თბილი, საყვარელი, მხიარული, უბოროტო... გაიანე კარაპეტიანის მისამართით კიდევ ბევრ დადებით ეპითეტს წაიკითხავთ სოციალურ ქსელში. "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის ყველაზე პოზიტიურ კონკურსანტად აღიარებულ გაიანეს ცხოვრებაში ბევრი პრობლემა და განსაცდელი შეხვდა. წარმოიდგინეთ, რაოდენ რთულია, რომ ცუდი ამბების მიუხედავად სიცოცხლის სიყვარული შეინარჩუნო და მეტიც, სხვა ადამიანების კარგ განწყობაზე ფიქრობდე.
ინტერვიუ საღამოს ჩაიწერა, ჭიქა ყავის თანხლებით და საკმაო დისტანციის დაცვით. მაშ ასე, გაიცანით გაიანე კარაპეტიანი უფრო ახლოს.
- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში "მასტერშეფის" შემდეგ?
- ბევრი რამე შეიცვალა. როგორც ყვავილი იბადება, აი, ასე დაიბადა ჩემში რაღაც - საინტერესო, რამაც ჩემი ცხოვრება უფრო გაამხიარულა, გაალამაზა. ხალხი გავიცანი, ახალი მეგობრები შევიძინე. ძალიან მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ასეთი კარგი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ადამიანებმა ეკრანს მიღმა დაინახეს გაია - ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია - და შეიყვარეს. ხალხო, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მადლობა ყველას თითოეული კეთილი სიტყვისთვის, ძალიან უყვარხართ თქვენს გაიანეს!
- როგორ მოახერხეთ, რომ ათასობით ადამიანს შეაყვარეთ თავი?
- ალბათ მათ დაინახეს ჩემში ადამიანი - უბოროტო - და ეს მოეწონათ. ადამიანი ასეთი უნდა იყო, ვერ ითამაშებ. ცუდის გაკეთება კი არა, ცუდის გაფიქრებაც კი არ შემიძლია, ალბათ ასე დავიბადე, ასე გამზარდეს. უამრავი ბავშვი, დიდი, კაცი, ქალი მწერს და მეუბნება, შენ რომ გიყურებ, თითქოს ეკრანიდან სხივი გამოდისო.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, რომელთა გამოც გავიტანჯე, ბევრი ტკივილი გავიარე, მე მათაც არ ვუსურვებ ცუდს. ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. მე ამ ყველაფრის შემდეგ უფრო ძლიერი ვარ. თანაც ადამიანს ცუდს რომ უკეთებ, ვინ იტანჯება ყველაზე მეტად? - ის, ვინც ცუდს აკეთებს. მეტსაც გეტყვით, რაც უფრო მეტი უბედურება მხვდებოდა ცხოვრებაში, მით მეტად მხიარული და კეთილი ვხდებოდი.
- როგორც ვიცი, საკმაოდ მძიმე სენი დაამარცხეთ...
- დიახ, ეს ძალიან მტკივნეული თემაა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ შემიყვარდა. ოჯახის შექმნასა და შვილის გაჩენას ვაპირებდით, დავიწყე ჰორმონალური წამლების დალევა, რათა "ორგანიზმი გამეღვიძებინა". იმ ადამიანთან არაფერი გამოვიდა. წონაში მომატება დავიწყე, მივედი ექიმთან, ჩამიტარეს გამოკვლევები. გინეკოლოგმა რომ აიღო ტომოგრაფიის ფურცელი, შემომხედა და მითხრა: არ მინდა ამის თქმა, მაგრამ უნდა გითხრა; თუ საჭირო იქნება, ქიმიასაც გაიკეთებ, თუ საჭირო იქნება ოპერაციასაც გაიკეთებო.
ძალიან ემოციური ვარ. რომ ვნერვიულობ, არაფერი არ მესმის, შოკში ვვარდები. ასე დამემართა დიაგნოზის გაგების დროსაც. კიდევ კარგი, რომ ჩემი და მყავდა გვერდით და ის დამეხმარა. ამ დროს ვფიქრობდი: ღმერთო, რატომ? განა, რამდენი ვიცხოვრე, ჩემი შვილები, შვილიშვილები როგორ დავტოვო?! მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ, საბედნიეროდ, ახლა კარგად ვგრძნობ თავს. ჩემ თავს ვეუბნები, რომ კი, გაია, რთული იყო, ცუდია, რომ დაგემართა, მაგრამ ყველაფერი ამის შემდეგ შენ ძალიან მაგარი ქალი ხარ! ახალი სიყვარულიც იქნება, შენც კარგად იქნება, შენი შვილებიც და შვილიშვილებიც კარგად იქნებიან!
- თქვენს ოჯახზე მოგვიყევით. როგორი შვილები და შვილიშვილები გყავთ?
- 2 შვილი და 2 შვილიშვილი
მყავს. ჩემი შვილები რომ არ ყოფილიყვნენ, ფრთებიც არ მექნებოდა. კი დაიტანჯნენ ჩემთან ერთად, მაგრამ აღარ მინდა, რომ დაიტანჯნონ. მინდა სულ ბედნიერები და გახარებულები იყვნენ. საერთოდ არც ერთი ბავშვი არ უნდა დაიტანჯოს.
8 წელია ჩემი უფროსი შვილი არ მინახავს, რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს. ვგიჟდები მასზე, ჩემი ანგელოზია, ჩემნაირი ფუმფულა გულის პატრონია. მეორე შვილი, ელენე, აქ ცხოვრობს და ვაჟს ზრდის. ორივე ძალიან ჭკვიანი და გამგებიანია, სულ ვუსმენ და მათ რჩევებს ვითვალისწინებ. ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი დედისთვის, მთავარია ჩემი შვილები ბედნიერები იყვნენ.
- ძალიან რთულია მარტოხელა დედობა. თქვენ როგორ მოახერხეთ მარტომ შვილების აღზრდა?
- განა არ ვიცი, როგორი რთული იყო ეს ჩემი შვილებისთვის - როცა ოჯახი დაგვენგრა, მამიკომ დატოვათ და წავიდა. ჩვენ სამივემ მივიღეთ ეს ტრავმა. მარტო რომ დავრჩი, მუშაობა დავიწყე. ჩემი სახლი არ მქონდა, ამიტომ დედამთილ-მამამთილთან მომიწია დარჩენა. სულ იმას ვცდილობდი, ბავშვებისთვის კარგად მიმეხედა; სამსახურიდან დაბრუნებული ვეფერებოდი, ვესიყვარულებოდი. მე მგონი, არ ვარ ცუდი დედა. ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებ. ყოველი დღის მადლობელი ვარ. მესმის, რომ ათასი პრობლემა გვაქვს ადამიანებს, ყველა ტკივილმა თავისი "შრამი" დამიტოვა, მაგრამ ამან არ უნდა გაგვაბოროტოს.
- როგორი გოგოა გაიანე, რა უყვარს, რა ამხიარულებს?
- უჰ, ძალიან "კეკელკა". ეს 2 წელია, რაც მოვიმატე, თორემ გამხდარი გოგო ვიყავი. კარგი ჩაცმა მიყვარს, გამოვიპრანჭებოდი და მივდიოდი სამსახურში. შეიძლებოდა ძალიან უბრალო რამე ჩამეცვა, მაგრამ გემოვნებით. ახლა რაც მომწონს, ჩემი ზომა არ არის, მაგრამ მაგის დროც მოვა. აი, ნახეთ, მე რა ფორმაში ჩავდგე მალე! აბა, რა, ასე უნდა იყოს, ჩვენ ხომ გოგოები ვართ?! გავიპრანჭოთ, რატომაც არა. ამას გარდა, რა თქმა უნდა, კარგი ჭამა მიყვარს. ჩემი გაკეთებული წუთებში ქრება მაგიდიდან.
- გაქვთ თქვენი საიდუმლოები, რომლებიც გემრიელად კეთებაში გეხმარებათ?
- მთავარი წესი არის კარგი განწყობა. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, არავითარ შემთხვევაში არ ვაკეთებ, რომ აურა არ გადავიდეს და კერძი გემრიელი გამოვიდეს. ყველაზე მეტად მიყვარს ჩაქაფული, უჰ, ვგიჟდები! ახლობლებს ძალიან უყვართ ჩემი გაკეთებული ნამცხვრები, ისეთი რეცეპტები მაქვს, როომ...
ხორციანი ბლინები გაიანე კარაპეტიანის რეცეპტით
ხომ არის ათასნაირი რეცეპტი, მაგრამ ეს არის "ნაღდი" - გვეუბნება გაიანე და თავის რეცეპტს გვიზიარებს:ინგრედიენტები:
• საქონლის ხორცი 500 გ
• შავი პილპილი
• დაფნის ფოთოლი
• ხახვი
• ქინძი და ოხრახუში
• მწვანე წიწაკა
• კვერცხი 3 ც
ცომი:
• თეთრი ფქვილი
• რძე 1 ლ
• "ბორჯომი" (გაზგასული) 0.5 ლ
• შაქარი
• მარილი
• კვერცხი 3 ც
• ზეთი 50მლ
კარგი საქონლის ხორცი დაჭერით ერთი და იმავე ზომის ნაჭრებად. მოხარშეთ წიწაკასთან, დაფნის ფოთოლთან და ხახვთან ერთად. რომ დარბილდება და კარგად მოიხარშება, გადაწურეთ და ბულიონი შეინახეთ, ხორცი გააგრილეთ.
2-3 დიდი თავი ხახვი წვრილად დაჭერით, ასევე წვრილად დაჭერით ოხრახუში, ქინძი და მწვანე წიწაკა. ცივი საქონლის ხორცი გაატარეთ ყველაზე მსხვილ პირზე. მოხარშეთ 3 ც კვერცხი. წვრილად დაჭერით.
მოთუშეთ ხახვი, სანამ კარგ "მზისფერს" არ მიიღებს. შეგიძლიათ ცოტა კარაქიც დაუმატოთ. მოთუშულ ხახვს დაუმატეთ გატარებული ხორცი, მოთუშეთ. ცოტა ბულიონი დაუმატეთ. შემდეგ დაუმატეთ მარილი, პილპილი, მწვანილები, მწვანე წიწაკა და დაჭრილი კვერცხი. ოღონდ ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ხორცი გაგრილდება.
ცომი: ფქვილი გაცერით. დაუმატეთ ცოტა მარილი, შაქარი, რძე, "ბორჯომი" და კვერცხი. გათქვიფეთ. ბოლოს შეათქვიფეთ ზეთი. დატოვეთ 30 წუთით. შემდეგ ტაფა გააცხელეთ, ცოტა ცხიმი წაუსვით და ბლინები გამოაცხვეთ. გაითვალისწინეთ, რომ ცომი ძალიან თხელი უნდა იყოს.
ცალ მხარეს გამოაცხვეთ, ჩადეთ შიგთავსი, გადაახვიეთ და ყველა მხრიდან შეწვით. გამოდის უგემრიელესი!
მარიამ ტურძილაძე