როგორ ჩნდება სტრესი და როგორ დავეხმაროთ ბავშვს? სკოლა თუ საბავშვო ბაღი, წრეები და სექციები, ინფორმაციის უწყვეტი წყარო და ახალი შთაბაჭდილებები, ამას დამატებული მშობლის მხრიდან მოთხოვნები და შენიშვნები... გასაკვირი არ არის, რომ თანამედროვე ბავშვები გამუდმებულ სტრესში არიან. როგორ ამოვიცნოთ სტრესის ნიშნები? სიტყვა „სტრესი“ ინგლისური წარმომავლობისაა და ნიშნავს „ზეწოლას, დაძაბულობას“. წარმოიშობა ინტელექტუალური და ემოციური დატვირთვის დროს. თუ მოზრდილ ადამიანს შეუძლია ამოიცნოს სტრესის ნიშნები და მიმართოს სპეციალისტს, ბავშვები ამ მხრივ რთულ სიტუაციაში არიან. ბავშვი ვერ ხვდება, რა ემართება, არ იცის, როგორ გაუმკლავდეს ამ ყველაფერს. ამიტომ მშობლებმა დროულად უნდა აღმოაჩინონ ბავშვის ხასიათის ცვლილებები და დროულად დაეხმარონ სიტუაციის მართვაში.
როგორ ჩნდება სტრესი და როგორ დავეხმაროთ ბავშვს?
1. რეგრესი
ეს ნიშნავს ბავშვის ქცევის დაბრუნებას ადრეულ ბავშვობაში: თითის წოვა, ტირილი, როდესაც დედა ტოვებს და მიდის - მაშინ. აქვს უნებლიე შარდვა საწოლში. გამუდმებით ითხოვს ყურადღებას.
რა მოვიმოქმედოთ? ხელის შეშლა „რეგრესში“არ შეიძლება. მას უნდა, რომ მოეფერონ და დაამშვიდონ. მოითმინეთ - რეგრესი მალე გაივლის.
2. შიში
თუ ბავშვს მოულოდნელად დაეწყო შიში, გაარკვიეთ რისი ეშინია, როდის დაეწყო და რას უკავშირებს.
დაუსახელეთ ბავშვები, რომლებსაც არაფრის არ ეშინიათ. შეიძინეთ ღამის სანათი და დატოვეთ მთელი ღამით, რამდენჯერმე. თუ ჩვეულებრივი ბავშვი გადაიქცა მშიშარა ბავშვად, ე.ი. ის სტრესშია. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვს მაშინ, თუგამუდმებით ამოწმებს ჩაკეტილია თუ არა კარი, ყველგან ანთებს შუქს. მას უკვე ეშინია არა მხოლოდ ბნელი ოთახის, არამედ სურათების, რომლებიც კედელზე კიდია, ხმაურის და სიჩუმისაც კი.
რა მოვიმოქმედოთ? აქტიურად ჩააბით სხვადასხვა გასართობ და მისთვის საინტერესო საქმიანობაში, მაგ: ხატვა, ძერწვა. შეეცადეთ გაიგოთ შიშის მიზეზი, ან ჩუმად მოუსმინეთ თამაშის დროს რაზე ესაუბრება ბავშვი სათამაშოებს. თუ რთული მდგომარეობაა და თავად ვერ უმკლავდებით, აჩვენეთ ფსიქოლოგს.
3. აგრესიულობა
თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი პატარა აქამდე დამჯერი და მშვიდი - ახლა უხეში და აგრესიული გახდა (ისვრის სათამაშოებს, ჩხუბობს, პასუხობს უხეშად), იცოდეთ, რომ ეს სტრესის ნიშნებია.
რა მოვიმოქმედოთ? აგრესიის დაშლა არ შეიძლება, სჯობს გადაიტანოთ იგი სხვა ფორმაში:„ერთად გააანალიზეთ შექმნილი კონფლიქტური სიტუაცია, მოძებნეთ დაგროვილი ენერგიის კონსტრუქციული გამოსავალი: აქტიური სპორტი, მოძრავი თამაშები თანატოლებთან ერთად, მოაწყვეთ თოჯინების ჩხუბი.
4. ხასიათის ცვალებადობა
ბავშვი ხან უმიზეზოდ ნაწყენია, შეუძლია უმიზეზოდ იყვიროს ან პირიქით - ხდება საკმაოდ აგრესიული. ცოტა მოზრდილ ბავშვებს ხშირი ისტერიკები ახასიათებთ, ან დეპრესიული ხასიათი - ყველა ეს სიმპტომი სტრესზე მიგვანიშნებს და მშობელი უნდა იყოს ყურადღებით.
ბავშვთა კოლექტივი ასეთია: ბავშვები როდესაც იქ ხვდებიან - იცვლებიან. ზოგიერთი ხდება აგრესიული, ზოგიერთი კი პირიქით - თავის თავში ჩაკეტილი. თუ ასეთი რამ შეამჩნიეთ, მიმართეთ ბავშვთა ფსიქოლოგს.
რა მოვიმოქმედოთ? ესაუბრეთ ბავშვს, გაარკვიეთ მისი ქცევის შეცვლის მიზეზი. ისწავლეთ მისი მოსმენა, რათა გამოხატოს თავისი ემოციები. ყურადღება მიაქციეთ მის პატარა მიღწევებსაც კი. დაიცავით ძილისა და კვების რეჟიმი.
5. ჯანმრთელობის პრობლემები
მშობლები ხშირად ვერ ხვდებიან, თუ რა არის მიზეზი შემდგომი სიმპტომებისა: ღებინება, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, გამონაყარი, ტემპეტარურა, ტკივილი მუცლის არეში და მრავალი სხვა უცნაურობა. ყველაფერი ეს არა მხოლოდ ვირუსებსა და ინფექციებთან არის დაკავშირებული, ხდება ნერვულ ნიადაგზეც, თუ ბავშვმა ძლიერ ინერვიულა.
რა მოვიმოქმედოთ? დასაწყისისთვის „დაალაგეთ“ ოჯახში ფსიქოლოგიური კლიმატი. კარგი იქნება, თუ გაესაუბრებით ბავშვთა ფსიქოლოგს თვითშეფასებასთან დაკავშირებით, აუცილებლად შეამოწმეთ, აქვს თუ არა ბავშვს საკუთარი დრო და სივრცე.
6. მოუსვენარი ძილი
სტრესის დროს ჩაძინების პროცესი ნამდვილი ტანჯვა ხდება: “აანთე შუქი, ჩამოაფარე ფარდა, ჩამჭიდე ხელი და ა. შ.“. ბავშვი გამოუძინებელია და დროთა განმავლობაში განიცდის ქრონიკულ გადაღლას.
რა მოვიმოქმედოთ? ძილის წინ გაუკეთეთ დამამშვიდებელი მასაჟი, სუნთქვითი ვარჯიშები, ერთად გააკეთეთ წარმოსახვითი ვარჯიშები, არომათერაპია, მასაჟი ეთერზეთებით. ძილის წინ წაუკითხეთ სასიამოვნო ზღაპრები. ხშირად ესაუბრეთ, ჩაეხუტეთ.
7. ჩამორჩენა სწავლაში.
ბავშვი რომ ცუდ ფსიქოემოციონურ მდგომარეობაშია, ამაზე მეხსიერების დარღვევებიც მიუთითებს: სუსტი ყურადღების კონცენტრაცია, ყველაფრის მიმართ ინტერესის დაკარგვა და სხვ.
რა მოვიმოქმედოთ? ყოველდღიურად დაინტერესდით ბავშვის სკოლის ამბებით. ნუ იქნებით ჩაციკლული შეფასებაზე, გამოკითხეთ ყველაფერი, ნუ დაიშურებთ საქებარ სიტყვებს, შეამჩნიეთ მისი ყველაზე მცირედი წარმატებაც კი. შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ რთული დავალებების შესრულებაში.
8. ადვილად დაღლა
ყურადღებისა და დამახსოვრების დაბალი მაჩვენებელი. სირთულეები სწავლის პროცესთან დაკავშირებით, ბავშვი ადვილად იღლება, დაბნეულია და გულმავიწყი.
რა მოვიმოქმედოთ? გაეცანით ბავშვის ემოციებსა და განცდებს. ბავშვმა რომ თქვენი თანადგომა იგრძნოს, მნიშვნელოვანია, რომ მან იცოდეს: თქვენ უნდა იყოთ მუდმივად „ხელმისაწვდომი“, როდესაც მას დასჭირდება თქვენი თანადგომა და თავის პრობლემებზე საუბარი. ნებისმიერ სიტუაციაში გამოხატეთ თანადგომა და რაც შეიძლება ხშირად ჩაეხუტეთ.
9. იზოლაცია
ფსიქოლოგიური სტრესი ბავშვმა შეიძლება გამოხატოს კონტაქტის შიშში. ის არ ეთამაშება თანატოლებს, აქვს ქცევის და დისციპლინის დარღვევები.
რა მოვიმოქმედოთ? დასაწყისში საჭიროა გაერკვეთ სტრესულ სიტუაციაში; თუ ამ ეტაპზე ბავშვს არ აქვს რესურსი თანატოლებთან ურთიერთობისა - ნუ დააძალებთ. თუ მისი სურვილი იქნება, დაეხმარეთ დაუმეგობრდეს ჯერ ერთ ბავშვს; ერთად წადით სასეირნოდ.
10. კომპულსიური ნიშნები
სტრესული მდგომარეობის მაჩვენებელია: თითზე თმის დახვევა, ფრჩხილების კვნეტა, დღის და ღამის უნებლიე შარდვა, ენის ბორძიკი.
რა მოვიმოქმედოთ? სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ ადეკვატური ფიზიკური დატვირთვა: ყოველდღიური სეირნობა ფეხით ან ველოსიპედით, დილის ვარჯიში. ბავშვს უნდა ჰქონდეს საშუალება დახარჯოს ემოცია და სრულფასოვნად დაისვენოს, მოდუნდეს რთული დღის შემდეგ. თუ სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება, მიმართეთ ბავშვთა ფსიქოლოგსა და ნევროლოგს.
ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი ნიშანი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ბავშვი სტრესულ სიტუაციაშია. იყავით ყურადღებით: თუ მშობელი იგნორირებას უკეთებს ამ საგანგაშო ნიშნებს, ამან შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ბავშვის ნერვული სისტემა (მაგ: ქრონიკული ნევროზი გამოიწვიოს), ეს კი უარყოფითად აისახება მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში. ასე რომ, დაკვირვებით, კიდევე ერთხელ შეისწავლეთ თქვენი პატარა და მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დროულად იმოქმედეთ. არ დაკარგოთ პატარასთან კონტაქტი, გამუდმებით აუწყვეთ ნაბიჯი მისი ცხოვრების მიმდინარეობას, ემეგობრეთ, ელაპარაკეთ, ხშირად ჩაეხუტეთ, გიყვარდეთ უანგაროდ და რაც მთავარია, ეცადეთ, რომ ჯანსაღი და კარგი გარემო ჰქონდეს შინაც და გარეთაც.