"ზოგ მშობელს ჰგონია, რომ ეს რისკები მხოლოდ თეორიულად არსებობს. სინამდვილეში, მსოფლიოში არც ერთი ბავშვი რომელიც ინტერნეტით სარგელობს ბოლომდე დაცული არ არის"
ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები, მსოფლიოს ინტერნეტის მომხმარებელთა მესამედია. ყოველი სამიდან ერთი ბავშვი ინტერნეტმომხამრებელია. ინტერნეტით დაინტერესებული ბავშვების ასაკი სულ უფრო მცირდება.
თავისთავად ის ფაქტი, რომ ბავშვებს ინტერნეტზე ხელი მიუწვდებათ, კარგია. თანამედროვე ეპოქაში ციფრული ბარიერი დაკარგულ შესაძლებლობებს უდრის. ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტი მოკლებულნი არიან საგანმანათლებლო რესურსებს, გლობალურ ინფორმაციას, როგორც ციფრული უნარების შეძენას, ასევე თვითგამოხატვის ახალი ფორმების განვითარების შესაძლებლობას. დადგენილია, რომ როცა ადამიანი ზრდასრულ ასაკს აღწევს და შრომით საქმიანობაში ერთვება, ინტერნეტზე წვდომა ან მისი უქონლობა შესაძლოა მისთვის პირდაპირ ნიშნავდეს თავის რჩენის შესაძლებლობას ან ამ შესაძლებლობის არ ქონას. ინტერნეტით მოსარგებლე ბავშვები საკუთარ სათქმელს გამოხატავენ ბლოგებით, ვიდეოებით, სოციალური მედიით, ჰაშთაგებით და სხვა საშუალებებით. ისინი აღიარებენ ციფრული საშულებების პოტენციალს ინფორმაციის მოპოვებაში და იმ პრობლემების მოგვარებაში რაც მათ ოჯახებს და თემებს აწუხებს.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ონლაინ რისკები და ინტერნეტის შესაძლო მავნე ზეგავლენა ბავშვთა კეთილდღეობაზე.
ციფრული საფრთხეები, ონლაინ ცხოვრების ზიანი:
ინტერნეტი ზრდის ტრადიციულ რისკებს და ქმნის ბავშვებზე ძალადობის და მათი ექსპლუატაციის ახალ ფორმებს. “კლიენტზე მორგებული” სექსუალური ვიდეომასალა ბავშვების მონაწილეობით. ან თავად ბავშვების მიერ შექმნილი მასალა, როგორიც არის მაგალითად სექსუალური შინაარსის კომენტარი, მესიჯი, ვიდეო, აუდიო და ა.შ.
ბავშვები ყველაზე ნაკლებად აცნობიერებენ ინტერნეტის ბნელ მხარეებს. შესაბამისად ონლაინ ყველაზე მეტი ზიანი მათ შეიძლება მიადგეს.
ზოგ მშობელს ჰგონია, რომ ეს რისკები მხოლოდ თეორიულად არსებობს. სინამდვილეში, მსოფლიოში არც ერთი ბავშვი რომელიც ინტერნეტით სარგელობს ბოლომდე დაცული არ არის. მეტიც, ბავშვზე ზრუნვის და მათი დაცვის ტრადიციული მეთოდები შეიძლება სრულიად უძლური აღმოჩნდეს.
ინტერნეტი ბავშვისთვის ხელმისაწვდომს ხდის ისეთი შინაარსის მასალას, რაც მას სხვაგვარად ხელში ვერ ჩაუვარდებოდა. ასევე ამყარებინებს პოტენციურად საშიშ ურთიერთობებს, რასაც სხვაგვარად ვერ დაამყარებდა.
ონლაინ რისკები სამ ჯგუფად იყოფა:
შინაარსობივი რისკები: როცა ბავშვისთვის ხელმისაწვდომია არასასრუველი და მისი ასაკისთვის შეუფერებელი შინაარსის მასალა. ის შეიძლება შეიცავდეს სექსუალური, პორნოგრაფიული, ძალადობის ამსახველი ვიდეო-ფოტო მასალას. რასისტულ გამონათქვამებს, სიძულვილის ენას, ვებ-გვერდებს, რომლებიც აქეზებს არაჯანსაღ და საშიშ ქცევას. მაგალითად, საკუთარი სხეულის დაზიანებას. თვითმკვლელობას, ანორექსიას და ა.შ.
კონტაქტური საფრთხეები: როცა ბავშვი ჩართულია სახიფათო ურთიერთობაში. ასაკისთვის შუეფერებელი შინაარსის კომუნიკაცია ზრდასრულის მხრიდან.
ქცევითი რისკები: როცა ბავშვის ქცევა ხელს უწყობს მისთვის სახიფათო კავშირების დამყარებას. ეს შეიძლება გამოჩნდეს ბავშვის ნაწერებში ან გამოიხატოს სხვა ბავშვების მიერ სიძულვილის ენის გამოყენებაში. რასიზმის წაქეზებაში, სექსუალური შინაარსის ფოტომასალის გამოქვეყნებასა და გავრცელებაში. მათ შორის თავისი გადაღებული ფოტოების ან სხვა სახით შექმნილი მასალის გავრცელებაში.
UNICEF-ის რეკომენდაციაა, მეტი ყურადღება დაეთმოს არა ეკრანებთან გატარებული დროის კონტროლსა და შეზღუდვას, არამედ მის შინაარს. გაცილებით მნიშვნელოვანია, რას აკეთებენ ბაშვები ონლაინ, ვიდრე რამდენ დროს ატარებენ ეკრანებთან.
ძალადობა, ექსპლუატაცია, ბავშვებით ვაჭრობა არა მხოლოდ ინტერნეტის ბნელ მხარეშია აქტუალური, არამედ ძირითად ციფრულ პლატფორმებსა და სოციალურ მედიაშიც. ბავშვებს ემუქრება სხვა საფრთხეებიც, კიბერბულინგი, ასაკისთვის შეუფერებელი ონლაინრესურსები. მაგალითად პორნოგრაფიული და აზარტული თამაშების საიტები. ამ საიტებზე ბავშვები დაუბრკოლებლად შედიან და ბევრი მათგანისთვის უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. ონლაინ მიყენებულმა ზიანმა შეიძლება სამუდამოდ დაუმახინჯოს ცხოვრება პატარას.
იმ ბავშვებთან, რომლებიც სარგებლობენ ინტერნეტით, უფროსების მხრიდან დადებითი კომუნიკაციის უნარის განვითარება აუცილებელია. მათ უნდა აუხსნან ბავშვებს ციფრული ტექნოლოგიების გონივრულად გამოყენების მნიშვნელობა და მხოლოდ აკრძალვებით არ შემოიფარგლონ. ბავშვებს არ ესმით რამდენად მოწყვლადები არიან ონლაინ საფრთხეების წინაშე და ვერც პასუხისმგებლობას აცნობიერებენ რომ იყვნენ წესიერი ციფრული მოქალაქეები.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
საჭიროა ვასწავლოთ:
ყველა, ვისაც გაიცნობს ინტერნეტში, შეიძლება არ იყოს ნამდვილად ის. შეიძლება ჰქონდეს სხვა სახელი და გვარი, შეიძლება ჰქონდეს ბოროტი მიზნები და ა.შ.
ყველაფერი, რასაც ისინი ქსელში გაავრცელებენ, დატოვებული კომენტარები იქნება, ფოტოები თუ ვიდეობი, ვეღარ ჩაითვლება პირად ინფორმაციად. ნემისმიერ მომენტში, მათ შორის, ისეთ დროს, როცა გაიზრდებიან და სხვა ღირებულებები ექნებათ, შეიძლება წინ დახვდეს ბავშვობაში გაზიარებული სტატუსი. ამისთვის უნდა იყოს მზად.
ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რა შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ შექმნილ მასალას. ვთქვათ, სკოლაში გადაღებული სახუმარო ვიდეოს გაზიარებას ინტერნეტში. ამის ძალიან კარგი მაგალითია მოყვანილი წიგნი-კომიქსი “წრიპა ბიჭის” მეოთხე ნაწილში, სადაც ერთი შეხედვით უმტკივნეულო და მხიარული ვიდეოს გავრცელების შემდეგ მთავარ გმირს მილიონობით ადამიანი დასცინის, მას “პამპერს ხელიანს” უწოდებს და ძალიან დიდხანს ის ვეღარ გამოდის ამ ვიდეოს ჩრდილიდან.
ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუნდაც ხუმრობით გადაღებულ ფოტო/ვიეო მასალა სადაც რაიმე უხერხული მომენტია ასახული, შეიძლება ზიანის მომტანი იყოს თუ ის უცხოს ჩაუვარდება ხელში. მაგალითად, ბავშვს აწეული აქვს კაბა ან გასახდელში დგას საცვლებით. ეს შეიძლება ძალიან ადვილად ჩაუვარდეს ხელში უცხო პირებს და გამოძალვის საფრთხის წინაშე დააყენოს ბავშვი. გასათვალისწინებელია, რომ ასეთ დროს ბავშვები ,როგორც წესი, დახმარებას სთხოვენ არა უფროსებს, არამედ თანატოლებს, რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებს.
პირადი სივრცის და პირადი მონაცემების დაცვა: საჭიროა ვასწავლოთ, რომ თუ თავის პირად მონაცემებს არ გაუფრთხილდება, შეიძლება ვინმემ მათი იდენტობა მიითვისოს და ბოროტად გამოიყენოს მათი მონაცემები.
ონლაინ კომუნიკაციის წესები: საჭიროა დავეხმაროთ ბავშვებს გაიგონ, რომ ონლაინ კომუნიკაცია ძალიან განსხვავებულია ტრადიციული კომუნიკაციისგან. ის მოკლებულია სიტყვიერ მასალას, ხმას, მიმიკას და ადვილად შეიძლება ანონიმურად იქცეს. მაგალითად, ბავშვს ვეკითხები, ვთქვათ სკოლიდან გამოსვლის დროს დედამ ფეისბუქზე მოგწერა რომ მოსვლას ვერ ახერხერბს და ახალ თანამშრომელს სთხოვა შენი გამოყვანა. ის კი წითელი, ??000?? ნომრის მანქანით დაგელოდება სკოლის ეზოში. რას იზამ? რათქმაუნდა, დაგიჯერებ – მპასუხობს ბავშვი. აი ამ დროს ვუხნი, რომ ჩემი ფეისბუქპროფაილის ასლის გაკეთება ყველას შეუძლია, მათ შორის ბოროტი ჩანაფიქრის მქონე ადამიანს. ამიტომ არასოდეს ენდო საეჭო მონაწერს, აუცილებლად დაურეკე დედას და გადაამოწმე, მართლა პრობლემა აქვს სკოლიდან შენს გაყვანასთან დაკავშირებით, თუ არა.
მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტმომხმარებლების მესამედს ბავშვები შეადგენენ, საერთაშორისო ინტერნეტპოლიტიკა მორგებულია ზრდასრულთა მოთხოვნებს. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ზრდასრულებს მართებთ. როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორს. თუმცა ვიდრე განვითარების მაღალ სტანდარტებს მივაღწევდეთ, სჯობს მშობლებმა ვაკონტროლოთ რას აკეთებენ ბავშვები ინტერნეტში და ვასწავლოთ მათ ინტერნეტწიგნიერება.
P.S. წერილი ეყრდნობა გაეროს ბავშვთა ფონდის გლობალური ანგარიშის, ”მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა: ბავშვები ციფრულ სამყაროში” პრეზენტაციას.