ასე რომ, ნუ იტყვით, ბევრნაირი და ყველანაირი დედა არსებობს, ისევე, როგორც ქალი და ზოგადად - ადამიანია სხვადასხვანაირი. და თუ ჰიგიენის, პასუხისმგებლობის და ვალდებულებების განცდა არ გაქვს, ეს ვერც შვილებთან გექნება..."