ძალიან რთულ გზებზე დავდივარ ორ ბავშვთან ერთად
შვილებთან ერთად ქალაქგარეთ გასვლა სასიამოვნო პროცესია. მშობლების უმეტესებას ბავშვებზე არანაკლებ უხარია ბუნებაში დროის გატარება, თუმცა ნაკლებად მოიძებნება ისეთი მშობელი, როგორიც ჩვენი რესპონდენტი ანა ხავთასია. ის საქართველოს ულამაზეს ადგილებს უკვე რამდენი წელია მცირეწლოვან შვილებთან ერთად ლაშქრავს. ანას ორი შვილი ჰყავს - 8 წლის ნიკოლა და 5 წლის ნინო ქათამაძეები.
- ლაშქრობების მოყვარული ხართ, როგორ და როდის გადაწყვიტეთ პატარებთან ერთად ბუნებაში გასვლა?
- თავიდან მარტო დავდიოდი, ბავშვები კი მამასთან რჩებოდნენ, ძალიან პატარები იყვნენ, როცა გასვლები დავიწყეთ, მაგრამ ამას ლაშქრობებს ვერ ვუწოდებ, უფრო გასეირნებას ჰგავდა. პირველი დიდი გასვლა მთელ ოჯახს რაჭაში, მრავალძალის სალოცავზე გვქონდა. ნინი ალბათ 2 წლის იქნებოდა, ნიკოლა - 5-ის. თუმცა ნიკოლა 4 წლის იყო, სამეგრელო რომ მოვატარეთ აქტიურად. ნინი უფრო დაჩაგრული გვყავს, დიდ მანძილებზე ჯერ ვერ დამყავს. ასევე ჩვენ დავდივართ ეკოტურებზე, ვასუფთავებთ დანაგვიანებულ ადგილებს, ამით კი ბავშვებს თავიდანვე ვაჩვევ, რომ არ შეიძლება გარემოს დაბინძურება.
რაც შეეხება ხიფათს, სახიფათო ნამდვილად არის, როცა ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად დადიხარ, მაგრამ როცა გულით გინდა, ცუდზე აღარ ფიქრობ.
- ყველაზე რთული გზა ნიკოლამ აბუდელაურის ტბებზე, ხევსურეთში გაიარა. მოგეხსენებათ, ამ ტბების მონახულება უფროსებსაც უჭირთ. სირთულის გადალახვა რამდენიმე კვირის წინ გავრისკეთ, ნიკოლამ, რომელიც 8 წლისაა, შეძლო ბოლომდე ასულიყო, იმისდა მიუხედავად, რომ ძალიან წვიმდა, იყო სეტყვაც... დაიღალა კიდეც, მაგრამ უფრო წვიმის შეეშინდა... აბუდელაურის ფერადი ტბები, როგორც მახსოვს, 2800 მეტრზეა და ეს უკვე ალპურ ზონად ითვლება, იქ არც ხეა, არც ბუჩქი. იფიქრა, დავრჩებითო და ამიტომ შეეშინდა. ეს იყო მისთვის ყველაზე რთული, მაგრამ გადავლახეთ და მშვიდობით ჩამოვედით, ახლა ამბობს, ისევ წავიდეთო.... რაც შეეხება ნინის, მასთან ერთად ზამთრის მიწურულს ვიყავით ფიტარეთში, სუსხიანი ყინვინი დღეები დაგვემთხვა, ნინი მაშინ 4 წლის იყო და სიდინჯითა და მონდომებით რთული გზა, 15 კმ გაიარა. უკანა გზაზე, რომ დაგვაღამდა, შიშით ატირდა, ამბობდა, მამასთან მინდაო.
- ლაშქრობებში მეუღლე არ გახლავთ თან?
- სურვილი აქვს, უბრალოდ არ შეუძლია სიარული, მხოლოდ ბანაკებით კმაყოფილდება ამ მომენტისთვის.
- დარჩა ადგილი საქართველოში, რომელიც არ გინახავთ?
- სანახავი კიდევ ბევრი დაგვრჩა და ვგეგმავთ მოვიაროთ სრულიად საქართველო, ნიკოლას იდეაც კი აქვს, პატარა ფილმის გადაღება უნდა. პირადად მე, ყველაზე ლაღი და თავისუფალი სწორედ იქ ვარ, სადღაც მთებში.
- ანა, ვთქვათ, პირველადი დახმარების აღმოჩენა დაგჭირდათ ბავშვისთვის ლაშქრობებში, ბევრი მშობელი დაინტერესდება ამ საკითხით, რომ გვითხრათ, რა უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ...
- პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ბავშვებს აუცილებლად უნდა ეცვათ სპეციალური სალაშქრო ფეხსაცმელები, თუნდაც იმიტომ, რომ არ იღრძონ ფეხი, არ დაეჭიმოთ მყესი. პირადად ჩემებს არასდროს გამოუცდიათ მსგავსი რამ. რაც შეეხება პირველად დახმარებას, არ მაქვს გამოცდილება, ახლა ვაპირებ გავიარო კურსები. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასც ვურჩევდი ლაშქრობაში შვილების წაყვანის მსურველ მშობლებს, ის არის, რომ ხიფათის შემთხვევაში არ აყვნენ პანიკას. ასევე თუ გამოცდილება არა აქვთ, მარტოებმა არ წაიყვანონ ბავშვები რთულ გზებზე და რაც მთავარია, თან იქონიონ პირველადი დახმარების ჩანთა.
რუსკა კილასონია