1000-მდე მშობელი გამოიკითხა და მათი უმრავლესობის აზრით...
თითქმის 20 წელია სახელმწიფო სკოლებში სასკოლო ფორმის ტარებას აღარ ითხოვენ. სამაგიეროდ, კერძო სკოლები ისევ ავალდებულებენ მოსწავლეებს ფორმით სიარულს. ფიქრობენ, რომ სკოლის იმიჯისთვის ეს ბევრის მომცემია.
რამდენად აქტუალურია დღეს სასკოლო ფორმა და მისაღები იქნებოდა თუ არა ეს ტრადიცია დღევანდელი მოსწავლეების მშობლებისთვის? ამ თემაზე საიტმა mshoblebi.ge-მ გამოკითხვა ჩაატარა. როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრი მშობელი ემხრობა მოსწავლის ფორმით სიარულს.
კითხვაზე: დაეთანხმებოდით თუ არა სკოლებში ფორმით სიარულის აღდგენას? – 1000-მდე მშობელმა უპასუხა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა - 84,5% ამ შეთავაზებაზე თანახმა იქნებოდა. ფორმების შემოღების წინააღმდეგია გამოკითხულთა მხოლოდ 13%. 12%-ისთვის კი სულ ერთია, მისი შვილი ფორმით ივლის სკოლაში თუ უფორმოდ.
მშობელთა მოსაზრებების ძირითადი თეზისები რომ გავაერთიანოთ, ფორმების უპირატესობები და ნაკლოვანებები ასე გამოიყურება:
უპირატესობა:
1. არც მშობელს და არც ბავშვს ყოველდღიურად არ უწევთ ზრუნვა იმაზე, რა ჩაიცვას მოსწავლემ სკოლაში.
2. იზოგება თანხა ყოველდღიურ ტანსაცმელზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმცროსკლასელთა მშობლებისთვის, რადგან პატარებს უფრო მეტი ტანსაცმელი სჭირდებათ.
3. აღარ დგას კლასში კარგად და ცუდად ჩაცმული ბავშვების პრობლემა. შესაბამისად, სოციალური განსხვავებაც ნაკლებად შესამჩნევია. ეს ”დაჩაგრულებს” კომპლექსებისგან იცავს.
4. ფორმა ასოცირდება წესრიგთან და დისციპლინასთან, რაც ბავშვებს სწავლისადმი უფრო სერიოზულ დამოკიდებულებას უჩენს.
5. ბავშვს უნდა ჰქონდეს სკოლაში სასიარულო და საგარეო სამოსი და უნდა ეტყობოდეს, როდის სწავლობს და როდის ერთობა ან მიდის სადმე სხვაგან.
ნაკლოვანებები:
1. სასკოლო ფორმასაც თავისი ხარჯები სჭირდება, სამაგიეროდ, ამ სამოსს სკოლის გარდა ვერსად გამოიყენებ.
2. შეზღუდვა და ნორმების დაწესება გარკვეულ პროტესტს უჩენს მოზარდ მოსწავლეებს.
3. ფორმის ტანსაცმელში დომინირებს თეთრი ფერი. ამ ფერის მაისურების მოვლა კი მშობელს დიდ ძალისხმევად უჯდება.
ფორმების აღდგენის მსურველი აშკარად მეტია, უპირატესობებიც ჭარბობს... იქნებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაფიქრებულიყო ამ თემაზე. ოღონდ ისე არა, რომ ამ ფორმების შეძენა მთელი წლის საარსებო მინიმუმი დაუჯდეს ოჯახს. ნუ დაავალდებულებთ, რომ მაინცდამაინც "ამა და ამ" ატელიეში შეკერილი კომპლექტი შეიძინოს. ხომ შეიძლება, ზედმეტი თავსატეხების გარეშე უბრალოდ, გავუმარტივოთ მშობლებს ცხოვრება.