საფრთხეები, რომლებიც ელის მოზარდს ელექტრონული სივრცისგან და მშობლების არასწორი მიდგომებისგან
გადაცემა "პრაიმ შოუს" ეთერში ფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მოზარდების მხრიდან გამოვლენილ აგრესიასა და მშობლების დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
- დღეს განსაკუთრებული ხასიათი მიიღო ახალგარდებში აგრესიულმა ქცევამ. ალბათ იმიტომ, რომ მოდელი ზოგადად ქცევის საქართველოში არის ძალადობრივი. ამიტომ ყველამ ჩვენი თავიდან თუ არ დავიწყეთ, არაფერი არ გამოვა. რაც შეეხება ბავშვის ბულინგისგან დასაცავ მექანიზმებს, ასეთი მექანიზმები არსებობს. როგორ არა. არის და განსაკუთრებით საბავშვო ბაღიდან არის ამის დაწყება მნიშვნელოვანი, როცა ბავშვებს მოაქვთ ამბავი, რადგან პატარაა და თვითონ ვერ იცავს თავს. 14 წლის ბავშვს რომ ამბავი მოაქვს, სხვა ისტორია და 5 წლის ბავშვი რომ გეხვეწება, საქმე გამარკვევინეო, ეს სხვადასხვა რაღაცაა. შესაბამისად, მშობლები ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ, ყველაფერი არ დაეჯერება ბავშვს, ბუნებრივია, იმიტომ, რომ ბავშვებს ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი აქვთ, მაგრამ ყურადღება იმას ნიშნავს, რომ მშობელმა მაინც გამოიძიოს ფრთხილად, რა ხდება. ჩვენი ამოცანა რა არის, რომ რაც ბავშვებს გააჩნია და ჩვენც გაგვაჩნია - სიბრაზე, აგრესია და ა.შ. - ეს ყველაფერი მისაღები გზით გამოიხატოს. ეს უნდა ვასწავლოთ და ეს არის პრევენცია.
საუბრისას ფსიქიოლოგმა ბავშვების ინტერნეტდამოკიდებულებაზე და ამ კუთხით არსებულ საფრთხეებეც გაამახვილა ყურადღება:
- სხვადასხვა ასაკში სხვადასახვა საშიშროებაა. ორ წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს უთქვამთ, რომ 6 თვიდან აიპედი აქვს ბავშვს და რაღაცებს უყურებს. ეს მას მერე აღმოჩნდება პრობლემა, როცა 2 წლის ბავშვი მოჰყავთ ხოლმე ჩვენთან და არ ლაპარაკობს. როგორც კი ჩვენ მშობელს ვეუბნებით, რომ მოაშორე ბავშვი ელექტრონულ სივრცეს, სადღაც 2 თვეში ბავშვი მოდის აზრზე, ხოლო უკვე გარდატეხის ასაკში ფაქტობრივად მიწებებულია ინტერნეტს დ კომპიუტერს. ეს არის ჩვეულებრივი დამოკიდებულება. აი, როგორიც არის ნარკოტიკზე დამოკიდებულება, აზარტულ თამაშზე დამოკიდებულება. იგივეა ზუსტად. ტვინია დამოკიდებული ამ გამღიზიანებელზე.
თამარ გაგოშიძემ იმასაც გაუსვა ხაზი, თუ არა ზიანს აყენებს ბავშვის ფსიქიკას, მშობლის ინვესტორული დამოკიდებულება:
- მშობლები თვლიან, რომ კონკურეტუნარიანი უნდა იყოს მათი შვილი, რომ ის არავინ არ დაჯაბნოს, რომ კარგი კარიერა გაიკეთოს... ეს მისასალმებელი და გასაგებია, მაგრამ ბავშვი მახინჯდება. ესე იგი შენ იხდი 40000 ევროს სკოლაში, რომ ბავშვი დილიდან საღამომდე იყოს გამოკეტილი იმიტომ, რომ თავისუფალი დრო არ დარჩეს. ამას გარდა ამ საწყალმა ბავშვმა უნდა იაროს ინგლისურზე, რუსულზე, მათემატიკაზე, გარდა იმისა, რასაც სკოლაში სწავლობს. აი, მოზრდილმა ადამიანმა რომ ეს გააკეთოს, რა დაემართება ხომ წრმოგიდგენიათ? და შედეგი იცით, რა არის? მთელ მსოფლიოში უკვე ეს ტენდენცია წამოვიდა, რომ აღარაფერი აღარ უნდა ბავშვს მერე. სკოლასაც და მშობელსაც ეჩვენება, რომ აკეთებს ამ ინვესტიციას ცოდნაში. ცოდნა რა არის 21-ე საუკუნეში? მანქანას ხომ ვერ ვაჯობებთ ჩვენ? იმან ჩვენზე მეტი იცის და ჩვენ რას ვაკეთებთ - ვტენით ამ ბავშვებს, ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმისთვის, რაც შეიძლება ბევრი იფორმაციით და გვგონია, რომ ეს არის ინვესტიცია მომავალში. არადა ეს არის წარსული, გუშინდელი დღეა. შენ უნდა იცოდე ცოდნის გაფილტვრა. ეს ვინ უნდა გასწავლოს? ინფორმაციის გაფილტვრა ვინ უნდა გასწავლოს? გუნდური მუშაობა ვინ უნდა გასწავლოს? სხვა ადამიანის აზრის გათვალისწინება ვინ უნდა გასწავლოს? სხვის პოზიციაზე დადგომა და იქიდან შეხედვა ვინ უნდა გასწავლოს? ეს ყველაფერი სკოლამ უნდა გასწავლოს, - აღნიშა ფსიქოლოგმა.