უკვე დიდი ხანია, განგაშია ასატეხი! ბოლო პერიოდში ბევრისთვის აქტუალური საკითხია მარიხუანას მოხმარებას, ასევე მისი პოპულარიზაციის თემა. გახშირდა მარიხუანით ინტოქსიკაციის შემთხვევები. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გასულ კვირას ქობულეთის რაიონის, სოფელი კვირიკეს ნომერ პირველ საჯარო სკოლაში მოხდა. როგორც სკოლის პედაგოგები აცხადებენ, მეცხრეკლასელი მოსწავლე სკოლაში მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და გაკვეთილზე გონება დაკარგა.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს მარიხუანა სკოლის ეზოში მყოფმა ე.წ. „შავმა ბიჭებმა“ მოაწევინეს, ხოლო მას შემდეგ, რაც მოზარდმა გონება დაკარგა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, იგივე პირებმა სკოლის ადმინისტრაციას არ მისცეს საშუალებამოსწავლე ახლომდებარე საავადმყოფოში გადაეყვანათ ან სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოეძახებინათ.
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, სამედიცინო დახმარებაზე უარი არასრულწლოვანის ოჯახის წევრებმაც განაცხადეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარემ თემურ კობიძე „მედიაცენტრ მთავარში" სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც მარიხუანის მოხმარებაზე და ბოლო თვეებში გახშირებულ ინტოქსიკაციის ფაქტებზე ისაუბრა.
- მე მეღიმება, როცა ამბობენ, რომ ეს არ არის საშიში ადამიანისთვის, რომ ეს არის ძალიან კარგი და სასარგებლო. არ არის საქმე ასე მარტივად. უკვე დიდი ხანია განგაშია ასატეხი. არა მარტო ნარკომანიიდან და ტოქსიკომანიიდან გამომდინარე, არამედ ყოველი მისი კონკრეტული გამოსახულებიდან. საუბარია მარიხუანაზე. ბოლო ორი თვეა ძალიან გახშირდა მარიხუანით მოწამვლის შემთხვევები. ეს პირდაპირ უქმნის საფრთხეს ჩვენს გენოფონდს, ჩვენს ახალგაზრდებს. არ ვიცი ეს რის ბრალია. ალბათ გარკვეული როლი ითამაშა მისმა პროპაგანდამ. რაც ყველაზე ცუდია, შემოყვანილი პაციენტების უმეტესობა გოგონებია. საუბარია 17 დან 26 წლამდე, ან შეიძლება უფრო მეტიც. მე სრული მონაცემები საქართველოს მასშტაბით ჯერჯერობით არ მაქვს. მე ვსაუბრობ თბილისში არსებულ კერძო პრაქტიკიდან, ჩვენს მიერ ნანახი პაციენტებიდან გამომდინარე.
- შემოდიან ჰალუცინაციებით, გულსისხლძარღვთა სისტემიდან გამოხატული რეაქციებით, გულის ფრიალით, ჰიპერტენზიით და რაც ყველაზე მთავარია ფსიქიკური ცვლილებებით, ფსიქიკური აშლილობით, რაც გადადის შემდგომ ფსიქომოტორულ აღგზნებაში. ამ დროს გვიწევს ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების ჩართვა.რამდენიმე ახალგაზრდა უკვე გადავგზავნეთ ფსიქიატრთან. რომ კითხოთ, არ არის საშიში, მაგრამ არავის არ უნდა თავის შვილებზე გამოსცადოს. ეს არის სასარგებლო? ეს არის პირველი საფეხური მძიმე ნარკომანიისაკენ. ადამიანის ორგანიზმს ახასიათებს შეჩვევა ნებისმიერი შხამის მიმართ, თითქმის ყველა ნივთიერების მიმართ. ასეა მარიხუანის შემთხვევაშიც.
- ჩემის აზრით, მიზეზი რამდენიმეა. პირველი, ეს არის პროპაგანდა. მანამდე სიგარეტის მოწევა ითვლებოდა თავის წარმოჩენის, თვითდაჯერების საშუალებად. ახლა მარიხუანაა, რომლის საშუალებითაც ცდილობენ თავის წარმოჩენას. მათი აზრით ეს ევროპულია, ცივილურია და ერთ-ერთი გამოხატულებაა ამის. მეორე მიზეზია ის, რომ პაციენტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც სიგარეტიც კი არ მოუწევიათ და მით უმეტეს, მარიხუანა არის მათთვის პირველი. მარიხუანის მოწევას აქვს სხვა მეთოდიკა და განსხვავდება სიგარეტის მოწევისგან. არ არიან შეჩვეულნი. შემოსულ პაციენტებს შორის უმეტესობა ამბობს, რომ მოსწიეს მეგობრებთან. გოგონები, რომლებსაც არ აქვთ ეს მოწეული, ბიჭები სავარაუდოდ აწევინებენ გაზრდილ დოზას და იწამლებიან.
მერი ბლიაძე