ექიმისგან ორსული ქალისთვის ნათქვამი ყველა სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რომ ექმების რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, უდავოა. თუმცა, არის ხოლმე შემთხვევები, როცა მათაც ეშლებათ და ეს შეცდომა სიცოცხლეს იწირავს. ალბათ, გსმენიათ, ორსულს ექიმი რომ ეუბნება, ამა თუ იმ პათოლოგიის გამო, ნაყოფი უნდა მოიშოროო. დედისთვის ეს გადაწყვტილება ძალიან რთულად მისაღებია და ხანდახან ისეთი გაბედული დედები გამოჩნდებიან ხოლმე, რომლებიც ინტუიციას, შინაგან ხმას უჯერებენ და ბავშვს სიცოცხლის შანსს აძლევენ. ასევე ხშრად ყოფილა შემთხვევა, როცა ასეთი „გადარჩენილი“ პატარა სრულიად ჯანმრთელი დაბადებულა და წლების შემდეგაც ჯან-ღონით სავსეს გაუგრძელებია ცხოვრება.
ასეთი მაგალითების შესახებ დედები სოციალურ ქსელში ხშირად წერენ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის კომენტარს:
"ჩემს ახლობელს მეცხრე თვეში უთხრა ექოსკოპისტმა, უჩვეულოდ დიდი თავი აქვს და ბავშვის დაჭრა მოგვიწევსო. ნეტავ განახათ, რა ბიჭია, თავიც ნორმალური აღმოაჩნდა და სრულიად ჯანმრთელი დაიბადა" "მითხრეს, ბავშვი განუვითარებელი ან ავადმყოფი იქნებაო... ექიმთან აბორტზე მისულმა გადავიფიქრე და გავაჩინე ჯანმრთელი გოგო" "8 თვის ორსულს მეუბნება ერთი ცნობილი ექოსკოპისტი, რომ ბავშვის გაჩენას არ მირჩევდა, რადგან 100!%-დან ან 5% იყო გადარჩენის შანსი. ჩამომითვალა შედეგები, მანკი, ლილიპუტი და ა. შ. რა თქმა უნდა, გაჩნდა ჯანსაღი და საღსალამათი ბავშვი. უნაკლო..." "ჩემს ძმისშვილზე ეუბნებოდნენ, ცხვირი არა აქვსო და მოიშორეო, არ დავუჯერეთ და გაჩნდა მზეჭაბუკი" "5 თვის ორსული ვიყავი რომ მითხრეს, ბავშვი ავადმყოფი და მახინჯი დაიბადებოდა. ყველა აბორტის გაკეთებას მირჩევდა. იმასაც ამბობდნენ, რომ მშობიარობას გადავყვებოდი. მე ვიბძოლე ჩემი შვილისთვის, 7თვის და 2 კვირის თავზე მეყოლა გოგონა, ბავშვი ჯანმრთელია"
ალბათ ძალიან საინტერესოა, მსგავს სიტუაციებში რა უნდა გააკეთოს ორსულმა, რა უფრო მართებულია? რამდენ ხანში უნდა გადაამოწმოს დიაგნოზი და.ა.შ ამ თემებზე სასაუბროდ რადიოლოგების ტოპხუთეულის ერთ-ერთ მოწინავე წევრს, ქალბატონ
გენრიეტა გაგოშიძეს დავუკავშირდით.
- ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა არა მარტო როგორც ექიმისთვის, არამედ როგორც ადამიანისთვის. მხვდება უამრავი ბავშვი, სრულიად ჯანმრთელი, საღსალამათი, რომელზეც მეუბნებიან, რომ თქვენ გადაარჩინეთო. მე ამით სიამოვნებას კი არ ვიღებ, ვწუხვარ იმ ფაქტის გამო, რომ შესაძლებელი იყო, ეს ულამაზესი ბავშვი ექიმის შეცდომით არ დაბადებულიყო. სადაც კი მიმიწვდება ხმა, ყველგან ვსაუბრობ ჩემს კოლეგებთან მიმართებაში, ვიყოთ ძალიან ფრთხილნი, ყურადღებიანნი, გადავლახოთ ჩვენი ამბიციები და გადავამოწმოთ დიაგნოზი სხვა სპეციალისტთან. ამასთან ერთად, გადავლახოთ ჩვენი უვიცობა ან გარკვეული საკითხების არცოდნა. არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, ეს იქნება დამწყები, თუ დიდი ხნის სპეციალისტი, მაგრამ ერთად, გუნდურად უნდა ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ თითოეული სიცოცხლისთვის. ამაზე უკეთესს ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. მოვუწოდებ ყველას, ახალგაზრდებს, უფროს თაობას, გადაამოწმეთ, ეს თქვენ ჩინ-მედლებს არ ჩამოგაკლებთ. ჩემს ასეთ ემოციურ საუბარს იწვევს ის, რომ თითქმის ყოველკვირეულად, თუ ყოველდღიურად არა, მხვდება ისეთი შემთხვევები, რასაც გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ. ნუ შეგრცხვებათ, გადავამოწმოთ ერთმანეთთან მაღალპროფესიონალებმაც და ახალბედებმაც, ეს არ არის სირცხვილი! ეს თქვენთვისაც, ჩვენთვისაც კარგია და საერთოდ, ყველასთვის. სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება უნდა ხდებოდეს რეგულარულად, ნახევარ წელიწადში ერთხელ მაინც. წაკითხვა, მოსმენა, სწავლა ჩვენს პროფესიას ძალიან სჭირდება. მიდგომები ძალიან მოკლე დროში იცვლება, რაც წინათ ფატალური იყო და ორსულობის შეწყვეტით სრულდებოდა, ახლა ასე არ არის. მე მქონდა შემთხვევები, როცა მხოლოდ ტუჩის ნაპრალის გამო, ე.წ. კურდღლის ტუჩის გამო, ადამიანი იწყვეტდა ორსულობას, ახლა ეს და მსგავსად მარტივი პათოლოგიები საქართველოში პრობლემა არ არის.
- ასეთ დროს რა უნდა გააკეთოს ორსულმა, რომელიც არ არის ჩახედული სამედიცინო სფეროში? რით უნდა მიხვდეს, რომ კიდევ გადაამოწმოს საკითხი? ან რა უნდა გაითვალისწინონ ამ დროს?
- დედა, საერთოდ რომ არ ჰქონდეს სამედიცინო განათლება, თუნდაც პირველი ორსულობა იყოს, დაკვირვების შემთხვევაში, შესაძლოა, თავადაც მიხვდეს, რომ რაღაც საეჭვოა. ზოგიერთი ისეთი დაკვირვებულია, ისეთ ჭკვიანურ კითხვებს გისვამს, გინდა სრულფასოვნად მისცე პასუხი, იქვე უნდა მოვუყვეთ, რა ხიფათი შეიძლება განვითარდეს, რომ დროულად მიმართოს ექიმს და აღმოფხვრას პრობლემა. პირველ რიგში თუ ბუნდოვანია საკითხი, ან ვერ მოიტანა თქვენამდე სათქმელი, უკვე ყურადსაღები და დამაფიქრებელია. თუ ჭკვიანი თვალით შეხედავს პაციენტი, აუცილებლად მიხვდება, რომ რაღაც საეჭვოა, მაგალითად, პრობლემის არსებობის, ან ვარაუდის შემთხვევაში, დაიბარა თუ არა ხელმეორედ გადასამოწმებლად მოკლე დროში. 18 წელია ექიმი ვარ და მიწევს ხოლმე იმის თქმა, რომ უნდა გადავამოწმო 2-3 დღეში და ასეც ვაკეთებ. ყველამ იცის, რომ გადამოწმება ჩემთან უფასოდ ხდება. ამით შენ შენს თავს ამოწმებ, შენს გადაწყვეტილებას ამოწმებ, იმიტომ, რომ ადამიანის სიცოცხლეზეა აქ საუბარი, ეს უნდა შეიგნოს პირველ რიგში სამედიცინო პერსონალმა. თავის მხრივ ახალგაზრდა დედები უნდა იყვნენ ძალიან ფრთხლნი. ხშირ შემთხვევაში მათ უფრო მეტს უგრძნობთ გული, ვიდრე ზოგიერთი სპეციალისტი ამას ექოსკოპიით ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ ექოსკოპიით უფრო თვალნათლივ მოსჩანს ყველაფერი.
- ხშირად ორსულები ინტერესდებიან, როგორი დონის და რამდენგანზომილებიანი აპარატურა აქვს რადიოლოგს და ნაკლებ აქცენტს აკეთებენ სპეციალისტზე..
- 18- 20 წლის წინ მიმუშავია აპარატ „რადმირზე“ და დღეს ვმუშაობ 4 განზომილებიან აპარატზე. ალბათ ხვდებით, რამხელა სხვაობა იქნება ამ ორ აპარატს შორის. ჩემი აპარატურა განკუთვნილია სამეანო გინეკოლოგიისთვის, რომელიც ჩემი სპეციალობისთვისაა ოპტიმალური, მაგალითად, შინაგანი ორგანოებისთვის სხვა აპარატურაა საჭირო. მსგავსი ტექნიკა არის ექიმისთვის კომფორტი, პაციენტისთვის სიამოვნება, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ვიზუალური შესაძლებლობებით გამოირჩევა. მაქვს უამრავი სურათი, სადაც აღბეჭდილია ნაყოფის საოცარად დადებითი ემოციები და ვინახავ ამას. ძალიან ბევრი არის დამოკიდებული აპარატურაზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია პროფესიონალი, ანუ ვის ხელშია აპარატი, ვინ აფასებს და იღებს გადაწყვეტილებას. კარგ აპარატურას, უფრო კარგი ჩვენება აქვს და რაღაც ისეთებსაც აჩვენებს, რომ შეიძლება ექიმი დააბნიოს. მაგალითად, მაღალი დონის აპარატურები სანაყოფე წყლებს აჩვენებს შემღვრეულად, დაიღლანენ პაციენტები ამდენი შემღვრეული წყლის მოსმენით და ამაზე დარდით. ყველასთვის ვამბობ, ნაბანი წყალი ხომ ვერ იქნება დაწმენდილი? ბავშვი 9 თვე იმყოფება ერთსა და იმავე წყალში და ჩვენ ვხედავთ ნალექს, ამ შემთხვევაში წყალი, რა თქმა უნდა, შემღვრეული იქნება, სწორედ ამ ნალექს ხედავს ექოსკოპისტი, რაც რეალურად ჩვეულებრივი წყალია, უბრალოდ, მაღალი შესაძლებლობები აქვს აპარატურას და კარგად ჩანს ყველა წვრილმანი. მსგავსი დეტალები გასათვალისწინებელია, რადგან ხშირად ამას ტყუილად დანიშნული ანტიბიოტიკოთერაპია მოჰყვება. ბევრ რამეზე შემტკივა გული, ჩვენმა ბევრმა ექიმმა ეს ყველაფერი იცის, მაგრამ არის კატეგორია, რომელსაც არ აქვს ინფორმაცია. ის, რომ მე არ გავცემ ამ ჩემს ცოდნას რადგან ჩემი კონკურნეტი იქნება ვინმე, ჩემში ეს არ არსებობს. ყველა ჩემს კოლეგას მინდა ვუთხრა, რომ საქართველო ჩვენია, ყველასი და მსგავსი დამოკიდებულებები არაა სწორი. ეს ჩვენი საქართველოა, ჩვენი მომავალია და მასზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ.
ციცი ომანიძე
"სამმაგი გულის მანკით დავიბადე, 6 თვის ვადა მომცეს ექიმებმა... ახლა 38 წლის ვარ და შვილი მყავს... მაშინ რომ გამოჩენილიყო ჩემი "ნაკლი" ექოზე და არ გავეჩინე დედაჩემს?!"