მსახიობი ლელა მებურიშვილი და ბიზნესმენი ბაჩო საგანელიძე ორ შვილს ზრდიან. 6 წლის ალექსანდრე და 4 წლის სოფია ამერიკაში მოევლინენ ქვეყანას. ლელა მებურიშვილი, რომელიც ერთ-ერთ ულამაზეს გოგოდ ითვლებოდა თბილისში და პოპულარული მსახიობი გახლდათ, მშვენიერი დედაა, ბოლომდე ჩართულია ბავშვების აღზრდაში და მომავალში კიდევ აპირებს შვილების გაჩენას...
- 30 წლის ვიყავი, როდესაც პირველი შვილი შემეძინა, ახლანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ყველაზე სწორი ასაკი იყო. მანამდე მაინც სხვა საფიქრალი გაქვს, გართობა, მოგზაურობის სიყვარული, ასევე კარიერაში წინსვლა.
- პოსტსამშობიარო დეპრესია თუ გქონიათ, ადრე ამაზე ნაკლებად საუბრობდნენ ქალები...
- შეიძლება ამას სახელს არ არქმევდნენ, მაგრამ როდესაც ახალნამშობიარები ქალი დედასთან გადადიოდა საცხოვრებლად, ეს უკვე ნიშნავდა, რომ დახმარება სჭირდებოდა. დედა ეხმარებოდა შვილს ბავშვის გაზრდაში და ქალსაც ჰქონდა საშუალება, ფორმაში რომ ჩამდგარიყო. მე არც ერთი შვილის დაბადების შემდეგ არ მქონია დეპრესია, ძალიან მიყვარს პატარები, განსაკუთრებულად თოთოები და კარგად მახსენდება ჩემი შვილების გაზრდის პერიოდი.
- რამდენად მობილიზებული იყავით, როდესაც პატარა ტირილს იწყებდა?
- პირველი ბავშვი რომ გავაჩინე, მე და ჩემი მეუღლე რამდენიმე კვირა მარტოები ვიყავით ამერიკაში. გარშემო არავინ არ გვყავდა ოჯახის წევრი. სამშობიაროდან ორი დღის შემდეგ გამწერეს, მე და ჩემი მეუღლე ვისხედით და ვფიქრობდით, რა გვეშველება, ახლა როგორ მოვუვლით ამ პატარა არსებას-მეთქი, მაგრამ ამაზე ფიქრი ცოტა ხანს გაგრძელდა, ძალიან ადვილად ავუღეთ ალღო ყველაფერს და არ გაგვჭირვებია.
- მეორე შვილის გაჩენის გადაწყვეტილება ადვილად მიიღეთ?
- ახლა ჩემი შვილები 4 და 6 წლისები არიან და მესამეზე ფიქრი ჯერ მერთულება, ადრე მგონია, მაგრამ ალექსანდრე ერთი წლის იყო, როდესაც ვიფიქრე, რომ მეორე შვილი გამეჩინა. ალექსანდრე ძალიან საყვარელი ბუნჩულა ბავშვი იყო. ბოლომდე მარტივად არ ყოფილა ყველაფერი, ღამეც მაღვიძებდა და გამითენებია კიდეც, მაგრამ მაინც მალე დავიწყე მეორე შვილზე ფიქრი.
- ბავშვები ბუნებრივი კვებით გაზარდეთ?
- დიახ, ორივე ბავშვი ორ წლამდე ბუნებრივ კვებაზე მყავდა. ექვსი თვის შემდეგ მივეცი დამატებითი საკვები, მაგრამ ძირითადად მაინც ბუნებრივზე იყვნენ. ძალიან მარტივი იყო ეს ჩემთვის, განსაკუთრებულად მოგზაურობის დროს. არ მეშინოდა, რომ კვების მხრივ პრობლემები ექნებოდა.
- მეორე შვილიც ამერიკაში დაიბადა?
- დიახ, ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი ცხოვრობს იქ და როდესაც ვფიქრობდი, რომელ კლინიკაში მემშობიარა, საუბარმა მოიტანა, რომ ამერიკაში გამეჩინა. გარდა ამისა, სხვა ბევრი პლუსი აქვს ბავშვის ამერიკაში დაბადებას. მართლა სასწაული ექიმი მყავს იქ, რომელსაც მეორეჯერაც ვერ ვუღალატებდი. ბევრი ისტორია მომისმენია სხვადასხვა ქვეყანაში ნამშობიარები ქალებისგან, საქართველოშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც გაუტკივარების გარეშე, მარტივად იმშობიარეს, მაგრამ ისტორიების უმრავლესობა გაუტკივარებითაც კი პრობლემურია. როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებდი, ამაზე ვნერვიულობდი. საერთოდ, მშობიარობა ისეთი თემაა, რომ ტკივილსაც გაუძლებ და გადალახავ, მაგრამ იდეალურს რომ ეძებ, გინდა, მშვიდად ჩაიაროს. ორივეჯერ ბუნებრივად ვიმშობიარე.
- მამა რამდენად არის ჩართული ბავშვების აღზრდაში...
- როგორც გითხარით, მე და ბაჩო ბავშვების დაბადებიდან რამდენიმე კვირა მარტოები ვრჩებოდით ამერიკაში ჩვილთან ერთად და ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული, ახლაც ასეა. ბაჩო არის მამა, რომელიც ცდილობს ყველაფერში ჩაერთოს, რა აცვიათ ბავშვებს, სად დავდივართ, ერთად ვწყვეტთ ყველაფერს.
- კოლიკები, ხშირი გაციება, გლანდები, თუ ჰქონიათ მსგავსი პრობლემები ბავშვებს?
- ალექსანდრე ჩვილი რომ იყო, მუცლის შებერილობა ჰქონდა და ამერიკიდან ჩამოვიტანეთ მცენარეული წამალი, რომელმაც ძალიან უშველა და ერთ თვეში სრულად დაძლია ყველაფერი.
- პანდემიის დროს თუ გაუჭირდათ ბავშვებს?
- ალექსანდრე წელს პირველ კლასში შევიდა და ძალიან რთული იყო მისთვის ონლაინ სწავლება. შრომისმოყვარე ბავშვია და პასუხისმგებლიანი. ძალიან მოსწონს და ბედნიერდებაა, როდესაც სკოლაში მიდის. ამიტომ გავუშვი ამჯერადაც სკოლაში. პირბადით დადის. სიმართლე რომ გითხრათ, მე მერჩია სახლში დამეტოვებინა, მაგრამ სკოლაში რომ მიდის, უბრჭყვიალებს თვალები და ბედნიერია.
- მესამე შვილის გაჩენაზე გიფიქრიათ?
- რა თქმა უნდა, ვფიქრობ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. საერთოდ, სამი-ოთხი შვილი უნდა გყავდეს ადამიანს, თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ბავშვები პატარები არიან, ჯერ დიდ ყურადღებას საჭიროებენ.
ნინო გიგიშვილი