"ხშირად ვკითხულობ თქვენს რუბრიკას - "მკითხველის ამბებს". მომინდა, რომ ჩემი გულისტკივილი და საფიქრალიც გაგიზიაროთ. ალბათ ბევრი გამკიცხავს, ჩემი ამბის საჯაროდ გამოტანის გამო, მაგრამ რაზეც ახლა მინდა ვისაუბრო, ხმამაღლა ვერც მეგობრებთან და ვერც ოჯახის წევრებთან ვერ ვიტყვი, არადა შინაგანად მჭამს და ფსიქოლოგიურად მანგრევს. ბევრჯერ გექნებათ გაგებული, მოსმენილი, ზოგადად, ყბადაღებუილ თემაა რძლებისა და დედამთილების ურთიერთობა, მაგრამ ჩემი სიტუაცია მინდა, რომ უცხო თვალმა წაიკითხოს და შეაფასოს. უკვე 4 წელია, რაც ქმრის ოჯახთან ერთად მიწევს ცხოვრება. გარკვეული პრობლემების გამო, ჩემი მშობლების ნაჩუქარი ბინის გაყიდვა მოგვიწია და დედამთილ-მამამთილთან გადმოვედით საცხოვრებლად. სახლი ჩემი მეუღლის არის იურიდიულად, მაგრამ, უკვე მეოთხე წელია სტუმარივით ვცხოვრობ. ალბათ ინდურ და თურქულ სერიალებში თუ გექნებათ ნანახი მსგავსი სიტუაცია, ერთი სცენარით - დედამთილი უფროსია ოჯახში, რძალი კი, თანაც "უმცროსი" რძალი, მისი სიტყვის უპირობო მორჩილი - ანალოგიური სიტუაციაა ჩვენთან. რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა მოვიქცე, რომ რამე მოეწონოს. დღე იწყება შენიშვნებით და ღამდება შენიშვნებით. არ აქვს მნიშვნეობა, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, თანაც იმდენად ელემენტარულ რაღაცებზე მაძლევს შენიშვნას, ძალიან ვღიზიანდები, ალბათ გაგეცინებათ, მაგრამ მაინც გეტყვით, მგალითად, პომიდორი არ შემიძლია, რომ ჩემი გემოვნებით, კანიანად მივირთვა, კანი უნდა გავაცალო (თვითონ ასე უყვარს). აქვს ძველი საბჭოთა დროინდელი ჭურჭელი, ახალი თუ რამე ვიყიდე, შტრიხკოდებს ინახავს, შემდეგ გადასამოწმებლად, რომელი ქვეყნისაა, მაჩვენებს რომ აი, ამა და ამ ქვეყანაში ამზადებენ და უხარისხოა, შედეგ ჩემს თვალწინ ყრის. თუ რაიმეს მომზადება მინდა, ვცდილობ, როცა სადმე წავა მოვასწრო. თუ სახლშია, სამზარეულოს ვერ ვეკარები, ასე ქენი ისე ქენიო, ყველაფერში ცხვირს ყოფს და ჭკუას მასწავლის, განერვიულებულზე კიდევ არაფერი არ გამომდის, შემდეგ ნიშნის მოგებით მეუბნება: აი, რომ მოგეთმინა მე უფრო გემრიელი გამომივიდოდაო". ხილი თუ მოვასწარი და გავრეცხე, მიმოწმებს, როგორი გარეცხილია: "შენ კი გარეცხავდი, მაგრამ მეც გადავავლებ" და თავიდან რეცხავს, არ მენდობა, როგორც ჩანს, მაგრამ რით ვიმსახურებ უნდობლობას, ვერ გეტყვით. ჩემი ნაყიდი სარეცხის საშუალებები, რაც საერთო მოხმარების არის, დედაჩემს გაატანა, "კარგს" მერე ვიყიდიო გამომიცხადა. თუ სადმე წავედით დასასვენებლად და ცოტა დიდხანს მომიწია შინ არ ყოფნა, ჩემს საკუთარ ნივთებსაც კი თავის ჭკუაზე გადაალაგებს, გადაფუთავს ინახავს. მერე ვეძებ და მეუბნება, რომ "არ ახსოვს" და ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ ნამდვილად არ ახსოვს. ყველაფერში მაჯიბრებს და მადარებს თავის უფროს რძალს, თავისი ქცევებით ის გოგოც ისე შემაძულა, დანახვა არ მინდა და სულ ვცდილობ, მოვერიდო. ცდილობს, რომ ბავშვებზეც თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა, მაგრამ ისინი უკვე დიდები არიან და ვერ ახერხებს კონტროლს მათზე. ამ ყველაფრის ფონზე ძალიან ეკლესიურია, მარხულობს, ეზიარება, წირვას არ აცდენს. მეუღლესთან ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს, არადა, რაც დრო გადის უფრო და უფრო მიჭირს გაძლება. ჩემს მშობლებთან რამის თქმა გამორიცხულია, არ მინდა დაძაბული ურთიერთობა მათ შორის, მეგობრებთან კიდევ გულის მოსაოხებლად თუ მოვყვები რამეს, მაგრამ არც ის მინდა, ჩემი ოჯახის ამბავი გავიტანო სახლიდან, ისევ იმიტომ, რომ ოჯახის სახელს ვუფრთხილდები, გარედან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, ამიტომ ვარჩიე ანონიმურობა. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე, ცალკე გადასვლა ჯერჯერობით გამორიცხულია ფინანსური პრობლემების გამო. ძალიან მჭირდება ახლა დახმარება და გთხოვთ, უარყოფით კომენტარებსაც ნუ დამიწერთ, მათთვის ვისთვისაც ეს სიტუაცია უცხოა და არ აქვს გამოცდილება, ადვილია სხვაზე ქილიკი და აგდებით საუბარი. ძალიან გთხოვთ, გულთან მიტანოთ ჩემი ისტორია. ყველა კომენტარს წავიკითხავ გულდასმით".