გრიგოლ ადეიშვილი ამერიკაში მცხოვრები მეან-გინეკოლოგია. საქართველო 16 წლის წინ დატოვა. ფაქტობრივად ხელახლა ისწავლა საკუთარი საქმე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე დამთავრებული ჰქონდა სამედიცინო უნივერსიტეტი და დღეს ქართველი ემიგრანტების ნუგეშია. ალბათ წარმოგიდგენიათ, რამხელა ბედნიერებაა, როცა შენი ქვეყნიდან ძალიან შორს მყოფს, გეძლევა საშუალება, მიხვიდე ექიმთან და ქართულად, მშობლიურ ენაზე ესაუბრო, აუხსნა შენი გასაჭირი თუ პრობლემა. ბატონ გრიგოლთან იმშობიარეს ამერიკაში მცხოვრებმა ცნობილმა ქართველებმაც - ნინი წიკლაურმა და ნუცა შანშიაშვილმა. კარიერასა და ამერიკულ ცხოვრებაზე ბატონ გრიგოლს ვესაუბრეთ.
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1995 წელს დავამთავრე, საქართველოში ვმუშაობდი კიდეც ჩემი პროფესიით, მერე დავქორწინდი და ამერიკაში გადავედი საცხოვრებლად, დიდხანს დარჩენას არ ვაპირებდი, მაგრამ ასე გამოვიდა.
- თქვენი მეუღლე ქართველია? სად გაიცანით?
- ჩემი მეუღლე ქართველია, ქეთევან ბერეკაშვილი, გვყავს ბიჭი, 14 წლის ლუკა ადეიშვილი. ქეთევანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ამერიკაში, პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში, ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს გავიცანით ერთმანეთი, აეწყო ჩვენი ურთიერთობა და დავქორწინდით. წავყევი მას ამერიკაში. იმ პერიოდში ქეთევანი ბოლონიის უნივერსიტეტში სწავლობდა. ვფიქრობდით, სწავლის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 2-3 წელიწადში, დავბრუნდებოდით საქართველოში. ეს დრო ტყუილად რომ არ გამეტარებინა ამერიკაში, გადავწყვიტე, გამოცდები ჩამებარებინა.
იქ ასეთი სისტემაა, ჩვენს დიპლომს აღიარებენ, წოდებას გინარჩუნებენ, მაგრამ იმისთვის, რომ იქ მუშაობა დაიწყო, ყველაფერი, რაც ნასწავლი გაქვს, ინგლისურ ენაზე უნდა ჩააბარო, შემდეგ უნდა გაიარო პრაქტიკული სწავლება, რომელიც დაახლოებით, 4 წელი გრძელდება და მერე მიიღებ კვალიფიკაციას, რომ იმუშაო. ეს ერთის მხრივ კარგია, იმიტომ, რომ თუ ამას აკეთებ, ნიშნავს, რომ სტანდარტს აკმაყოფილებ და როცა სისტემა სტანდარტიზებულია, მაშინ სტრუქტურა კარგად მუშაობს. ამერიკაში ექიმი რომ გახდე, უნდა ისწავლო 4 წელი სამედიცინო სკოლაში და შემდეგ სპეციალობის მიხედვით, 4-დან 7 წლამდე, უნდა გაიარო პრაქტიკული სწავლება, ანუ რეზიდენტურა, რის შემდეგაც განიჭებენ კვალიფიკაციას, რომ იმუშაო.
- როცა ამ გზას გადიხართ, დასაქმების საკითხი როგორაა?
- მე როცა საქართველოში ვიყავი, დასაქმების საკითხი დიდი პრობლემა იყო, თვითდასაქმება თითქმის გამორიცხული გახლდათ, პროტექცია სჭირდებოდა. ამერიკაში კი პირიქითაა, დიდი მოთხოვნაა ექიმებზე, შეგიძლია, მეორე დღესვე დასაქმდე 2-3 ადგილზე, თუ ამის დრო გაქვს და პროფსიონალურად ხარ ძლიერი ექიმი. სწორედ ამ დასაქმების პრობლემის გამო, უამრავმა ქართველმა პროფესიონალმა დატოვა საქართველო და სამწუხაროდ, დავკარგეთ ის კადრები.
- საერთო ჯამში რამდენი წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობთ და ექიმად მუშაობთ?
- 16 წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ, 2003 წლის ოქტომბერში ჩამოვედი და როგორც ექიმი, ვმუშაობ 2008 წლიდან, ანუ 11 წელია.
- როგორია ექიმისა და პაციენტის ურთიერთობები ამერიკაში, შეგიძლიათ შეადაროთ ქართულ-ამერიკული მიდგომები ერთმანეთს?
- ამერიკული სწავლების სისტემის გამო, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ პროტექციონიზმს, ჩაწყობას და ა.შ., გამორიცხულია, ადამიანი იყოს ექიმი და იყოს დაბალკვალიფიციური. სწორედ ამიტომ, პაციენტი კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ექიმის კვალიფიკაციას და ენდობა მას. არ ვიქნები იდეალისტი და იმასაც ვიტყვი, რომ ამერიკაშიც არსებობენ ძლიერი და სუსტი ექიმები, მაგრამ ამ საკითხს იმდენად გლუვი კუთხეები აქვს, რომ სერიოზულ პრობლემებს არ ქმნის. ამიტომაც დამოკიდებულება პაციენტისა ექიმის მიმართ არის ნდობაზე დაყრდნობილი. თუ ექიმი ხარ ამერიკაში, ყველა გცემს პატივს, ყველამ იცის, რომ ეს რთული პროფესიაა და აქ შემთხვევითი ადამიანები არ ხვდებიან. საქართველოში რატომღაც ექიმის პროფესია არც ისე დაფასებულია, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ექიმები საქართველოშიც არიან. მაგრამ ისიც მესმის, რომ სკეპტიკურადაც არიან მათ მიმართ განწყობილნი პაციენტები. ალბათ ეს იმიტომ ხდება, რომ არ არის უნიფიცირებული სწავლების სისტემა და სანამ ასეთი მიდგომა არ იქნება და არ იქნება სტანდარტიზებული სწავლება, მანამდე ვიდგებით ამ პრობლემის წინაშე.
- ქართველი ემიგრანტებისთვის ალბათ განსაკუთრებულად სასიხარულოა, როცა ეძლევათ საშუალება, ამერიკაში მივიდნენ ექიმთან, რომელსაც მშობლიურ ენაზე დაელპარაკებიან...
- არ მეგონა, თუ პაციენტისთვის ამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მშობლიურ ენაზე გასაუბრებას, მაგრამ თურმე ჰქონია. ექიმი მხოლოდ ფიზიკურად არ კურნავს ადამიანს, სულიერადაც ეხმარება. როცა პაციენტს საშუალება აქვს, ქართულად მოახერხოს მისი ტკივილის გადმოცემა, ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი ყოფილა. ჩემი პროფესია ისეთია, რომ მანდილოსნებთან მიწევს კონტაქტი, მათ ფიზიკურ ტკივილთან ერთად სულიერ მდგომარეობაზეც ვსაუბრობთ ხოლმე და თვითონვე აღნიშნავენ, რომ ქართულად საუბარი მდგომარეობას უმსუბუქებთ. ადრე მანჰეტენზე ვმუშაობდი, სადაც იშვიათად ვხვდებოდი ქართველებს, გარკვეული დროის შემდეგ ბრუკლინში გავაგრძელე მუშაობა, აქ კი უამრავი ქართველი ცხოვრობს და მათთან ხშირი ურთიერთობა მიწევს, შედეგად მრავლად მყავს ქართველი პაციენტები, რაც ჩემთვისაც ძალიან კარგია. მშობიარობის დროს აქ ყველა ერთადაა - ქმარი, ცოლი, დედა და ამ დროს ძალიან სასიხარულოა, სამშობლოდან შორს მყოფი მაინც ქართულ გარემოში რომ ელოდები ახალ სიცოცხლეს.
- ცოტა მეტი გვიამბეთ ორსულობის მონიტორინგისა და მშობიარობის ამერიკულ მეთოდზე, რა სიახლეებია დანერგილი საქართველოსგან განსხვავებით...
- მეანობა კონსერვატიული დარგია, ახალს ვერ დანერგავ, ქალი ან მშობიარობს, ან კეთდება საკეისრო. ამერიკაში პაციენტის მიმართ მიდგომა ძალიან კონსერვატიულია, თუ კვლევა ჩატარდა და დამტკიცდა, რომ კონკრეტული წამალი, რომელიც წლებმა გამოსცადა, არ მუშაობს, ძალიან მარტივად შეგიძლია მოხსნა და არ მისცე შენს პაციენტს. საქართველოში ასე არ არის, მაგალითად, ვიცით, რომ წამალი არ მუშაობს, არ იძლევა არაფერს, მაგრამ მაინც ეძლევა პაციენტს, იმიტომ, რომ გამოცდილია. შტატებში მინიმუმამდეა დაყვანილი ექიმის ჩარევა ორსულობაში, ზედმეტი წამლის დანიშვნა არ ხდება ორსულისთვის. საქართველოდან კი ჩამომდიან პაციენტები, რომლებიც "ზედმეტად დიაგნოსტირებულები არიან" და ზედმეტად არიან წამლებით დატვირთულნი. ეს ყველაფერი არა მარტო მავნებელია ჯანმრთელობისთვის, არამედ პაციენტებისთვის ძალიან რთული და დამთრგუნველია. მე მინახავს პაციენტები, რომელთაც მთელი სადაზღვევო პოლისი ამოუწურავთ ერთი წამლის მიღებით, რაც არაა რეალურად საჭირო. სხვათა შორის, იგივე გულისტკივილი მოვისმინე გერმანიაში მყოფი ქართველი ექიმისგან, რომელიც ამბობდა, რომ მასთან მივიდა პაციენტი, რომელსაც დანიშნული ჰქონდა სამი ანტიბიოტიკი და სამივე იყო ერთი და იმავე შემადგენლობის. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და ეს განსხვავება აშკარაა ქართულ და ამერიკულ მიდგომაში. მეორე ისაა, რომ ამერიკაში არის მაღალტექნოლოგიური საავადმყოფოები, მთელი მშობიარობის პროცესი აღწერილია მონიტორზე, ანუ კომპიუტიზირებულია პროცესი. ასეთი სისტემა საქართველოში არც ჩემს დროს იყო და არც ახლა არის. ქალის მშობიარობის პროცესი, ბავშვის გულისცემა, მდგომარეობა, ყველაფერი ერთიანად იასახება მონიტორზე და მშობიარობის მართვაც უფრო მარტივია. საქართველოში უფრო ძველებურად ხდება გულისცემის მოსმენა. მგონი, ჯერ კიდევ არ არსებობს საქართველოში კლინიკა, სადაც მშობიარობა მიმდინარეობს კომპიუტერული დაკვირვების ქვეშ. წამყვანი კლინიკები კი აშენდა, მაგრამ ჯერჯერობით არ გამიგია საქართველოში ვინმე მშობიარობდეს ამ მონიტორის ქვეშ, ბავშვის გულისცემის მუდმივი კონტროლითა და დაკვირვებით. მშობიარობის მიმართ მიდგომა არის მინიმალისტური, ვცდილობთ, არ ჩავერიოთ პროცესში და თუ არის საშუალება, პაციენტმა ფიზიოლოგიურად იმშობიაროს, შესაბამისად, ვერიდებით საკეისრო კვეთას, თუ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუმცა, ქართველი და ბრაზილიელი ქალები მთელი მსოფლიოს ქალებისგან განსხვავდებიან იმით, რომ მათში ყველაზე მაღალია საკეისრო კვეთის მაჩვენებელი, ქართველებს ძალიან უყვართ საკეისრო კვეთა. ბრაზილიელები არიან პირველ ადგილას, 80%-ზეც ადის ზოგიერთ ქალაქში საკეისროს მაჩვენებელი. ქართველებს რომ მისცე უფლება, 50%-ზე მაღალი იქნება მაჩვენებელი.
- ბატონო გრიგოლ, საქართველოში დაბრუნებას თუ ფიქრობთ?
- მე საკმაოდ პატრიოტი ვარ და ყოველთვის ვფიქრობ, რომ დავბრუნდები, როგორც ქართველი და პროფესიონალი. რადგან აქ კარგად ვარ, არ ვფიქრობ, რომ კავშირი არ უნდა მქონდეს ჩემს ქვეყანასთან. მქონდა შემოთავაზებები დაბრუნებასთან დაკავშირებით და მეც ვფიქრობ, რომ მოვძებნო რაიმე ფორმა, რათა ჩემი ცოდნა და სიყვარული გავუზიარო საქართველოს და თან არ მოვწყდე ამერიკას, რადგან აქ ვითარდება ადამიანი, ეცნობა სიახლეებს და ეს მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით ისეთ ფორმას ვერ მივაგენი, რომ ორივეგან ვიყო, შემოთავაზება, როგორც აღვნიშნე, იყო, მაგრამ ამ ეტაპზე თავი შევიკავე სხვადასხვა მიზეზის გამო, ოღონდ ეს არ იყო ფინანსები. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მომავალს მაინც საქართველოს ვუკავშირებ.
ციცი ომანიძე