სკოლაში შესვლის უფლება მიეცემათ იმ მოსწავლეებსაც, რომლებსაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე უსრულდებათ. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზადაა და პარლამენტი მას დაჩქარებული წესით განიხილავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.
როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას.
"6 წლამდე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გამონაკლისის დაშვების თაობაზე განსაკუთრებით მაღალია სექტემბრის თვეში დაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ჩარიცხვის მიზნით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე დაბადებული ბავშვების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით, თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით, არ ქმნის დაუძლეველ წინააღმდეგობას, გათვალისწინებული იქნეს მშობელთა მოთხოვნა, მათი შვილების პირველ კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან 2022-2023 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი გამოცხადდა 15 მარტს, რომლის ფარგლებში სსსმ მოსწავლეები დარეგისტრირდნენ. მათ მიეცემათ დამატებით რეგისტრაციის საშუალება და პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ. აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისს დაიწყება და 13 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები, რომელთა:
- და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში;
- მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია;
- ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია - 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რაც შეეხება IV ეტაპს, რეგისტრაცია 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოქმედი კანონით, საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ყველაზე ლოგიკური და სამართლიანი წყალგამყოფი 31 დეკემბერია, თუმცა სკოლების ინფრასტრუქტურა ახალი, გაზრდილი ნაკადის მისაღებად მზად არაა.
როგორც მან დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასკოლო ასაკის შეცვლასთან დაკავშირებით დაწყებული რეფორმა სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად გადაიხედება.
"მშობლების ძალიან დიდი მომართვიანობის საფუძველზე, რამდენიმე კვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, სამინისტროსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავწიოთ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი. განვსაზღვროთ 6 წელი, რომელიც პირს შეუსრულდება 1 -ელ ოქტომბრამდე. აღნიშნული ცვლილებით შესაძლებლობა ექნება უკვე წელსვე 2500- მა პირმა მიმართოს სკოლას. ვინაიდან პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის ვადა ახლოვდება, კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, რადგან მყისიერად შეძლოს სარგებლობა ყველამ, ვინც ამ პერიოდამდე არის დაბადებული. აღნიშნულის პარალელურად ჩვენ შევიმუშავეთ და ჩამოვაყალიბეთ სისტემური ხედვა, საზოგადოებისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც სკოლაში ბავშვების შეყვანის ასაკს შეეხება. კარგად მოგეხსენებათ, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია, რაც გვაძლევს საშუალებას დამატებითი ადგილები შევქმნათ ჩვენი შვილებისთვის სკოლებში. ამიტომ, ჩვენი მიდგომა პირის სკოლაში შესვლის ასაკის გადახედვასთან დაკავშირებით აუცილებლად გაგრძელდება მომავალში შესაბამისი წესით ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად.
ჩვენ ვმუშაობდით მეთოდისტებთან, ფსიქოლოგებთან, დარგის ექსპერტებთან ერთად და გვაქვს უკვე ხედვა წარმოდგენილი. ყოველ წელს ამას სჭირდება სისტემის მომზადება, რადგან დაახლოებით 17 ათასამდე მოსწავლეს შესაძლოა ეს შეეხოს, თუ ჩვენ ავიღებთ წყალგამყოფს 31 დეკემბერს, რომელიც ყველაზე გონივრული, ყველაზე სამართლიანი და ლოგიკური თარიღია. გვაქვს უკვე ხედვა, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად, როცა სისტემა იქნება მზად, ამ თემაზე მუშაობა გავაგრძელოთ. ჩვენ ამ რეფორმას ვიწყებთ დღეს და გავაგრძელებთ და ყოველწლიურად მოხდება გადახედვა იმ პრინციპით, რასაც დღეს ვაინიცირებთ. ეს ცვლილება უზრუნველყოფს იმას, რომ ამ ეტაპზევე დარეგისტრირდეს ყველა, ვინც 1 -ელ ოქტომბრამდეა დაბადებული", - განაცხადა ამილახვარმა.
ინტერპრესნიუსი