როგორ უნდა ჩაიტაროთ მამოლოგიური „ტესტი“ შინაურ პირობებში არც ისე დიდი ხნის წინ მასტოპათია შუახნის ქალების დაავადებად მიიჩნეოდა. ბოლო ხანს ის საგრძნობლად “გაახალგაზრდავდა” და უკვე ყმაწვილ ქალებთანაც ხშირად გვხვდება...
თუ ანტიკურ ლეგენდას დავუჯერებთ, მასტოპათიით იყო დაავადებული უმშვენიერესი ქალღმერთი ჰერა. ტკივილი მკერდის არეში მას აუტანელ ტანჯვას აყენებდა. საბედნიეროდ, ასკლეპიოსმა, მკურნალობის ღმერთმა, შეძლო მისი დახმარება. მან ჰერას მოუმზადა სამკურნალო ნაყენი გამთენიისას მთაში შეგროვილი ბალახებისგან, რომლებზეც მას ბრძენმა კენტავრმა ქირონმა მიუთითა.
ჰერა განიკურნა. თანამედროვე ექიმები ალბათ იტყოდნენ, რომ ჰერას გაუმართლა - სენი დროულად გამოვლინდა და მკურნალობამ სწრაფი შედეგი გამოიღო. ადრეული დიაგნოსტიკა ხომ წარმატებული თერაპიის საწინდარია. ამიტომ, თუ მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე მკერდი გიმაგრდებათ და გტკივათ, მასში გესინჯებათ გამკვრივება, ნუ გადადებთ ექიმთან მისვლას. გახსოვდეთ, რომ ქალის მკერდი ძალიან ნაზი, სუსტი და მტკივნეულად სათუთია, მის ავადმყოფობასა და ტკივილთან ხუმრობა არ შეიძლება! მასტოპათია დაავადებაა, რომლის შედეგადაც იცვლება სარძევე ჯირკვლის ქსოვილის სტრუქტურა. სამედიცინო წრეებში დღემდე არ არსებობს საერთო აზრი იმის შესახებ, რა იწვევს მას, თუმცა ცნობილია რისკის ფაქტორები, რომელთა ერთობლიობაც პროვოცირებას უწევს ამ სენის განვითარებას. მათ ნუსხაში პირველი ადგილები უკავია ხშირ აბორტს, არარეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას, გვიან მშობიარობას, ძუძუთი კვებაზე უარის თქმას - ტყუილად როდი უწოდებენ ექიმები მასტოპათიას “ემანსიპაციის საზღაურს”. სხვა პროვოკატორებს შორისაა სარძევე ჯირკვლის ტრავმები და დაზიანებები, ჰორმონული დარღვევები, სტრესები, ასევე - ჰორმონული პრეპარატების უკონტოლო მიღება და მზის სხივებისა და აბაზანების ბოროტად გამოყენება. პრობლემის დროულ აღმოჩენასა და გაცნობიერებაში დაგეხმარებათ რეგულარული ვიზიტი მამოლოგთან (წელიწადში ერთხელ მაინც) და მკერდის ყოველთვიური თვითდიაგნოსტირება. ის უნდა ჩატარდეს ყოველი მენსტრუაციის დაწყებიდან მე-5-8 დღეს - ამ პერიოდში სარძევე ჯირკვლები არ არის გადიდებული და დაჭიმული. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ძუძუსთავის შესახედაობას და მკერდის ზომებს. სარძევე ჯირკვლების ზომებს შორის მცირე სხვაობა ნორმაა, შესამჩნევი კი განგაშის სიგნალად უნდა აღიქვათ. მორიგეობით მოისინჯეთ მარცხენა და მარჯვენა ძუძუ საათის ისრის მიმართულებით ფუძიდან თავისაკენ, ჯერ - ფეხზე მდგომმა, შემდეგ - მწოლიარემ. ფრთხილად მოუჭირეთ ცერი და საჩვენებელი თითები ძუძუსთავს, დარწმუნდით, რომ გამონადენი არ გაქვთ. თუ რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ, აუცილებლად მიმართეთ მამოლოგს.