ანა მარი კიპაროიძე 8 წლისაა. თუმცა თუ ასაკს ჰკითხავთ, გიპასუხებთ, რომ 100 თვისაა და 100 წიგნი აქვს წაკითხული. ცოტა ხნის წინ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ 26 აგვისტოს 100 თვის ხდებოდა და გადაწყვიტა, ეს დღე 100 წაკითხული წიგნით აღენიშნა. რატომ წიგნებით? იმიტომ, რომ, როგორც თვითონ ამბობს, კითხვაზე გიჟდება. რომ გადაითვალა, 100 თვის დაბადების დღემდე 16 დღე იყო დარჩენილი, 100 წაკითხულ წიგნამდე კი – 14 წასაკითხი წიგნი. საკუთარი თავისთვის დადებული ეს გამოწვევა ძალიან სახალისო აღმოჩნდა. მეასე წიგნი წინა საღამოს დაასრულა და 100 თვის დაბადების დღეს მართლაც სვეტად აშენებული 100 წიგნით შეხვდა.
როგორც ანა მარის დედა, ნანიკო მღებრიშვილი გვიყვება, გოგონას წიგნები ყოველთვის უყვარდა, მაგრამ მათ მიმართ განსაკუთრებული სიყვარული 6 წლის ასაკში გაუჩნდა, როდესაც დიდტანიანი წიგნების დამოუკიდებლად წაკითხვა დაიწყო. ამ პერიოდში „აზროვნების აკადემიის“ საკვირაო სკოლაში დაიწყო სიარული, სადაც ლიტერატურის მასწავლებელი ურჩევდა, რომელი წიგნები წაეკითხა და ყოველ შეხვედრაზე წაკითხულ მასალაზე მსჯელობდნენ. მას შემდეგ ანა მარი წიგნის გარეშე აღარსად დადის, კითხულობს ყველგან და ყოველთვის, წაკითხული წიგნებით კი ყველაზე მეტად ამაყობს.
„კითხვა ყველაზე მეტად მიყვარს. კითხვის დროს ვერაფერს ვიგებ, გარშემო რა ხდება. დედა რომ ნებას მაძლევდეს, შემიძლია მთელი დღეები და ღამეები ვიკითხო. როცა დავდივარ და როცა ვჭამ, მაშინაც ვკითხულობ. ძილის წინ დედა შუქს რომ მიქრობს ხოლმე ოთახში, ლამპიონის შუქზე ჩუმად ვკითხულობ. მაინტერესებს, მერე რა მოხდება და წიგნს ვერ ვდებ. პირველი წიგნი, რომელიც ძალიან მომეწონა, ასტრიდ ლინდგრენის „ყაჩაღის ასული რონია“ იყო. ძალიან მომეწონა გოგონას ისტორია, რომელიც მამაცი და კეთილია. მან მამამისის ყაჩაღობა არ გააგრძელა და სიკეთე აირჩია,“ – ამბობს ანა მარი.
წასაკითხ წიგნებს თავად არჩევს, ნაწილს ლიტერატურის მასწავლებელი ურჩევს, ნაწილს კი მშობლების რეკომენდაციით კითხულობს. ყველაზე მეტი შთაბეჭდილება მასზე „ჰარი პოტერმა“ მოახდინა, რომლის წაკითხვაც თავად მოისურვა:
„ჰარი პოტერი“ 7 წლისამ წავიკითხე. დედას არ უნდოდა, პატარა ხარო, მეუბნებოდა, მაგრამ ისე მინდოდა, რომ მაინც დამთანხმდა. წიგნის მაღაზიაში მარტო შევედი და „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ ვიყიდე. სახლში მისვლამდე, მანქანაშივე დავიწყე კითხვა. შვიდივე ნაწილი წავიკითხე. თუ სადმე დიდი ხნით მივდივარ, ყველა ნაწილი თან მიმაქვს. ყოველდღე ვკითხულობ ხოლმე ნაწყვეტებს. ჯადოსნური და მაგიური თავგადასავლები ძალიან მომეწონა, თან საშიშია, თან საინტერესო. მინდა, ჰერმიონასავით ჭკვიანი და კეთილი ვიყო. ყველა ნაწილი რომ წავიკითხე, ფილმებსაც ვუყურე. ისინიც ძალიან მომეწონა, მაგრამ წიგნი მაინც ყველაზე ძალიან მიყვარს. რომ ვკითხულობ, მეც იმ ამბებში წარმოვიდგენ ხოლმე თავს,“ – ამბობს ანა მარი.
მას შემდეგ რაც „ჰარი პოტერი“ წაიკითხა, თავის წარმოსახვაში მეგობრებსა და ოჯახის წევრებს „ჰოგვორტსის“ კლუბებში ანაწილებს და ეს ძალიან ახალისებს. საყვარელი მწერლებიც გადანაწილებული ჰყავს. მაგალითად, ანა კატერინე ვესტლი გრიფინდორელია, ენიდ ბლაიტონი რეივენქლოშია. ასტრიდ ლინდგრენზე ყველაზე მეტი იფიქრა და საბოლოოდ, ჰაპლეფაპში მოხვდა.
მშობლებს არასდროს დაუძალებიათ ანა მარისთვის კონკრეტული წიგნის წაკითხვა.
„რადგან „ჰარი პოტერი“ ასე ძალიან მოეწონა, ვიფიქრე „ნარნიის ქრონიკებიც“ მოეწონებოდა. სერიის პირველი ნაწილი დეფიციტში იყო და ძლივს ვუშოვე. წიგნის მაღაზიები და ბუკინისტები მოვიარე და დიდი სიამაყით მოვუტანე „ჯადოქრის დისწული“, მაგრამ ბოლომდეც ვერ წაიკითხა. გული ვერ დაუდო და მართლა, ვერ ვხვდები, რატომ. მაგრამ არ დამიძალებია. ალბათ, მისი წაკითხვის დროც მოვა. ზოგადად, დიდტანიანი წიგნები მოსწონს. მოთხრობების კითხვა არ უყვარს. ერთადერთი მოთხრობები, რაც სიამოვნებით წაიკითხა, გურამ პეტრიაშვილის „პატარა ქალაქის ზღაპრები“ იყო. რამდენჯერმე ვთხოვე, რევაზ ინანიშვილისა და ნინო ნაკაშიძის მოთხრობების წაკითხვა. იწყებს კითხვას, მაგრამ უგულოდ. ამიტომ აღარც ვაძალებ. არ მინდა, კითხვა დაძალებასა და რამე ცუდთან ასოცირდებოდეს. მისთვის ერთადერთი „სასჯელი“ ახალი წიგნის არყიდვაა. მეტი არაფრის ეშინია. ანა მარისთვის პირველი წიგნი მაშინ ვიყიდეთ, როდესაც ორსულად ვიყავი. ზღაპრების წიგნი იყო და ხან მე, ხან მამა ძილის წინ ვუკითხავდით თითო ზღაპარს. არ ვიცი, მაშინდელ წაკითხულ ზღაპრებს რეალურად აქვს თუ არა რამე ძალა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს კითხვა ყველაფერს ურჩევნია, – აღნიშნავს ნანიკო მღებრიშვილი, - წაკითხული წიგნების შესახებ ერთად ვმსჯელობთ ხოლმე. ვცდილობ, დავაფიქრო იმაზე, რაც წაიკითხა, რა მოეწონა, რა არ მოეწონა. ხშირად ვმსჯელობთ იმაზე, ჩვენ როგორ მოვიქცეოდით, გმირების ადგილას რომ ვყოფილიყავით, რას შევცვლიდით. ვიხსნებთ, მსგავს სიტუაციაში ჩვენ თუ ვყოფილვართ და როგორ მოვქცეულვართ. ვცდილობ, პერსონაჟების თვისებებსა და ქმედებებზე დაფიქრებით, საკუთარ ცუდ თუ კარგ თვისებებზეც დავაფიქრო. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ კითხვა ასე უყვარს, მეცადინეობა ძალიან ეზარება მას შემდეგ, რაც სწავლა ონლაინ რეჟიმშია. როდესაც „ტომ სოიერი“ წაიკითხა, ვიმსჯელეთ იმ მონაკვეთზე, სადაც ტომმა ღობის კირით გათეთრება სასიამოვნო საქმედ „წარმოიდგინა“ და ბიჭებსაც მოანდომა. განწყობის ძალაზე ვილაპარაკეთ და მას მერე სამეცადინოდ ტრაგიკული სახით და წუწუნით აღარ ჯდება ხოლმე“.
ანა მარი თანატოლებს ურჩევს აუცილებლად წაიკითხონ: ჯ.კ როულინგის „ჰარი პოტერი“, ასტრიდ ლინდგრენის „ძმები ლომგულები“ და „ყაჩაღის ასული რონია“, რ.ჯ. პალაციოს „საოცრება“, ენიდ ბლაიტონის „ცნობილი ხუთეული“, როალდ დალის „მატილდა“.
„მატილდა მე ვარ. ზუსტად ჩემნაირია და ჩემნაირად უყვარს კითხვა,“ – ასე ასრულებს ჩვენთან საუბარს ანა მარი.