რა შეუძლია 1 აბ ასპირინს იყენებთ ასპირინს ტყემლისა თუ კომპოტების მომზადებისას? ყოველ შემთხვევაში, ძალიან ბევრ ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემა კონსერვირების ასპირინიანი მეთოდი. ამ საწებლებითა და კომპოტებით, რა თქმა უნდა, ბავშვებიც იკვებებიან. რას წარმოადგენს სინამდვილეში ასპირინი და რისი გამოწვევა შეუძლია ორგანიზმში. "სახალხო აფთიაქის" ფარმაცევტი ნანა ხურციძე ბევრ საინტერესო კითხვაზე გვცემს პასუხს.
- კონსერვირებისას ხშირად იყენებენ ასპირინს. რას წარმოადგენს ეს პრეპარატი სინამდვილეში, რატომ მაინც და მაინც ასპირინი იქცა დიასახლისების დამხმარედ?
- ძალიან საინტერესო თემა წამოჭერით. ერთ საღამოს ჩემი მეგობარი მირეკავს და მეუბნება, ქართულ სერიალს ვუყურე, სიცხიან ბავშვს ბებია კომპოტს ასმევდა, ბავშვი კინაღამ მოკვდა და იცი რატომო? მე ვუთხარი, სერიალის არაფერი ვიცი, მაგრამ იმ კომპოტში ბევრი ასპრინი იქნებოდა-მეთქი. მეზობელი ძალიან აღელდა, ანუ ეს ამბავი მართალიაო? მთელი სარდაფი ასპირინიანი კონსერვებით მაქვს სავსეო. შეიძლება, სერიალში რაღაც გადაჭარბებულია, მაგრამ ჩვენს მომხმარებელს, რომელიც ზაფხულში ერთად რამდენიმე კოლოფ ასპირინს ყიდულობს და ვხვდები, რომ კონსერვებისათვის უნდა, ყველას ვაძლევ რჩევას, როგორ მოიქცნენ ასპირინთან დაკავშირებით. კონსერვირებულ პროდუქტებში უნდა იყოს მჟავა გარემო, რადგან ამ გარემოში მიკრობები იღუპებიან. ასპრინი მოქმედებს ისე, როგორც ლიმონმჟავა, ვაშლის და ღვინის ძმარი, მაგრამ ამავდროულად, ასპირინი კონსერვირებულ საკვებში გარდაიქმნება ისეთ ნაერთად, რომელიც მავნებელია ორგანიზმისათვის. ასპირინის გამოყენებას კულინარიაში დიდი ხნის ისტორია აქვს, ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ დიდი ხანია ეს მედიკამენტი არსებობს ფარმაცევტულ ბაზარზე. ასპირინი ერთ-ერთი საუკეთესო და ძველი წამალია, მას თითქმის 100 წლის ისტორია აქვს. ეს არის წამალი, რომელმაც ამ დროის მანძილზე არა თუ დაკარგა მნიშვნელობა, არამედ პირიქით, უფრო და უფრო ფართოდ გამოიყენება. ასპირინი იგივე აცეტილსალიცილის მჟავა, თავიდან მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტით იყო ცნობილი, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მას სისხლის გამათხელებელი მოქმედებაც გააჩნია, მხოლოდ მცირე დოზებით.
- ლიტრზე დაახლოებით, 1 აბს იყენებენ. რა შეუძლია ერთ აბ ასპირინს?
- ასეთი მეთოდით მომზადებული კონსერვი ინახება და არ ფუჭდება, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენიმე თვის განმავლობაში ასპირინიან საკვებს ხშირად რომ ღებულობდეთ და ასე წლები გრძელდებოდეს. ეს ნიშნავს, იღებ წამალს, რომელიც საერთოდ არ გჭირდება და თან გვერდითი ეფექტები აქვს. ასე რომ, ასპირინი 1 ლიტრზე იქნება თუ 10-ზე, მაინც მავნებელია.
- რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს ამ პრეპარატს?
- ასპირინი აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს. მისი მიღება აკრძალულია 16 წლამდე ასაკის მოზარდებში, რადგან გარკვეულ შემთხევებში შეიძლება ღვიძლის დაზიანება და მძიმე შედეგები გამოიწვიოს. გარდა ამისა, აცეტილსალიცილის მჟავა საკმაოდ ალერგიულია და ამ მხრივაც საფრთხილოა.
- ექიმები თითქმის აღარ ნიშნავენ ამ პრეპარატს. რატომ თქვეს მასზე უარი?
- ეს არ არის მართალი. პროდუქტების დაკონსერვების დროს მოსახლეობა იაფფასიან აცეტილსალიცილის მჟავას ყიდულობს, რადგან ეს ნივთიერება კუჭის ლორწოვან გარსს ძალიან აღიზიანებს, დროთა განავლობაში ფარმაცევტულმა კომპანიებმა შექმნეს ისეთი ფორმის ტაბლეტები, რომელიც კუჭს ნაკლებად ვნებს - მაგალითად, ბაიერის ასპირინი, კარდიომაგნილი .... ამ წამლებს, როგორც წესი, ასაკოვანი ადამიანების უმეტესობა ღებულობს. ასე რომ, რასაც კონსერვებში იყენებენ და რასაც წამლად ღებულობენ, ერთი და იგივე ნივთიერებაა, უბრალოდ, წამლის ხარისხსა და გვერდით ეფექტებში არის განსხვავება.
- ვინაიდან საოჯახო საქმეში გამოიყენება, ასპირინს წვრილმანებით მოვაჭრეები ყიდიან. რა თქმა უნდა, ყოველგვარი შენახვის პირობების გარეშე. ვადაგასული ან ცუდად შენახული ასპირინი სხვანაირად იმოქმედებს? მაგალითად, თუ აბი თითქმის დაშლილია.
- ყველას ვურჩევ, რომ კონსერვებში ასპირინის გამოყენებისაგან თავი შეიკავოს, ვინც ამ რჩევას არ ითვალისწინებს და არგუმენტი აქვს, რომ მის ოჯახში ბებიიდან მოყოლებული, ასე მზადდებოდა პროდუქტები, ვურჩევ, ასპირინი აფთიაქში შეიძინონ და სანამ შეიძენენ, კიდევ ერთხელ გაიხსენონ ასპირინის ჭარბად მიღების მავნე შედეგები.
- იცავს თუ არა ასპირინი კონსერვს ბოტულიზმისგან.
- ბოტულიზმის მიკრობზე არც ასპირინი, არც მარილი, არც ლიმონჟავა და არც ძმარმჟავა არ მოქმედებს. ის იღუპება, თუ კონსერვებს ნახევარი საათი მაინც ვადუღებთ და არც ამ შემთხვევაში ვართ დაცულები, ამიტომ მე არავის ვურჩევ ჰერმეტულად, უჟანგბადო გარემოში საკვების დაკონსერვებას. მით უმეტეს ახლა ბოსტნეული ყველა სეზონზე ხელმისაწვდომია.
- წლების განმავლობაში ასპირინიანი ტყემლის ან სხვა კონსერვის მოხმარებამ რა შეიძლება გამოიწვიოს?
- წლების განამვლობაში ასპირის შემცველი საკვების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის, თირკმელების დაზიანება, ალერგიული რეაქციები. განსაკუთრებით საშიშია ის ბავშვებისათვის.
- მის მაგივრად უფრო უსაფრთხო საშუალება რა შეიძლება გამოვიყენოთ?
- ასპირინის მაგივრად შეგიძლიათ გამოუყენოთ ლიმომჟავა ან ძმარი, რაც შეეხება ზამთრისათვის მზადებას, მუდმივად შეიძლება ახალ - ახალი კომბოსტოს მწნილის მომზადება, რომელიც c ვიტამინის წყაროა, თუმცა ზედმეტი მარილიანობის გამო ზომიერად უნდა მიირთვათ, კომპოტების ნაცვლად ჩირი და ჩირის ნაყენები მიირთვით. რაც შეეხებს ტყემალს, ნაყოფის კარგად გასუფთავების, ბოთლების გულდასმით გარეცხვის და მომზადების წესების დაცვით, საწებელი კარგად ინახება. მე, პირადად, ყოველ წელს ვაკეთებ წითელ და მწვანე ტყემალს, არც მე და არც ჩემი მეგობრების ოჯახებში ასპირინს საწებლის მომზადებისას არავინ იყენებს და თქვენც ამას გირჩევთ
იცავს თუ არა კონსერვს ასპირინი ბოტულიზმისგან