თამუნა ლაბაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლაში ასწავლის. დაწყებითი საფეხურის პედაგოგია. ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ცეკვავს მოსწავლეებთან ერთად თოვლში, რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა და ძალიან ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურა. მასწავლებლობა 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყო, მოსწავლეებთან თვეების განმავლობაში ონლაინ ჰქონდა კომუნიკაცია. სკოლაში კი, არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, პირბადით გადაადგილდებოდა. როგორც თავად გვიყვება, ბავშვებს ძალიან უნდოდათ, ენახათ მასწავლებელი პირბადის გარეშე, ამიტომ, გადაწყვიტა, რომ ღია სივრცეში მათთან ერთად ეცეკვა მუსიკაზე, რომელიც სახალისო და რიტმულია. ის გვიყვება, რას ანიჭებს მოსწავლეებთან ურთიერთობისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას და რა გამოხმაურება მოჰყვა ვიდეოს:
- სასკოლო საგნების გარდა, ადამიანურ ურთიერთობებსა და იმ უნარების გამომუშავებას, რაც ბავშვებს უფრო ჰუმანურს ხდის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ. პანდემიიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესში პირბადე მეკეთა. ბავშვებს სურდათ, რომ ნიღბის გარეშე ვენახე. გადავწყვიტე, რომ რამდენიმე მარტივი მოძრაობა მესწავლებინა, მუსიკაც რიტმული და სახალისო შევარჩიე და თოვლში ვიცეკვეთ. ვიდეოში სხვადასხვა კლასის მოსწავლე ჩანს. ჩვენს სკოლაში სულ 16 მოსწავლეა. ძალიან ბედნიერები ვიყავით და უამრავი დადებითი ემოცია მივიღეთ. არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას.
- თქვენი იდეა უარყოფითადაც შეაფასეს?
- როგორც გითხარით, ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი დაიწერა. დღეს ვნახე მხოლოდ უარყოფითი, სადაც ერთი ადამიანი წერდა, რომ სკოლას პატრონი არ ჰყავს. მასწავლებელსაც უარყოფითად აფასებდა. კრიტიკა, რა თქმა უნდა, მისაღებია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითი კომენტარი იყო, მაინც მიხარია, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ვიდეო გახსნა და უყურა. თავად აირჩია, რომ დადებითი ემოციის ნაცვლად, აგრესია გამოეხატა.
- თქვენთვის, როგორც მასწავლებლისთვის, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლების პროცესში?
- პირველ ოქტომბერს სწავლა ონლაინ დავიწყეთ. ვიდრე ერთმანეთს გავეცნობოდით, ძალიან ბევრი პლატფორმის გამოყენება დამჭირდა იმისათვის, რომ მოსწავლეები დამეინტერესებინა თითოეული საგნით და გასჩენოდათ სურვილი, რომ ესწავლათ. ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური ურთიერთობებია. ვფიქრობ, როცა ბავშვს მასწავლებელი უყვარს, აუცილებლად ისწავლის საგანს. ჩვენი მთავარი მოტივაციაა, რომ ვისწავლოთ კეთებით, ყოველ დღე ვცდილობთ, ახალი აქტივობები დავგეგმოთ. აქტივობები ძირითადად დაფუძნებულია ცდებზე, ექსპერიმენტებსა და კვლევებზე, რაც გაცილებით უფრო შედეგიანს ხდის საგაკვეთილო პროცესს.
- ყველაზე მეტად რა აინტერესებთ თქვენს მოსწავლეებს, რა უფრო მოსწონთ საგაკვეთილო პროცესში?
- ყველაზე მეტად რაც იზიდავთ მოსწავლეებს არის ის, რომ პერიოდულად ისინი ჩემი მასწავლებლები არიან. სულ 3 მოსწავლე მყავს და მორიგეობით ირგებენ ამ როლს. ამზადებენ მათთვის სასურველ თემას, რა თქმა უნდა, პროგრამით გათვალისწინებულს. გეგმავენ აქტივობებს, იფიქრებენ, როგორ წარმართონ პროცესი. საკმაოდ საინტერესო გამოდგა იქიდან გამომდინარე, რომ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა უვითარდებათ, ხედავენ იმასაც, რომ მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია და ხვდებიან, რომ თუ იშრომებენ, ყველაფერი გამოუვათ. ამ მიდგომამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ყველა პატარა ხარვეზი, რაც ჰქონდათ, თუნდაც მოყოლის დროს, დავალებების შესრულების დროს, ნელ-ნელა აღმოიფხვრა და ძალიან მიხარია, რომ მომავალი მასწავლებლები გვეზრდება.
- საშინაო დავალებების არჩევისას რას ანიჭებთ უპირატესობას?
- რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დავალებებს ერთად ვარჩევთ. შეიძლება 3 მარტივი, 1 საშუალო სირთულის და 1 რთული სავარჯიშო იყოს. ზოგჯერ საერთოდ არ აქვთ დავალება, მაგრამ მეორე დღეს მოდიან და ამბობენ, რომ საკუთარი სურვილით დაწერეს. ბავშვებს არასდროს ვაიძულებ, მე მომერგონ. მაქსიმალურად ვცდილობ, მათი შესაძლებლობები წარვმართო იქეთ, რომ არ გაურთულდეთ სწავლება და ვერშესრულებული დავალების გამო არც საკუთარ თავში ჩაიკეტნონ. მშობლებს ყოველთვის ვთხოვ, რომ არ ჩაერიონ წერის პროცესში, ნუ დაწერენ შვილების ნაცვლად დავალებას. მინდა, გავიგო, რა მიმართულებითაა ძლიერი მოსწავლე და სად გვაქვს კიდევ უფრო მეტი სამუშაო.
- რა გამოწვევაა თქვენთვის მაღალმთიან დასახლებაში მასწავლებლობა?
- წარმოშობით ხულოდან ვარ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, ერთი წელი მოსამზადებელ ცენტრში ვმუშაობდი. შემდეგ მაძიებელ მასწავლებელთა პროგრამაში ჩავერთე, შევავსე განაცხადი და ინწკირვეთის საჯარო სკოლაში აღმოვჩნდი. შუახევის ყველაზე მაღალი წერტილია და ტრანსპორტირება ძალიან რთულია. რამდენიმე მოწვეული მასწავლებელი ვართ, რომლებსაც გვიწევს, საკუთარი სახლი დავტოვოთ და შაბათ-კვირას ისევ დავბრუნდეთ. ტრანსპორტირებასთან ერთად, ახლა პრობლემაა დიდთოვლობა, ხშირად სინათლე არ გვაქვს. მაგრამ, გვყავს საუკეთესო მოსწავლეები და კოლექტივი. მათთან ურთიერთობით ძალიან ბევრ დადებით ემოციას ვიღებ.
თამარ იაკობაშვილი