"საღამოს კი ძალიან გვიან მიწევს სახლში მისვლა და ბავშვებს სძინავთ" ყველასთვის ცნობილი და საყვარელი პედიატრი თემურ მიქელაძე ორი ქალიშვილის მამაა. mshoblebi.ge-ს ის შვილების აღზრდასა და ოჯახურ ცხოვრებაზე ესაუბრა. რა თქმა უნდა, რამდენიმე საგულისხმო რჩევაც მისცა ჩვენს მკითხცველებს.
- ოჯახი 35 წლის ასაკში შევქმენი. მეუღლე სპეციალობით ნერვოლოგი გახლავთ. მყავს ორი შვილი, მარიამი და ანასტასია, შვილები რვა და ექვსი წლის არიან... უფროსი შვილი ყოველთვის მე დამყავს სკოლაში, საღამოს კი ძალიან გვიან მიწევს სახლში მისვლა და ბავშვებს სძინავთ. შაბათ-კვირას დაახლოებით სამ-ოთხ საათს ბავშვებთან ვატარებ. მხოლოდ ზაფხულის და ზამთრის არდადეგებზე ვახერხებ სრულყოფილად, ათ-ათი დღე ოჯახისთვის გამოვყო. შესაბამისად, ზამთარში ზამთრის კურორტებზე მივდივართ დასასვენებლად და ზაფხულში - ზღვაზე...
- როგორ იხსენებთ იმ ემოციას, როდესაც მამა გახდით? ბევრი ამბობს, რომ სიტყვებით ვერ გადმოცემს იმ განსაკუთრებულ გრძნობას...
- მე ასეთი ემოციები არ მქონია, რადგან უამრავ პაციენტთან მქონია შეხება, ყველა შეიძლება შენიანად ჩათვალო, რადგან ბევრი ზრუნვა გიწევს. დამოუკიდებელ ექიმად მუშაობა დაახლოებით 20 წლის წინ დავიწყე, მანამდეც ვმუშაობდი და ამ დროის განმავლობაში ყველა ასაკის ბავშვი მყოლია პაციენტის რანგში. ახალშობილები, რომელიც პირველად გასინჯვაზე მოჰყავთ, სამი ან ხუთი დღის ყოფილან... ძალიან პატარა ბავშვებს
იმდენად ვიყავი შეჩვეული, რომ განსაკუთრებული ემოცია აღარ მქონია, როდესაც ჩემი შვილი პირველად დავინახე... მშობიარობა იყო რთული, უამრავი პათოლოგია მაქვს ნანახი და პირველ რიგში იმაზე ვფიქრობდი, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს-მეთქი. პირველ მშობიარობას დავესწარი და მეორეს არა. მეორეზე არ იყო დასწრება აუცილებელი, რადგან დაგეგმილი საკეისრო კვეთა ჩატარდა...
- ბავშვებს განსაკუთრებულად ანებივრებთ, მაგალითად ძვირადღირებული სკოლაში დაგყავთ?
- არა, ძვირადღირებულ სკოლაში არ დამყავს! რაც ვნახე, ძვირადღირებული და ძალიან იაფიანი სკოლების შედეგები აბსოლუტურად ერთი და იგივეა! ქვეყანაში ზოგადი განათლების პრობლემაა და ყველაზე ერთნაირად აისახება. ზოგ შემთხვევაში საჯარო სკოლის მოწაფის მომზადება ბევრად ჯობია ძვირადღირებული სკოლის მოწაფისას... გასაგებია, რომ ყველაზე დიდი ინვესტიცია შვილის განათლებაში ჩადებული ფულია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გადააკონტროლოს მშობელმა! საკმაოდ დათვურ სამსახურს უწევენ შვილებს, როდესაც მოიკითხავ სკოლაში ბავშვის დონეს და გეტყვიან, რომ ყველაზე ჭკვიანი თურმე შენი შვილია, ეს ძვირადღირებულ სკოლებს ახასიათებთ უმეტესად და რეალურად ასე არ არის. ყველაფერი ბიზნესს ემსახურება. ყველანაირი პაციენტი მყავს, ძალიან ძვირადღირებული სკოლებიდანაც და რეგიონის სკოლებიდანაც, ვამჩნევ, რომ რეგიონის ბავშვები უფრო მოწადინებული არიან და კარგი შედეგებიც აქვთ. დასაფასებელია რეგიონის ის პედაგოგები, რომლებიც ზოგჯერ ხუთ და ათ კილომეტერს გადიან და ბავშვებს განათლებას აძლევენ. იქ კლასში ოთხი-ხუთი ბავშვი ზის და პედაგოგები არ აძლევენ საშუალებას, რამე არ ისწავლონ. ძვირადღირებულ სკოლებში კი მაქსიმალურად ცდილობენ დრო მალე ამოწურონ და სახლში გაიქცენ...
მეც შემიძლია ამ სკოლაში ბავშვები ვატარო, მაგრამ არ არის საჭირო ბავშვები გავაზულუქოთ.
ილია ჭავჭავაძის სიტყვები უნდა გვახსოვდეს და განათლების პრობლემებს უნდა მიხედონ, ვისაც ევალებათ, ჩვენ – ექიმები სამწუხაროდ ამას ვერ მოვაგვარებთ.
- თქვენთან უამრავი მშობელი მოდის, რომლებსაც რეკომენდაციას აძლევთ, თუ როგორ გაზარდონ ბავშვები... თქვენ თვითონ ამ ყველაფერს პრაქტიკაში იყენებთ, თუნდაც აცრებს, კვების რაციონს და ასე შემდეგ?
- რა თქმა უნდა! მე ვარ იმუნიზაციის ექსპერტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსი და ყველა აცრა აქვს ჩემს შვილებს ჩატარებული, მათ შორის უფასო ვაქცინაც, ფასიანი ვაქცინაც! მე მომხრე ვარ იმუნიზაციის და რეკლამას ვუწევ ყველას დროულად გაუკეთდეს! უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები ისეთი დაავადებებსგან, რომელთა მკურნალობაც საკმაოდ ძვირი ჯდება! .
თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა - სანამ ბავშვი გამიჩნდებოდა, მეც ვუნიშნავდი ხოლმე პაციენტებს გაზების საწინააღმდეგო წამლებს, სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს. რა თქმა უნდა, სრულიად ზედმეტია ბევრი მედიკამენტოზური ჩარევა და არც ვნიშნავდი ზედმეტს, მაგრამ დღეს სრულიად მკაფიოდ ვამბობ, რომ ვითომ გაზების საწინააღმდეგო წამლები, ვითომ დამამშვიდებლები სრულიად ზედმეტია!
უკვე ცხრა წელია გამოვცადე და ნამდვილად არ სჭირდება ბავშვს. მთავარია, ბავშვი სწორად ვკვებოთ! ჩემი ორივე შვილი წელიწადნახევრის განმავლობაში ძუძუთი კვებააზე იყვნენ, მიუხედავად საკეისრო ჩვენებებისა... ექვს თვემდე ექსკლუზიურად ძუძუთი იკვებებოდნენ, შემდეგ დავამატეთ და წელიწადნახევრამდე დედის რძეს იღებდნენ. თუ ორსულობის და მშობიარობის სწორი მართვა მოხდება, დედას რძე აუცილებლად ექნება! დედები არ უნდა აყვნენ მცდარ ტენდენციებს! ძალიან ხშირად დედები გადაღლილები არიან. კარგი იქნება თუ ბავშვთან ერთად დედაც დაიძინებს და სახლში მშვიდი გარემო იქნება. არ შეიძლება ისეთი გამაღიზიანებელი გარემო, როდესაც ბებიები, დეიდები და მთელი ნათესაობა მოდის და დედას ყველა თავის რეკომენდაციას აძლევს, არიქა ხელოვნურზე ჯობია გადაყვნა, მკერდი გაქვს გამაგრებული, მასაჟებს გაგიკეთებო და ათასი სისულელეები... არსებობს რეკომენდაციები, რომელიც წიგნის სახით გავაკეთეთ პროფესორ ავთანდილ კვეზერელთან და დათო რეხვიაშვილთან ერთად. არ არის აუცილებელი წიგნის შეძენა, მრავალ საიტზეა ხელმისაწვდომი და თუ მშობლები ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, ყველაფერი კარგად იქნება! კი ბატონო შეიძლება ხელოვნური კვების შერჩევაც, მაგრამ საქართველოში იმდენი ხელოვნური კვებაა, მემგონი ევროპის არცერთ ქვეყნებში არ არის ამდენი. თუ სწორად შეარჩევს მშობელი, ბავშვს გაზები არასოდეს არ დაუგროვდება...
- ბავშვის გაზრდაში ფიზიკურად ერთვებოდით?თუ გიბანავებიათ, ღამე გაგითენებიათ, საფენი გამოგიცვლიათ?
- საფენი ბავშვისთვის გამომიცვლია! უბრალოდ, ჩემი მეუღლე ყოველთვის ხელს მიწყობდა და მაქსიმალურად ცდილობდა, ყველაფერი თავის თავზე აეღო... ექვსი საათი მაინც რომ არ დამეძინა, იმდენად მძიმე პაციენტები მოჰყავდათ ხოლმე, რომ მათი მართვა ძალიან გამიჭირდებოდა.
- გოგონების მამა ხართ... დღეს ერთგვარი კამპანიაც არის საქართველოში სელექციური აბორტის მიმართ და თქვენ რას იტყოდით იმ მშობლებზე, რომლებსაც აუცილებლად ვაჟი სურთ?
- ეს არის ქვეყნის ზოგადი განათლების პრობლემა! ამაში შედის დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ასე შემდეგ... არცერთ ქვეყანაში არ მინახავს ექოსკოპიის დასკვნაში სქესს წერდნენ! ეს აბსოლუტური უმეცრებაა. მხოლოდ მაშინ უნდა დაიწეროს თუ დაფიქსირდა პათოლოგია, რომელიც სქესთან არის დაკავშირებული. ჯანმრთელ ბავშვზე რომ დავწეროთ, გოგოა თუ ბიჭი და ამის გამო აბორტი გაკეთდეს, ეს არის კრმინალი, ისედაც კატასტროფული დემოგრაფიის პირობებში!
მანანა გაბრიჭიძე