ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ბავშვებზე სექსუალური ძალადობა, პედოფილია, საკმაოდ აქტუალური პრობლემაა და როგორც წესი, საზოგადოება ამის შესახებ მაშინ იგებს, როცა ბავშვი უკვე მსხვერპლი ხდება. არასამთავრობო ორგანიზაციის "თანადგომა" ფსიქოლოგი, ტრენერი, პროგრამების მენეჯერი
ხათუნა ხაჟომია გვესაუბრება, რა უნდა ასწავლოთ შვილებს, რომ ძალადობისგან თავი დაიცვას, ვის უნდა მიმართოს, როცა უფროსი არ უჯერებს და რა წესები უნდა იცოდეს უცხო ადამიანებთან კომუნიკაციისას:
- ჩვენს ქვეყანაში სექსუალური ძალადობის ამოცნობა საკმაოდ დიდი პრობლემაა, თუმცა, საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, აუცილებელია, ბავშვს რაიმე სასარგებლო ინფორმაცია ჰქონდეს, რომ თავი დაიცვას მოძალადისგან. ხშირ შემთხვევაში, ძალადობა დროში გახანგრძლივებულია. თუ პედოფილიის შემთხვევებს დავაკვირდებით, მოძალადეს ნდობის მოპოვება, ბავშვთან დაახლოება სჭირდება, ამისათვის გარკვეულ სქემებსა და სცენარებს მიმართავენ და თუ ბავშვს ეცოდინება, როგორ ამოიცნოს ძალადობა, ფაქტის დასაწყისშივე აღმოფხვრა შესაძლებელი იქნება. ძალადობა ეხება როგორც ბიჭებს, ასევე გოგონებს და ნუ ჩავთვლით, რომ პედოფილების სამიზნე მაინცდამაინც მხოლოდ პატარა გოგონები არიან. პირველ რიგში, ბავშვმა უნდა იცოდეს სხეულზე ის ადგილები, რომლებზე შეხებაც პირდაპირ მიანიშნებს ძალადობაზე. ამის სწავლება კი მარტივია - შვილებს ვეუბნებით, რომ იმ ადგილებზე შეხება, რომლებიც საცურაო კოსტიუმით, საცვლებითაა დაფარული, არავის შეუძლია და მხოლოდ მშობელს აქვს უფლება, დაბანისას დაეხმაროს. ბავშვებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ არ შეიძლება, უცხო ადამიანი სხეულის ამ ნაწილებზე ეხებოდეს. ძალიან კარგია, თუ ემოციების ამოცნობასაც ვასწავლით, რადგანაც ეს ის ადგილებია, სადაც შეხება ნეგატიურ განცდებს გამოიწვევს. ბავშვი თუ დააკვირდება საკუთარ ემოციას და იტყვის, რომ ეს არ მოსწონს, მშობლისთვის ესეც მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება.
გარდა ამისა, აუცილებელია, შვილებს ვასწავლოთ, რას ნიშნავს კარგი და ცუდი საიდუმლო. ხშირ შემთხვევაში მოძალადეები ბავშვებს აშანტაჟებენ, მანიპულირებენ, ეუბნებიან, რომ ის, რაც მოხდა, არავის უთხრან, მათი საიდუმლო იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებიან და აშინებენ. ამიტომაცაა აუცილებელი, რომ ბავშვმა პატარა ასაკიდან იცოდეს, რას ნიშნავს საიდუმლოს შენახვა და ასევე, რას ნიშნავს კარგი და ცუდი საიდუმლო. თუ არის ისეთი რამ, რაც მას არ მოსწონს და უცხო ადამიანი აიძულებს, რომ საიდუმლოდ დატოვოს, ეს იმას ნიშნავს, რომ უფროსს უნდა მიმართოს.
მოძალადეების შესახებ ხშირად არასწორი წარმოდგენა აქვთ - პედოფილიის შემთხვევები უმეტესად ოჯახის ახლობლების მხრიდან ფიქსირდება, ამიტომაც მანიპულირება და შანტაჟი უფრო ადვილად გამოსდით.
მშობლებმა ესეც უნდა აუხსნან ბავშვებს, რომ თუნდაც ოჯახის ახლობელი იყოს, არასწორი შეხების, საუბრის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა უთხრან უფროსს.
გარდა ამისა, ბავშვებმა უცხო ადამიანებთან მოქცევის წესები უნდა იცოდნენ. თუ ქუჩაში ვინმე შესთავაზებს კანფეტს, პატარა ლეკვის ჩვენებას, გასეირნებას, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დასთანხმდნენ და არსად არ უნდა წაჰყვნენ. ზოგადადაც, ნებისმიერი შეხება, რაც ბავშვს არ სიამოვნებს, აუცილებელია მშობელმა გააკონტროლოს. უფროსებმა ხშირად იციან ლოყაზე ჩქმეტა, კოცნა და მსგავსი ხუმრობები, მაგრამ თუ ეს ბავშვისთვის ნეგატიურ ემოციასთან ასოცირდება, აუცილებელია, რომ მშობელმა ამის შესახებ ისაუბროს. გარდა ამისა, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ უფროსს დახმარება სჭირდება, სხვას დაუძახოს დასახმარებლად და თავად არავის არსად წაჰყვეს. ხშირად, მოძალადეები მანიპულირებისათვის ეუბნებიან, რომ დახმარება სჭირდებათ.
მთავარი წესი, რაც მშობელმა ბავშვს პატარაობიდანვე უნდა ასწავლოს, არის ის, რომ სადაც არ უნდა გავიდეს ბავშვი, უფროსს აუცილებლად უნდა უთხრას, სად მიდის. უნდა იცოდნენ, რომ ეზოშია, ან სხვაგან აპირებს გასვლას. ეს, ერთი შეხედვით, მარტივი წესია, თუმცა ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.
თუ ბავშვი დამოუკიდებლად გადაადგილდება, მოხერხებულია, მშობლებს ჰგონიათ, რომ უკვე გაიზარდა და მეტ სითამამეს ანიჭებენ. ეს სითამამე ხშირად უსაფრთხო ქცევასთან შეუსაბამოა. ამიტომაც, ასაკის თავისებურებები ყოველთვის გასათვალისწინებელია.
- რა ნიშნებით უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია?
- ამოცნობა რთულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, დაკვირვებულ მშობელს, ალბათ, არ გამოეპარება. ასეთ დროს ბავშვის ხასიათი რადიკალურად იცვლება. თუ იქამდე ლაღი, მხიარული იყო, უცებ შეიძლება ჩაკეტილი გახდეს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცუდ ხასიათზე იყოს, არ ეკონტაქტებოდეს უფროსებს, თანატოლებს. ძალადობის კვალის ამოცნობა ყველაზე მარტივი სხეულიდანაა, როდესაც ბავშვს ჩალურჯებები, დაზიანებები აღენიშნება. მაგრამ, სანამ მოძალადე ფიზიკურ ძალადობაზე გადავა, ფსიქოლოგიური ძალადობა მიმდინარეობს და სწორეც ამის ამოცნობაა რთული. ამიტომ, ხასიათის რადიკალური ცვლილებებია ის, რაზეც მშობელმა აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება.
- ასეთ დროს საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ შესაძლოა, მშობელმა შვილს არ დაუჯეროს და იფიქროს, რომ ფაქტებს იგონებს - როგორ უნდა მიხვდეს უფროსი, რომ ბავშვი რეალური პრობლემის შესახებ საუბრობს?
- სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ფანტაზია საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული. შესაძლოა, სიტუაცია გააფორმონ და ძალადობის ფაქტი ისე აღწერონ, რომ არც იყოს რაიმე მომხდარი. მშობელი თუ დაკვირვებულია, შვილს ხშირად ესაუბრება, მიხვდება, ნამდვილად მოხდა თუ არა ის, რასაც ბავშვი აღნიშნავს. მაგრამ, თუ დაჯერება გიჭირთ, აუცილებლად ფსიქოლოგს მიმართეთ. ბავშვის ფსიქოლოგთან გასაუბროების შედეგად ადვილი დასადგენია, ეს ნამდვილი ამბავია, თუ ფანტაზიის წყარო.
- როცა ბავშვი საკუთარი პრობლემის შესახებ მშობელს უყვება და ის არ იჯერებს, ფიქრობს, რომ რაღაცას იგონებს, ვის უნდა მიმართოს?
- ძალიან რთულია დაიჯერო, რომ ახლობელი ადამიანი შენს შვილზე ძალადობს. თუმცა, აუცილებელია შვილებს ყურადღებით მოვუსმინოთ და გავაანალიზოთ, რას გვიყვებიან. თუ მშობელი ბავშვს არ უჯერებს, მაშინ მათთვის მთავარი რეკომენდაციაა, რომ არ შეწყვიტონ ამაზე საუბარი და არ დაემორჩილონ იმ მოცემულობას, რაც არის. აუცილებლად მოძებნონ სანდო უფროსი, რომელთანაც ფაქტის შესახებ ისაბრებენ. ბავშვი ყოველთვის ხვდება, მშობლის გარდა, ვისთან გრძნობს თავს ახლოდ და ვისთან შეუძლია ისაუბროს. ეს შეიძლება იყოს მასწავლებელი , უფროსი და-ძმა, დეიდაშვილი თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელსაც ენდობა.
- როგორ იქცევიან ყველაზე ხშირად პედოფილები და მოძალადეები და რა უნდა იცოდეს ბავშვმა ამის შესახებ?
- პედოფილების ამოცნობა ასეთი მარტივი რომ იყოს, ამდენი შემთხვევა აღარ გვექნებოდა. როგორც წესი, არიან ბავშვების მოყვარულები, ძალიან თბილები, ნდობაში ადვილად შედიან როგორც ბავშვებთან, ასევე ოჯახის წევრებთან. ეს ხანგრძლივი პროცესია. იშვიათია შემთხვევები, რომ ბავშვზე პირველივე დანახვისთანავე იძალადონ. როგორც წესი, ამ პროცესს თავისი შესავალი აქვს, ნდობის მოპოვება, ერთად თამაში, გართობა და ამიტომაცაა ძნელი დასაჯერებელი.
- ამ რეკომენდაციების ბავშვებისთვის გაზიარება სკოლებში ექიმის საათის ან სამოქალაქო განათლების ფარგლებში შესაძლებელია?
- დაწყებით საფეხურზე ბავშვები საგანს "მე და საზოგადოება" სწავლობენ და იქ ჯერჯერობით მსგავსი საკითხები შესული არ არის, თუმცა ახლა საგნობრივი სტანდარტის განახლება მიმდინარეობს და ვცდილობთ, რომ შევიტანოთ. რაც შეეხება ექიმის საათს, იქ პირად უსაფრთხოებასთან, ძალადობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი შედის და პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ძალიან საჭირო ინფორმაციას მიიღებენ, რითაც საკუთარი თავის დაცვას შეძლებენ და ეცოდინებათ, რა შემთხვევაში როგორ მოიქცნენ.
თამარ იაკობაშვილი