ჩვენს სტატიას ბავშვის წარმატებულობის, კარგად სწავლის და ამგვარი საკითხების შესახებ, რომელსაც მასწავლებლებისა და ფსიქოლოგის რეკომენდაციები ახლდა თან (იხილეთ სტატია), ჩვენი ერთ-ერთი მკითხველი გამოეხმაურა, რომელსაც სამი უკვე სკოლადამთავრებული შვილი ჰყავს და მათ ყოველგვარი მომზადების გარეშე, ის კი არა, ბოლო ორი-სამი წელი სკოლაში სიარულის გარეშეც კი, საკუთარი შრომითა და მოწადინებით, შინ მიღებული განათლებით - წიგნებიდან და კომპიუტერიდან - ჩააბარეს უმაღლეს სასწავლებლებში საკმაოდ მაღალი ქულებით...
თუმცა ჯობს, თავად ამ ქალბატონის ნაამბობი მოისმინოთ, რომელიც ნამდვილად დამაფიქრებელი:
"სამი შვილი მყავს. სულ მეგონა, რომ მე ვასწავლიდი, მე ვზრდიდი, მე ვიყავი მათთვის გზის მაჩვენებელი, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა: მათ დამიმსხვრიეს ყველა სტერეოტიპი, რაც კი აქამდე მქონდა და ჩემში ახალი ადამიანი ჩამოაყალიბეს, ახალი ხედვით და ახალი აზრებით. ახლავე აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ: სულ მეგონა, რომ კარგი მოსწავლე იმას ერქვა, ვინც ყველა გაკვეთილს დაესწრებოდა, სულ უმაღლეს შეფასებებს მიიღებდა სკოლაში და ყველაზე საუკეთესო იქნებოდა კლასში აკადემიური მოსწრებით. ჩემმა შვილებმა დამარწმუნეს, რომ შეიძლება ამ ყველაფრის გარეშეც მიიღო კარგი განათლება და თუნდაც მასწავლებლების რისხვა დაიმსახურო გაცდენების გამო, ბოლოს მაინც შეძლო სკოლის წარმატებით დამთავრება და ყოველგვარი მომზადების გარეშე უმაღლესი ქულებით სტუდენტიც გახდე.
უფროსი მაინც პირველი იყო და ბოლო წელს ვთხოვე, ცოტა ხნით ევლო მასწავლებლებთან, მეშინოდა, რამე არ დამეკლო ბავშვისთვის, მაგრამ ახლა ვხვდები, სულ ზედმეტი იყო ჩემი სიფთხილე.
შუათანას და უმცროსს ბოლო 3 წელი არ უვლიათ სკოლაში, ექსტერნებით გადადიოდნენ კლასიდან კლასში და, მერე წარმატებით აბარებდნენ საატესტატო გამოცდებს. არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ არც ერთი არ მიტარებია წლობით მასწავლებლებთან სხვადასხვა საგანში, თავისით გავიდნენ ეროვნულ გამოცდებზე და უმაღლესი შეფასებები მიიღეს.
უფროსი ვაჟი 100%-იანი გრანტით მოხვდა ფიზიკის ფაკულტეტზე ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ არ დარჩა კმაყოფილი მიღებული განათლების დონით. შევთავაზე, ხომ არ გინდა უცხოეთში წახვიდე-მეთქი, მაგრამ იუარა, არსად წასვლა არ მინდაო და წელს მეორედ ჩააბარა ეროვნული გამოცდები, კვლავ უმაღლესი ქულებით, ამჯერად ახალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტში - კომპიუტერული მეცნიერებების განხრით.
შუათანა შარშან გახდა სტუდენტი და მაღალი ქულების გამო ერთ-ერთმა ამერიკულმა უნივერსიტეტმა დაუფინანსა სწავლის საფასურის 80%.
უმცროსმა წელს ჩააბარა ეროვნული გამოცდები და ასევე მაღალი ქულები აქვს. ჯერ არ ვიცით საბოლოო შედეგები, არჩევანიც ჩემთვის მოულოდნელი გააკეთა. სოფელი მიყვარსო - შარშან მთელი წელი წასული იყო და სოფლის მეურნეობის საკითხებს ეცნობოდა კახეთში, აგრარული უნივერსიტეტი ჩაწერა არჩევანში...
რომ ვუყურებდი მშობლების და აბიტურიენტების ემოციებს გამოცდების პერიოდში, მაშინ ვხვდებოდი, რამხელა სიმდიდრეა, ასეთი სიმშვიდით და თავდაჯერებულობით სავსე ადამიანები რომ მაჩუქა ღმერთმა.
ჩემი შვილების მაგალითს იმიტომ ვყვები, რომ ამ ყველაფერმა სრულიად შემიცვალა წარმოდგენა ბევრ რამეზე, რაზეც აქამდე არც მიფიქრია. მათ მოუხდათ ძალიან ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა თუნდაც ჩემი სახით, მასწავლებლებისა და სკოლის სახით, რომელიც თავისი ტრადიციული კანონების შესრულებას ითხოვდა ბავშვებისგან, მაგრამ მაინც გაიტანეს თავისი. მათ დამანახეს, რომ არ შეიძლება, 21-ე საუკუნის ბავშვი ისევ 45 -წუთიან გაკვეთილებზე იჯდეს და მე-20 საუკუნეში დაწერილი სახელმძღვანელოებით სწავლობდეს. შეუძლებელია ასეთი დაჩქარებული საუკუნის შვილები ისეთ რეჟიმში აცხოვრო, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობდით. არ შეიძლება, დროის გამოწვევებს არ უპასუხოს სასწავლო პროგრამებმა და ეს იმგვარად უნდა გაკეთდეს, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც ღირებულია, მაგრამ მივაწოდოთ ახლებურად, ახალი ფორმებით და საშუალებებით. ძალიან სწრაფად ვითარდება სამყარო და თუ განათლების სისტემა ამ ყველაფერს მხარს არ აუბამს, ის უბრალოდ დაკარგავს თავის ფუნქციას. ამ ყველაფერზე კი გონიერმა ადამიანებმა უნდა იფიქრონ, ვინც სახელმწიფოს ხელმძღვანელობს".
ქალბატონი ეთერი, 50 წლის