სკოლებს შეუძლიათ წელს ექსკურსიები დაგეგმონ. სკოლის დირექტორებმა ექსკურსიების მოწყობის განახლებული წესების შესახებ უკვე მიიღეს ინფორმაცია, სადაც გაწერილია, რა პირობებითაა ექსკურსიის მოწყობა დასაშვები.
აღნიშნული წესის შესაბამისად, ექსკურსიის ორგანიზატორი/ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მგზავრობის პროცესში და ექსკურსიის ლოკაციაზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, რისთვისაც იგი გამოითხოვს და სკოლის დირექტორს ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღის ადრე წარუდგენს ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლს. ასევე ინფორმაციას ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების, პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ.
ამის შემდეგ სკოლის დირექტორი წარდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს და გადაწყვეტს, მისცეს თუ არა ორგანიზატორს ექსკურსიის განხორციელების უფლება.
ახალი წესების მიხედვით, დოკუმენტში, რომელიც სკოლებმა მიიღეს, აღნიშნულია, რომ ექსკურსია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთ დღეში, ღამისთევის გარეშე. ხოლო, ლოკაციის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე არ აღემატებოდეს 150 კმ-ს.
მნიშვნელვანია, რომ ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და და სხვა დაუცველ ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ ექსკურსიის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროების შესახებ. ასევე, ფლობდეს მშობლის წერილობით თანხმობას, ექსკურსიაში მისი შვილის მონაწილეობის შესახებ, თუ ბავშვს წარმომადგენელი თან არ ახლავს.
სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს შესაბამისი გამოცდილებისა და სათანადო კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი. უნდა იყოს განთავსებული პირველადი დახმარების სამედიცინო ჩანთა. ხოლო, კვების პროდუქტები სანიტარული პირობების დაცვით უნდა წაიღონ.
ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში არსებული რეკომენდაციები, რაც ჯერ კიდევ ძალაშია, დაცული უნდა იყოს, ხოლო ნებისმიერი რესპირატორული დაავადების ნიშნების მქონე პირთა მონაწილეობა შეზღუდულია.
თამარ იაკობაშვილი
"მშობლების ექსკურსიაზე გაყოლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება" - როგორ ტარდება სასკოლო ექსკურსიები სხვა ქვეყნებში
"ექსკურსიებს გაცილებით დიდი ფუნქცია აქვთ, ვიდრე ქეიფი და დროსტარებაა" - უნდა გაუქმდეს თუ არა ექსკურსიები?