დღეს აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაიგეს. გამოცდის მაქსიმალური ქულა 70-ია. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს, რომლებმაც უმაღლესი ქულა მოიპოვეს:
ერთ-ერთი მათგანი ანი აბაშიძეა. მან რუსთავის 24-ე საჯარო სკოლა დაამთავრა.
"მაღალ ქულას ველოდი, თუმცა მაქსიმალურს - არა. ეს, რა თქმა უნდა, მასწავლებლისა და ჩემი შრომის დამსახურებაა. პროგრამირებაზე მინდა ჩაბარება, ან თავისუფალ უნივერსიტეტში ან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში", - ამბობს ანი.
მარიამ ხაჩიძემ დაბა სურამის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა და მანაც მაქსიმალური ქულა აიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
"არ ველოდი მაქსიმალურ ქულას. ისე მეშინოდა, თავად ვერც ვნახე პასუხი. ბიზნესის ადმინისტრირებაზე ვაბარებ, ჯერჯერობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქვს არჩეული. ეს ჩემი შრომის, მეცადინეობის და, რა თქმა უნდა, ქართულის მასწავლებლების დამსახურებაა", - ამბობს მარიამი.
დათო ჯავახიშვილმაც უმაღლესი ქულა აიღო. მან ხურვალეთის საჯარო სკოლა დაამთავრა და ეკონომიკის მიმართულებით აპირებს ჩაბარებას.
"საკმაოდ კარგად ვიყავი მომზადებული და მაღალ ქულასაც ველოდი, თუმცა, არა მაქსიმალურს. ნებისმიერი თემისა და ესეს დასაწერად ვიყავი მზად და მგონია, რომ ბევრმა შრომამ განაპირობა შედეგი", - გვიყვება დათო.
თამარ იაკობაშვილი