რამდენია "ცოტა და "ბევრი" ზოგიერთ ბავშვს წყალი ძალიან უყვარს, ზოგს კი ძალით უნდა დაალევინო, რადგან ჩაი ან წვენი ურჩევნიათ. თუ ატყობთ, რომ ბავშვი წყლის ნაცვლად წვენებს უფრო ეტანება, ეს ჩვევა აუცილებლად უნდა შეაცვლევინოთ.
კანის სიმშრალე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემა, საშარდე მილების ინფექცია, პერიოდული ხველება, თავის ტკივილი - ეს იმ სიმპტომების მცირე ჩამონათვალია, რაც შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომელსაც წყლის დალევა არ ახსენდება. უფრო საგანგაშო სიტუაციაა, როცა წყალს არ სვამს ბავშვი.
თუ თქვენი შვილი ცოტა წყალს სვამს, რაღაც უნდა იღონოთ. შეეცადეთ მოუყვეთ ადამიანის აგებულება, აუხსენით, რომ ცოცხალი ორგანიზმის თითოეული უჯრა საჭიროებს წყალს და ჰაერს. სხვათა შორის, ჰაერის შემდეგ წყალი პირველია ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. წყალი ადამიანმა ყოველდღიურად საჭირო რაოდენობით უნდა მიიღოს, რადგან მხოლოდ სუნთქვის დროს იგი 3-4 ჭიქა სითხეს კარგავს.
წყალი თოთო ბავშვისთვის
ძუძუთი კვების დროს ჩვილი წყალს დედის რძესთან ერთად იღებს და მისთვის დამატებითი სითხის მიცემა საჭირო არაა. თავად მეძუძურმა დედამ კი დღეში არანაკლებ 2,5-3 ლიტრი სითხე უნდა დალიოს. უგაზო მინერალური წყალი, სუსტი მწვანე ჩაი, ახალი ხილის უშაქრო კომპოტი ბავშვს ალერგიასაც აარიდებს და დედასაც მოუკლავს წყურვილის შეგრძნებას.
რაც შეეხება ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებს, მათ წყალი აუცილებლად სჭირდებათ. არც ერთი ადაპტირებული საკვები არ შეუცვლის წყალს. რატომ? ხელოვნურ საკვებში წყალი საკმარისზე მცირე რაოდენობისაა, ვიდრე დედის რძეში. გარდა ამისა, იგი შეიცავს ცილას, მის გადასამუშავებლად კი ორგანიზმს მეტი ენერგია სჭირდება, ხოლო თუ მეტი ენერგია უნდა დახარჯოს, ე.ი. წყალიც მეტი სჭირდება.
თუ ბავშვი წყალს ბოთლიდან სვამს, მისი ნორმა უნდა შეადგენდეს 10-15 მლ თითოეულ კილოზე. თუ ზაფხულია და ბავშვი ოფლიანობს, წყლის დოზა გაუზარდეთ.
უფროსი ასაკის ბავშვის წყლის ნორმა
როგორც კი ბავშვს მყარი საკვებით კვებაზე გადაიყვანთ, წყლის რაოდენობაც უნდა გაუზარდოთ. შვილი მიაჩვიეთ, რომ საკვებს წყალი არ მიაყოლოს. წყალი უნდა დალიოს ჭამამდე და კვებასა და კვებას შორის. თუ თქვენი შვილი 10 კილოს იწონის, თითოეულ კილოგრამზე 100 მლ წყალი უნდა დაალევინოთ. თუ ცოტა მეტს იწონის, თითოეულ კილოზე 50 მლ წყალი დაუმატეთ.
რომელი წყალი დავალევინოთ ბავშვს?
ბოთლის საბავშვო წყალი სავსებით საკმარისია. იგი უგაზოა და ნატრიუმის მინიმალურ რაოდენობას შეიცავს. გარდა ამისა შეიცავს მაგნიუმს, კალციუმის კარბონატს. ასეთი წყალი იდეალურია როგორც დასალევად, ასევე საბავშვო კერძების მოსამზადებლად.
ხელოვნურ კვებაზე მყოფ პატარას მხოლოდ სპეციალური წყალი უნდა დაალევინოთ. მასზე უნდა ეწეროს: "დაბადებიდან". მოზრდილი ბავშვისთვის დასაშვებია იმ წყლის მიცემა, რომელშიც მარილის რაოდენობა არაუმეტეს 20 მგ-ია ლიტრზე. მოზრდილი ბავშვისთვისაც კი შეარჩიოთ უგაზო წყალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი პატარა კოლიკებისა და მუცლის შებერილობისგან დაზღვეული არაა. ნურც მინერალურ წყალს დაალევინებთ, ყველაზე სასარგებლო წყალმაც კი შეიძლება თირკმლები გადაუტვირთოს.
ავადუღოთ თუ არა წყალი?
ბევრი ადუღებულ წყალს "მკვდარს" ეძახის. ასეც არის, ადუღების შემდეგ მასში არსებული ვიტამინები და მინერალები კვდება. თუმცა, თუ ადუღებას აპირებთ, უნივერსალური წესი უნდა დაიცვათ. არსებობს წყლის ადუღების სამი ეტაპი. საწყის სტადიაზე წყალში ჰაერის პირველი ბუშტუკები ჩნდება, მეორე ეტაპს "თეთრსაც" ეძახიან, როცა წლის ბურთულების დიდი რაოდენობა სიღრმიდან ამოდის და მესამე ეტაპი, როცა წყალი ენერგიულად ჩუხჩუხებს. სწორედ ამ დროს იკარგება წყალში სასარგებლო ნივთიერებები. ამიტომ, პროცესს ყურადღებით მიადევნეთ თვალი. სპეციალისტები გვირჩევენ, წყალი მეორე სტადიის ადუღებამდე მივიყვანოთ. ადუღებული წყალი 1-1,5 საათის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ.
გახსოვდეთ, რომ ერთხელ ადუღებული წყალი მეორედ არ უნდა წამოადუღოთ, იგი საშიშია ორგანიზმისთვის. ასეთი წყალი არც თავად დალიოთ და არც ბავშვს მისცეთ.
წყურვილის დასაკმაყოფილებლად
თუ რამდენი წყალი უნდა დაალევინოთ პატარას, ამას თავად მიგახვედრებთ. თუ სიცხეს არ გრძნობს, დალევაზე უარს გეტყვით. ხშირად თამაშში გართულ ბავშვს ავიწყდება წყალის დალევა ან წყურვილს ვერ გრძნობს. ამიტომ, უფროსმა უნდა აკონტროლოს, რომ ბავშვა დღის განმავლობაში საჭირო რაოდენობის წყალი მიიღოს; განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. თუ ბავშვი დაკარგულ სითხეს ვერ აინაზღაურებს, საწყის ეტაპზე სისუსტე, თავბრუსხევა და გადაღლილობა აღენიშნება.
გაუწყლიანებას შემდეგი სიმპტომები ახლავს: სიცხე, პირის სიმშრალე, სისუსტე, თავბრუსხვევა (ბავშვს უჭირს სწორად დადგომა). მსუბუქი ფორმის დროს ბავშვს ყლუპებად დაალევინეთ წყალი, ხოლო სერიოზული გაუწყლიანების შემთხვევაში ექიმის დახმარება დაგჭირდებათ. გაფრთხილდით, რომ ასე არ მოხდეს.