"სულ ვცდილობ, მეუღლეს ყოფა შევუმსუბუქო და მასზე ვიზრუნო. ოცი წელია, ერთად ვართ" უკვე ექვსი წელია, ლევან ყოჩიაშვილი "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებლისთვის ერთ-ერთი საყვარელი გმირია, დათო გოცირიძის სახით. ამ წლების განმავლობაში დათო მრავალშვილიანი მამა გახდა. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში, მსახიობს ორი შვილი ჰყავს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც მან "თბილისელებს" მისცა:
- ლევან, მეთორმეტე სეზონის დასაწყისში როგორი შემართება გაქვთ? თან, ამ სეზონზე უკვე დიდი ბიჭის მამა ხართ, ახალი პრობლემებით.
- როგორც ყველა სეზონის წინ, ახლაც დიდი სტიმული გვაქვს. კი, ამ ჯერად ეს ხაზი იქნება რამდენიმე სერია აქტუალური თემა, მოზარდი ჯეკოს ამბები ძალიან საინტერესოა. ჩემი ნამდვილი შვილი ჯეგოზე ცოტა პატარაა, ათი წლის, ასე რომ, მსგავსი პრობლემები ჩვენ ჯერ არ შეგვქმნია. ეს პერიოდი სინამდვილეში, მე წინ მაქვს. ჯერ სერიალში გამოვცდი და მერე – რეალურ ცხოვრებაში. იმედია, სერიალის გამოცდილება დამეხმარება ჩემს შვილთან სამომავლოდ, მოზარდის პერიოდისთვის დამახასიათებელი სირთულეების გადალახვაში.
- აქ მრავალშვილიანი მამაც ხართ. რეალურ ცხოვრებაში არ გქონიათ ბევრი შვილის ყოლის სურვილი?
- მე მხოლოდ ორი შვილი მყავს. ადამიანი იმდენ შვილს აჩენს, რამდენის მოვლის თავიც აქვს. ბავშვების გაზრდა მარტივი ხომ არაა? ამიტომ, რამდენის თავიც მქონდა, იმდენი მყავს.
- შვილები რას გეუბნებიან, როგორი მამა ხართ?
- კმაყოფილები არიან ჩემით, პრეტენზიებს არ გამოთქვამენ. მე და ჩემი ძმებიც ასე გავიზარდეთ. მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, წინააღმდეგობები არ შეგვხვედრია. მე და ჩემი შვილებიც ვმეგობრობთ. უფროსი, კესო, უკვე დიდია - 19 წლის ხდება.
- ბიჭი არ არის ჯერ იმხელა, რომ მოზარდობისთვის დამახასიათებელი პრობლემები გქონდეთ, მაგრამ 19 წლის გოგოს მამობა მარტივია?
- სხვათა შორის, არაა რთული. კესუნა თვითონ ძალიან მშვიდი ბავშვია. ყოველთვის ასეთი იყო. კარგი შვილია, ჭკვიანია და კარგადაც სწავლობს. ამ ასაკში ადამიანს, რაც ევალება, ყველაფერს აკეთებს მეც, შეძლებისდაგვარად, ვუგებ და არანაირი უთანხმოება არ გვაქვს. სკოლა კარგად დაამთავრა, წარმატებულად ჩააბარა უნივერსიტეტში. თან, ძალიან პატარა, 19 წლის ვიყავი, როცა ის გაჩნდა და ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ზუსტად ოცი წლით დიდი ვარ მასზე, როცა შენც შვილთან ერთად იზრდები, სხვანაირი ურთიერთობა გიყალიბდება მასთან. მამაჩემმა მითხრა, შენ და კესუნა ერთად გაგზარდეთო. მესამე კურსელ ბავშვს მყავდა ბავშვი. სტუდენტისთვის, თან იმ პერიოდში, ძალიან რთული იყო ამხელა პასუხისმგებლობა. რა ბავშვზეა ლაპარაკი, როცა თვითონ ვერ გაგიგია, რა გინდა. ამიტომ, მშობლები გვეხმარებოდნენ.
- მამებს უჭირთ ხოლმე ქალიშვილების თაყვანისმცემლებთან შეგუება.
- რა თქმა უნდა, გოგოს თაყვანისმცემელი უნდა ჰყავდეს. მამები რომ ამბობენ, ჩემს ქალიშვილს არ გავათხოვებო, არ მესმის. რას ჰქვია, არ გაათხოვებ? გოგოს თაყვანისმცემლებიც უნდა ჰყავდეს და მერე ოჯახიც უნდა შექმნას. ვმეგობრობთ, მაგრამ პირად ისტორიებს მიყვება-მეთქი, ვერ ვიტყვი. ჩვენც ხომ არ ვუყუებოდით ყველაფერს ჩვენს მშობლებს?!
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
- თქვენი შვილის ტოლი იყავით, როცა ოჯახი შექმენით, რა რეაქცია გექნებათ, ახლა კესომ რომ გითხრათ, გათხოვებას ვაპირებო?
- ამას გააზრება და წინასწარ შემზადება სჭირდება. არ მიფიქრია ამაზე და არ ვიცი, რას ვიზამ. მაგრამ, ალბათ, კედლებზე სირბილს არ დავიწყებ. ასე ვუთხარი მეც ჩემს მშობლებს და არავის გაუწევია წინააღმდეგობა. ასე ვიზამ მეც, სხვანაირად რომ მოვიქცე, უსინდისო უნდა ვიყო, როცა მე ასეთი გამოცდილება მაქვს. თუმცა, ჯერ არ აპირებს.
- როგორი მეუღლე ხართ?
- სულ ვცდილობ, მეუღლეს ყოფა შევუმსუბუქო და მასზე ვიზრუნო. ოცი წელია, ერთად ვართ. როცა შვილები იზრდებიან, საზრუნავი იმატებს და მეტი ყურადღება ბავშვებზე გადადის, მაგრამ ვცდილობ, მეუღლესაც არ მოვაკლო ყურადღება და არ ვაწყენინო.
- ორივე დაკავებულები ხართ, ეხმარებით საოჯახო საქმეებში?
- როგორ არა, შემიძლია, მეუღლეს ყველაფერში დავეხმარო. ყოველთვის ასე იყო. ძალიან პატარები ვიყავით, ერთად ცხოვრება რომ დავიწყეთ და როცა მშობლები არ იყვნენ ჩვენთან ერთად, საოჯახო საქმეები მხოლოდ მეუღლეზე არასდროს ყოფილა დამოკიდებული. სახლის დალაგებაშიც ვეხმარებოდი და ბავშვის მოვლაშიც. ახლა კი დამავიწყდა, მაგრამ მაშინ ყველაფერს ვაკეთებდი. ბავშვს ვაბანავებდი და ასე შემდეგ. იხილეთ სრულად