ხშირად საუბრობენ, რომ როცა ოჯახში ერთი ბავშვია, მას ყველა ანებივრებს, ყვერაფერს უსრულებენ და შესაბამისად, არასწორი ქცევები უყალიბდება. ამიტომაც, სპეციალისტები კონკრეტულ რეკომენდაციებს სთავაზობენ იმ მშობლებს, რომლებსაც მხოლოდ ერთი შვილი ჰყავთ, რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ბავშვი სხვადასხვა პრობლემისგან დაიცვან:
1. დაეხმარეთ მეგობრების შეძენაში
წაახალისეთ თქვენი შვილი, რომ სხვა ბავშვებთან ურთიერთობა ჰქონდეს. დაე, მას ბევრ ადამიანთან შეეძლოს კომუნიკაცია, იქნებიან ესენი მეზობლის ბავშვები, თქვენი მეგობრების შვილები თუ ბაღსა და დამატებით წრეებზე გაცნობილი თანატოლები. ამ გზით თქვენს შვილს სოციალური უნარები განუვითარდება, ისწავლის კომუნიკაციას, სხვების დახმარებასა და გათვალისწინებას.
2. ნუ დატოვებთ ბავშვს მხოლოდ თქვენს წრეში
რა თქმა უნდა, ის, რომ მშობელსა და შვილს შორის მჭიდრო ურთიერთობაა, ძალიან კარგია. მაგრამ, გახსოვდეთ, რომ ბავშვმა აუცილებლად უნდა ისწავლოს დამოუკიდებლობა. ხშირად, როდესაც ოჯახში მხოლოდ ერთი ბავშვია, ყველა ცდილობს, ყურადღება გამოიჩინოს, მის ნაცვლად რაღაცები გააკეთონ და ზედმეტად არ დატვირთონ. თუმცა ბავშვმა აუცილებლად დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეუძლია. მშობლები ზედმეტი ზრუნვით და მუდმივად კონტროლით, შვილს დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბების შესაძლებლობას ართმევენ.
3. დააწესეთ მკაფიო საზღვრები
ზოგიერთი მშობელი მეორე უკიდურესობაში გადადის და ბავშვს ძალიან დიდ თავისუფლებას ანიჭებს, ყველაფრის უფლებას აძლევს. მაგრამ, გახსოვდეთ, რომ სრულწლოვანებამდე, გადაწყვეტილებების უმეტესობა მშობლებმა უნდა მიიღონ და მათ უნდა მისცენ შვილს სწორი მიმართულება. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მშობელმა შვილს მკაფიო საზღვრები დაუდგინოს და უფლებებისა და მოვალეობების შესახებ უთხრას. ასევე, მშობლებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ საკუთარი ცხოვრებაც აქვთ. აუცილებლად დაუთმეთ დრო საყვარელ ჰობის, საქმიანობას, რომ ყოველდღიურობის დაბალანსება შეძლოთ.
4. ბავშვი ღილაკი არ არის, რომელიც უნდა მართოთ
ყველა მშობელს რეალური მოლოდინი უნდა ჰქონდეს. როდესაც ოჯახში ერთი ბავშვია, მშობლების ყველა ოცნება და სურვილი მას უკავშირდება. თუ ბავშვს მუსიკაზე სიარული არ სურს, ძალით ნუ ატარებთ და მის სუპერვარსკვლავობას ნუ გადაწყვეტთ. ყურადღებით დააკვირდით თქვენი შვილის ინტერესებს და მიეცით განვითარების შესაძლებლობა იმ კუთხით, რომელიც თავად სურს და მოსწონს.
5. ნუ მოსთხოვთ სრულყოფილებას
ნუ მოსთხოვთ ბავშვს, რომ ყველაფერში სრულყოფილი იყოს. ზომიერება და წონასწორობა ყველაფერში მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი მთელი ცხოვრება შექებაზე იქნება დამოკიდებული და სულ ექნება შფოთვა, რომ თქვენი მოლოდინები ვერ გაამართლოს.
6. გაანებივრეთ ზომიერად!
რა თქმა უნდა, გვინდა, ჩვენს შვილს ყველაფერი კარგი ჰქონდეს. მაგრამ, ზომიერება აქაც ძალიან მნიშნელოვანია. შექება, საჩუქრები, ტკბილეული, სამოსი - მშობლებს შვილებისთვის საუკეთესო ემეტებათ, თუმცა ბალანსის დაცვა ყველგან აუცილებელია. ბავშვის ყველა ახირება არ უნდა შესრულდეს. მან უნდა ისწავლოს, რომ საკუთარი ოცნებებისთვის, მიზნებისთვის ბრძოლა მოუწევს. ამიტომაც, გაანებივრეთ, მაგრამ ზომიერად.