საქართველო ბოლონიის პროცესის ნაწილია, რომელიც თორმეტწლიან ზოგად განათლებას ითვალისწინებს. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა განმარტება, თუმცა პერიოდულად კვლავ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მე-12 კლასის გაუქმება იგეგმება. ასევე, ისიც, რომ დაგეგმილია დიფერენცირებულ სწავლებაზე გადასვლა. რამდენიმე მშობელმა მოგვმართა და გვითხრა, რომ სკოლებში ამ თემაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მე-12 კლასი საერთოდ მოიხსნება და თითქოს ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ინფორმაციის გადასამოწმებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს:
"ჯერჯერობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტიპის განხილვა არ მიმდინარეობს და არც ცვლილება იგეგმება. როგორც იცით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნებისმიერი სიახლის შესახებ წინასწარ აქვეყნებს ინფორმაციას. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - გვითხრეს სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ საქართველო 12-წლიან სწავლებაზე 2008 წლიდან გადავიდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე აღნიშნულთან დაკავშირებით შემდეგი
განმარტებაა:"მე-12 კლასის შემოღებით საქართველოს სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯი უფრო ხარისხიანი, ევროპულ სივრცეში მეტად ინტეგრირებული, ეკონომიკის ზრდაზე, ეროვნული მთლიანობის განმტკიცებაზე ორიენტირებული განათლების სისტემისკენ. საქართველოს სკოლადამთავრებულს უნდა შეეძლოს კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სკოლადამთავრებულს. საქართველოს სკოლადამთავრებულების სულ უფრო მეტი ნაწილი აგრძელებს განათლებას ევროპის უმაღლესებში. იმის გამო, რომ ევროპული უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა მინიმუმ 12-წლიან განათლებას ითხოვს, ქართველ ახალგაზრდებს პრობლემები ექმნებოდათ." - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამიისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
თამარ იაკობაშვილი