2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დასასრულს უახლოვდება და აბიტურიენტებმა ძირითად საგნებში თავიანთი შეფასების შესახებ უკვე გაიგეს. გაგაცნობთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ აბიტურიენტებს, რომლებმაც გამოცდებში უმაღლესი შეფასებები მიიღეს. ისინი გვიყვებიან, რა გზა გაიარეს და რა ეხმარებოდათ ყველაზე მეტად ამ პერიოდის განმავლობაში:
შალვა წერეთელი 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტია. მან ქართულ ენასა და ლიტერატურაში 59, უცხოურ ენაში 80, ხოლო მათემატიკაში 51 ქულის აღება შეძლო. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ახლა ახალი გამოწვევებისთვის ემზადება:
- უნივერსიტეტებზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, თუმცა ვფიქრობ, რომ სწავლას ეკონომიკის, ან პროგრამირების მიმართულებით გავაგრძელებ. მათემატიკა ბავშვობიდანვე გამორჩეულად მიყვარდა, საქართველოს მასშტაბით უამრავ ოლიმპიადაში გავიმარჯვე, რამაც დიდი გამოცდილება მომცა ამ სფეროში. სწორედ კომაროვის სკოლის საუკეთესო პედაგოგების დამსახურებაა, რომ მათემატიკაში მომზადების გარეშე უმაღლესი შეფასება მივიღე. ძირითად ყურადღებას მაინც ინგლისურსა და ქართულს ვუთმობდი. ინგლისურის მაქსიმალური ქულა ჩემი უსაყვარლესი კერძო მასწავლებლის, ია მუჯირის, დამსახურებაა, რომელიც მოთმინებით იტანდა ჩემს კომაროვის სკოლის დატვირთული განრიგის გამო შეუსრულებელ დავალებებს და ყველაფერი გააკეთა ჩემი ცოდნის მაქსიმალურად სრულყოფისთვის. რაც შეეხება ქართულს, მხოლოდ ბოლო ერთი წელი ვემზადებოდი და სწორედ ჩემს რეპეტიტორს მიუძღვის უდიდესი წვლილი ამ წარმატებაში, ასევე ჩემი სკოლის არაჩვეულებრივ მასწავლებელსაც, რადგან კომაროვში არა მხოლოდ ფიზიკა და მათემატიკა, არამედ სხვა საგნებიც უმაღლეს დონეზე ისწავლება. ლექციებზე როგორც საპროგრამო, ისე არასაპროგრამო მხატვრულ ლიტერატურასაც ვეცნობოდით და განვიხილავდით, რამაც ჩემი ცნობიერება კიდევ უფრო აამაღლა და ნაწარმოების ღრმა ანალიზის უნარი გამომიმუშავა, რაც აუცილებელია გამოცდაზე მაღალი ქულის მოსაპოვებლად. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ საკუთარი მიზნების მისაღწევად იშრომონ, საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდონ და შედეგზე არ ინერვიულონ, რადგან მათი შრომა ყოველთვის დაფასდება.
ნატალი მურღულიამ სკოლა პანსიონი "აიბი მთიები" დაამთავრა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტია. იგი სამედიცინოზე აპირებს ჩაბარებას, რადიოლოგობას გეგმავს. ინგლისურში 79, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 55, ბიოლოგიაში 66, ხოლო ქიმიაში მაქსიმალური, 63 ქულის მოგროვება შეძლო. ნატა გვიყვება, რა დაეხმარა წარმატების მიღწევაში:
- პირველ რიგში, წარმატების მიღწევაში ჩემი სკოლა და არაჩვეულებრივი პედაგოგები დამეხმარნენ, რომლებიც სრულიად გასაგებად და მარტივად გვიხსნიდნენ მასალას. გარდა ამისა, ჩემი ოჯახის მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემი მხრიდან კი შრომისმოყვარეობა და მუდმივი მეცადინეობა. ხშირად წიგნებს ინგლისურად ვკითხულობდი, ფილმებსაც ვუყურებდი და ვფიქრობ, ამ საგანში კარგი შეფაების მიღებაში ესეც დამეხმარა. ლიტერატურის კითხვა ძალიან მიყვარს, ქართულში ბაბუას ნარჩევი წიგნები (
ნატას ბაბუა ბატონი გია მურღულიაა - რედ.), განსაკუთრებით "საზრისები", "საუბრები ძველ ქართულ ლიტერატურაზე", "საუბრები უფროსკლასელებთან" მეხმარებოდა - ამ წიგნებში არაჩვეულებრივი ფილოლოგების უამრავი წერილია, რომლებიც პროგრამულ და არაპროგრამულ ნაწარმოებებზე მსჯელობენ. ბიოლოგიასა და ქიმიაში მუდმივი მეცადინეობით, მასწავლებლების რჩევებით მივაღწიე კარგ შედეგს. რასაც გაკვეთილზე მეუბნებოდნენ, ყველაფერს ვიწერდი, რომ თავიდან გამემეორებინა და უკეთ ამეთვისებინა. ქართულში, ინგლისურსა და ბიოლოგიაში არ ვემზადებოდი და სკოლის პროგრამით დავძლიე. ქიმიაში, რადგანაც ამოცანები შედარებით რთულია, დამატებით ვმეცადინეობდი და ჩემი მასწავლებელი ძალიან დამეხმარა. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ არ ინერვიულონ, მთავარია, იშრომონ და თავდაჯერებულები იყვნენ. ამის შემდეგ კი შედეგს აუცილებლად მიაღწევენ.
კიდევვ ერთი წარმატებული აბიტურიენტი
მარიამ კახიძეა. მან ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა დაამთავრა. ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60, მათემატიკაში 51, ინგლისურში კი 77 ქულის აღება შეძლო.
- უნივერსიტეტები საბოლოოდ ჯერ კიდევ არ მაქვს დალაგებული, თუმცა, ვფიქრობ, სწავლა კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით გავაგრძელო. სკოლაშიც სულ არაჩვეულებრივი მასწავლებლები მყავდა და ბოლო წელსაც ვემზადებოდი. შედეგის მიღწევაში ალბათ, სისტემატიური მეცადინეობა და დასახული მიზნისთვის მაქსიმუმის კეთება დამეხმარა. მომავალ აბიტურიენტებს ვეტყოდი, რომ თუ მოინდომებენ, ყველაფერი შესაძლებელია. ასევე, არასოდეს დანებდნენ და შრომას ყოველთვის ექნება შედეგი. საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა და მიზნის მისაღწევად დაუღალავი შრომა წარმატების მთავარი წინაპირობებია.
მათე გეგუჩაძემ თბილისის 133-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. სამედიცინო უნივერსიტეტში გეგმავს ჩაბარებას და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგი აჩვენა. მან ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60, უცხოურ ენაში 80, ქიმიაში 61, ხოლო ბიოლოგიაში 69 ქულა აიღო. მათე ამბობს, რომ კარგი შედეგის მიღწევისთვის ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო:
- მთელი ბავშვობა ვოცნებობდი, რომ ქირურგი გავმხდარიყავი და იმედია, ამ ოცნებას ავიხდენ. ჩემთვის აბიტურიენტობის პერიოდი განსაკუთრებით სტრესული და დამღლელი არ ყოფილა, რადგანაც სკოლაში იქამდეც კარგად ვსწავლობდი. დამეხმარნენ მასწავლებლები, რომლებმაც ძალიან კარგი გარემო შემიქმნეს, ჩემთვის უფრო მეგობრები იყვნენ, ვიდრე მასწავლებლები. რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. როცა სამეცადინოდ დავჯდებოდი, მაქსიმალურად ხელს მიწყობდნენ და მშვიდ გარემოს მიქმნიდნენ. ფაქტობრივად, ეს საკითხები ჩემთან ერთად ისწავლეს. როცა ოჯახი ასე გიდგას გვერდით, გყავს საუკეთესო მასწავლებლები, მეგობრები, რომლებიც ყოველ ჯერზე გამხნევებენ, ყველაფერი ძალიან მარტივია. ოთხივე საგანში დრო გადანაწილებული მქონდა და ერთნაირად ვუთმობდი ყურადღებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სწავლის პროცესი გიყვარდეს. ყოველ ჯერზე, როცა ახალ ინფორმაციას ვეცნობოდი, ვკითხულობდი, ძალიან მომწონდა. მასწავლებლებმაც ეს პროცესი უფრო სახალისო გახადეს. მაგალითად, ინგლისურში ოსკარ უაილდის მოთხრობებს ვკითხულობდი, ქართულში ნაწარმოებებს ბევრი სხვადასხვა კუთხით განვიხილავდით, ქიმია და ბიოლოგია კი ძალიან საინტერესო დავალებებით იყო სავსე. ვფიქრობ, ყოველდღე რაღაც ახალი უნდა შეითვისო, რომ მერე ერთიანად არ მოგიწიოს სწავლა. რა თქმა უნდა, დრო გართობისთვისაც უნდა დაიტოვო. საკუთარ თავს სტრესული გარემო არ უნდა შეუქმნა, დროის გადანაწილების შემთხვევაში, ყველაფრის მოსწრება შეიძლება. აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ ყოველდღე რაღაც ახალი ისწავლონ. ძილი ძალიან მნიშვნელოვანია. დღეში 10 საათი მეძინა და რომ ვდგებოდი, სტრესს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ამიტომ, ღამეებს ნუ გაათენებთ, დრო სწორად გადაანაწილეთ და პასუხისმგებლობით მოეკიდეთ საკითხს. გამოცდაზეც არ ინერვიულოთ და კარგ შედეგს აუცილებლად მიაღწევთ.
გეგა ორმოცაძემ კომაროვის სახელობის სკოლა-პანსიონი დაამთავრა და პროგრამირების მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას. ისიც ერთ-ერთი ყველაზე წარატებული აბიტურიენტია. მათემატიკაში - 51, ქართულში - 59, ინგლისურში 77 ქულა აქვს და საკუთარ გამოცდილებას მომავალ აბიტურიენტებს უზიარებს:
- ვფიქრობ, წარმატების მიღწევაში შრომა ძალიან დამეხმარა. თუმცა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ცოდნასთან ერთად, ბევრი სხვადასხვა უნარია საჭირო. მთავარია, თითოეულ დეტალს კარგად დაუფიქრდე და არ გამოგრჩეს ისეთი რამ, რაც შედეგზე გავლენას მოახდენს. უნდა სცადო, რომ ნერვიულობის ფონს დასძლიო და გამოიყენო იმ ცოდნისა და შესაძლებლობების მაქსიმუმი, რაც გაქვს. რაც შეეხება თითეულ საგანს, ქართულში ყველაზე მეტად სწორი მიდგომა დამეხმარა. ვფიქრობდი, რომ თემებსა და ესეებს კარგად ვერ ვწერდი, მაგრამ მასწავლებელმა ეს საგანი სულ სხვა კუთხით დამანახა. სხვადასხვა თემაზე ვიმუშავეთ და მაქსიმალურად ვეცადე, პროგრესი მქონოდა. მათემატიკა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. პრაქტიკა აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც სისტემატური მეცადინეობის დროს სისხარტე გამომიმუშავდა და იმ შეცდომების გამოსწორება დავიწყე, რასაც ხშირად ვუშვებდი. ზოგიერთი ბავშვი თვლის, რომ კონკრეტული ამოცანა ზედმეტად რთულია და ამოხსნას თავს ანებებენ. ყველას ამოცანის ამოხსნა სწორი მიდგომითაა შესაძლებელი. ინგლისურში ძირითადად ამავე ენაზე კომუნიკაცი, ფილმების ყურება მეხმარებოდა. მომავალი აბიტურიენტებისათვის ჩემი მთავარი რჩევა კი ის იქნება, რომ ამ პერიოდს განსაკუთრებულად სტრესულად ნუ აღიქვამენ. ნუ გადაწყვეტენ, რომ ღამეები გაათენონ და მეცადინეობის გარდა დრო აღარაფერს დაუთმონ. ეს ყველაზე ცუდი მიდგომაა. მეცადინეობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ დასვენება და განტვირთვაც აუცილებელია.
თამარ იაკობაშვილი