რა ხდება სწავლის დაწყების პირველ დღეს? რა უნდა ვურჩიოთ მშობლებს, რომლებსაც პირველად მიჰყავთ შვილი სკოლაში? რა უნდა ჰქონდეს სწავლის დაწყების პირველ დღეს პირველი კლასის მოსწავლეს თან? რა უნდა გაითვალისწინონ და როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომ ბავშვებს გაუადვილდეთ სკოლასთან და ახალ გარემოსთან შეგუება? რა შეცდომებს უშვებენ მშობლები და თუნდაც პედაგოგები, როცა პირველკლასელს უჭირს სკოლასთან შეგუება? როგორი სამოსი უნდა ეცვას ბავშვს, რომ დისკომფორტი არ შეექმნას? როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჭირვეულობს მოსწავლე და კლასში შემოსვლა არ უნდა, სახლში წასვლას ითხოვს? რა ხდება სწავლის დაწყების პირველ დღეს? რა უნდა ვურჩიოთ მშობლებს, რომლებსაც პირველად მიჰყავთ შვილი სკოლაში?
ამ კითხვებზე პასუხი, სამ სხვადასხვა სკოლის დაწყებითი კლასის გამოცდილ პედაგოგს ვთხოვეთ:
ნატალია წიკლაური, დაწყებითი კლასის პედაგოგი:
- პირველი კლასის მოსწავლეს პირველ დღეს, როგორც წესი არაფერი არ მოაქვს - შესაძლოა, თუ უხარია, ჩანთა წამოიღოს და მისთვის სასურველი სასკოლო ნივთები ჩაალაგოს - პენალი, რამდენიმე ცალი რვეული, წყალი. ეს დღე არის მისალმების, მიღების, გაცნობის დღე, რომელიც რასაკვირველია, ღონისძიების სახით ტარდება. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, სწავლის დაწყებამდე ვეხმიანებით მშობლებს, ვაცნობთ სასწავლო დღის დაწყების თარიღს და ვუსურვებთ წარმატებებს. მოგეხსენებათ, რამდენად დიდი მნიშველობა აქვს მშობლებთან დადებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და მათ ჩართვას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში, რაც ერთი მხრივ უზრუნველყოფს თანამშრომლობას, ურთიერთგაგებასა და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას, ხოლო მეორე მხრივ, ხელს უწყობს ბავშვის ახალ გარემოსთან შეგუებას.
შუა ბავშვობა ბავშვის სკოლაში შესვლის პერიოდიდან იწყება, 6 წლის ასაკიდან და 11 წლამდე გრძელდება. ეს პერიოდი ხასიათდება განსაკუთრებული სილაღით, ცნობისმოყვარეობით, შემეცნების სიყვარულით, მოქნილი მოძრაობის სწრაფი განვითარებით, თვითმართვის უნარის განვითარებით. აღნიშნულ პერიოდს სირთულეები ახლავს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მშობელმა და მასწავლებელმა იმისათვის, რომ ბავშვის პოტენციური შესაძლებლობების განვითარებას და მის ემოციურად კარგად ყოფნას შეუწყოს ხელი. ბავშვი მიდის სკოლაში, თამაშიდან გადადის დასწავლის ეტაპზე, მან მოთხოვნით უნდა გააკეთოს ისეთი დავალებები, რაც ნაკლებად სასიამოვნო შეიძლება იყოს მისთვის. სასკოლო გარემო და მისი მოთხოვნები ბავშვისთვის უცხო და სრულიად ახალია. იმისათვის, რომ ბავშვი ადვილად შეეგუოს ახალ გარემოს და ნაკლებად სტრესული აღმოჩნდეს სასკოლო სიტუაცია, მზად უნდა იყოს სკოლისთვის.
უფრო მეტად უჭირთ კონტაქტის დამყარება და ზოგადად ადაპტაცია იმ ბავშვებს, რომლებიც არ დადიან საბავშვო ბაღში ან სკოლასთან არსებულ სკოლამდელ აღზრდის ჯგუფებში ,რომელთაც სპეციალური სასკოლო მზაობის პროგრამა აქვთ შემუშავებული. პროგრამის შედეგად, ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება. ისინი მზად არიან სკოლაში წასასვლელად და აქვთ კარგად განვითარებული წინარე აკადემიური უნარები. თუმცა, ეს სახლის პირობებშიც შესაძლოა მოახერხოს მშობელმა, თუ ის აქტიურად იქნება ჩართული ბავშვის აღზრდის პროცესში. დღეს, სწორედ ამ პრობლემას უფრო ვაწყდებით, ვინაიდან მშობლებს შვილებისთვის ფაქტობრივად აღარ სცალიათ, დაკავებულნი არიან სამსახურის საქმეებით.
მშობლები უნდა აკვირდებოდნენ ბავშვებს, ეცნობოდნენ მათ უნარ-შესაძლებლობებს, უსმენდნენ. ხშირად, იმის ნაცვლად, რომ მოვუსმინოთ ბავშვს, მოთხოვნებს ვუყენებთ, ეს ძალიან აღიზიანებთ და აგრესიას იწვევს მათში, რაც ბუნებრივია. სკოლაში მისვლამდე უნდა ეცადოს მშობელი ესაუბროს მათ, დადებითი განწობა შეუქმნას სკოლაზე. ხშირად მშობლებს უნდათ შვილებმა უკვე იცოდნენ წერა-კითხვა. გასაგებია, ყველას მშობელს სურს წარმატებული შვილი ჰყავდეს, მაგრამ სულაც არ არის საჭირო მან სკოლაში მისვლამდე იცოდეს ეს. მშობლის დამოკიდებულებას კარგად გრძნობს ბავშვი, ამიტომ საჭიროა თავად მშობელი იყოს დადებითად განწყობილი, სიმშვიდე შეინარჩუნოს და ზედმეტი მოთხოვნები არ წაუყენოს. ძალიან მნიშვნელოვანია პირველი დღე და ამიტომაც, როგორც მასწავლებელი, ასევე მშობელი განსაკუთრებულად უნდა ემზადებოდეს ამ დღისთვის. შევუქმნათ მას ამაღლებული განწყობა, შევაქოთ, ვაგრძნობინოთ, რომ ძალიან გვიხარია მისი სკოლაში მისვლა. თუნდაც იმით, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურება, ნამდვილ მოსწავლეს ჰგავს, შევუქმნათ შესაბამისი გარემო.
პედაგოგი უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს თავის საქმეს. ის უნდა თანამშრომლობდეს ბავშვებთან, ერთად აკეთებდნენ აღმოჩენებს. გაითვალისწინოს ინდივიდუალური შესაძლებლობები, მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავდეს. ამისათვის საჭიროა, მრავალფეროვანი აქტივობებით დათვირთული იყოს გაკვეთილები. განსაკუთრებით პირველი გაკვეთილი, დასამახსოვრებელი, სახალისო და საინტერესო უნდა იყოს მისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს სკოლაში წასვლა არ მოუნდება. ამიტომ პედაგოგი უნდა ცდილობდეს პირველივე დღეს შესთავაზოს ბავშვებს თამაში, თუ როგორ გაიცნონ ერთმანეთი, რა უყვართ ყველაზე მეტად, ზაფხულის რომელი დღე იყო ყველაზე მეტად გამორჩეული და ა.შ.
თუ მშობელი ან პედაგოგი არ ცდილობს ბავშვის განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას, კარგი შედეგი ვერ დადგება. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვ, რომ ეს ორი კომპონენტი უმთავრესია, რაზედაც უნდა დაშენდეს სხვა დანარჩენი. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ძალზე ყურადსაღებია, არის ის, რომ მშობლების უმრავლესობას არ სურს აღიაროს, ან გააცნობიეროს თავის შვილის პრობლემები, რომ ის არის ზედმეტად აქტიური, არის ნერვიული, აგრესიული, აქვთ სერიოზული დარღვევები. ამ შემთხვევაში ისინი უშლიან ხელს საკუთარი შვილის ზრდა-განვითარებას. თუ მშობელს გაცნობიერებული აქვს და აღიარებს ამას, პედაგოგის, სპეცპედაგოგის და მშობლის ურთიერთანამშრომლობით ძალიან კარგ შედეგს ვაღწევთ. მე პირადად მქონდა ასეთი შემთხვევა, ბავშვი იყო აუტისტური სპექტრის და ძალიან სერიოზულ პრობლემებთან გვქონდა საქმე, მაგრამ სწორი ურთიერთთანამშრომლობით, მოტივაციით, ყურადღების კონცენტრაციაზე მუშაობით, ძალიან დიდ შედეგს მივაღწიეთ.
ჩემი აზრით, მოსწავლეს ფორმა უნდა ეცვას, რაც აბსოლუტურად უხსნის მას დისკომფორტს, ესთეტიურიცაა და ლამაზიც.
თუ ბავშვი პირველ დღეს ჭირვეულობს და კლასში შემოსვლა არ უნდა (ჩემს პრაქტიკაში მადლობა ღმერთს, არ ყოფილა), არ უნდა დავაძალოთ, შესაძლოა ვთხოვოთ, დედასთან ერთად გვიყუროს შორიდან, არ უნდა მოვაქციოთ ყურადღების ცენტრში, ანუ ზომიერად იგნორიც შეიძლება, რაც ხშირ შემთხვევაში კარგ შედეგს გამოიღებს ხოლმე. ამ დროს მშობელს უნდა ვთხოვოთ მასთან ერთად ჩაერთოს აქტივობებში მანამდე, სანამ ბავშვი არ დათახმდება მშობლის გარეშე დარჩენას ცოტა ხნით მაინც. მნიშვნელოვანია, რომ წასვლამდე მშობელი დაემშვიდობოს ბავშვს და აუხსნას, თუ როდის მოაკითხავს.
სწავლის დაწყების პირველი დღე საზეიმო, ამაღლებულია. პედაგოგი ცდილობს კლასი მორთოს ლამაზი ბუშტებით, თვალსაჩინოებებით, მასწავლებლის მისალოცი ბარათებით. ბავშვებს თამაშით აცნობს ერთმანეთს. მათ უზარმაზარი ზღაპრული სამყარო აქვთ, ამიტომ მათი აზრი მნიშვნელოვანია და საინტერესო. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეცნობიან მათ საკლასო ოთახში რა არის, რომელ საგნებს ისწავლიან, რისთვის უნდა იარონ სკოლაში, ვაცნობთ სკოლის ბიბლიოთეკას, სასადილო ოთახს, საპირფარეშოს, ვსაუბრობთ ჰიგიენის წესების დაცვაზე, ცხოვრების ჯანსაღ წესზე. ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკა პირველი დღიდან, წუთშესვენებები მუსიკის თანხლებით, რომელსაც პირადად მე აქტიურად ვიყენებდი და ვიყენებ სასწავლო პროცესში. დღეს, როდესაც იმატა ჰიპერაქტიული ბავშვების რიცხვმა, სიმღერა, მუსიკა კეთილმყოფელ გავლენას ახდენს, უფაქიზებს სულს და ამაღლებს მათ მოტივაციას, ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.
მშობლებს, რომელთაც ბავშვი პირველად მიჰყავთ სკოლაში, ვურჩევ იცნობდნენ კარგად სკოლას, პედაგოგს, დარწმუნებული იყვნენ, რომ მისი შვილი საიმედო ხელშია, სიმშვიდე შეინარჩუნონ, ამაღლებული განწყობა ჰქონდეთ, რადგან ბავშვები ყველაფერს კარგად ამჩნევენ და გრძნობენ. როდესაც მშობელი თავად იქნება დადებითად განწყობილი, ბავშვიც დადებითად განეწყობა. მასწავლებლის, მშობლის და მოსწავლის ერთობლივი მუშაობა წარმატების საწინდარია.
ნინო ღვინიაშვილი, დაწყებითი სკოლის პედაგოგი:
- პირადად მე, ასეთი შემთხვევა არ მქონია. თუმცა არიან ბავშვები, რომლებსაც სკოლსთან შეგუება ძალიან უჭირთ. ასეთ შემთხვევაში მშობლებისა და მასწავლებლების როლი ძალიან დიდია. მშობლის შეცდომა მასწავლებელმა უნდა აღმოფხვრას, პირველ რიგში თავისი უდიდესი სითბოთი და საყვარულით, მოსწავლე უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ ის მისი მეგობარი და გულშემატკივარია.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ჭირვეულობს, მშობელი უნდა მიენდოს მასწავლებელს და მას უნდა მისცეს ბავშვთან ყოფნის საშუალება, დიალოგისა და ურთიერთობის დამყარების უფლება. ჩვენ კი უნდა დავარწმუნოთ მოსწავლეები, რომ ისინი ძალიან გვიყვარს, მათთან ურთიერთობა გვახარებს და სხვადასხვა თამაშით განვმუხტოთ სიტუაცია.
სწავლის დაწყების პირველ დღეს ვეცნობით მოსწავლეებს. ვთამაშობთ, ვხატავთ და ვმხიარულობთ. ვაცნობთ სახელმძღვანელოებს.
მშობლებს, რომლებსაც პირველად მოჰყავთ შვილები სკოლაში, ვურჩევ, რომ მოამზადონ სათანადოთ სკოლისთვის, ბევრი ესაუბრონ შვილებს სკოლაზე და მიენდონ მასწავლებელს.
რაც შეეხება ნივთებს, სწავლის დაწყების წინ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს სასკოლო სახელმძღვანელოები, სახატავი რვეული და ფერადი ფანქრები. კლასში მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს სახელმძღვანელოებს და შემდეგ ერთ-ერთ გაკვეთილზე დაახატინებს.
მშობლებმა უფრო ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყონ სკოლისთვის მზაობა, ნელ-ნელა თამაშ-თამაშით შვილებს ასწავლონ უბრალოდ ასო-ბგერებისა და ციფრების ამოცნობა. მაგალითად, შეუძლიათ ასო-ბგერები ასე ასწავლონ: "ნ" - ნინო, ეს შენი სახელის პირველი ასოა, დ - დედა, თ - თვალები და ა. შ. თითოეული ასო-ბგერა მათთვის საყვარელ საგნებსა თუ ადამიანებს დაუკავშირონ. თუ ბავშვს აქვს სურვილი და მშობელს უჯერებს, ასევე სასურველია ვასწავლოთ თვლა და უკუთვლა. ზეპირი ანგარიში თითების დახმარებით. სკოლისთვის სათანადოდ მომზადებული ბავშვი მეტად თავდაჯერებულია და მოტივაციაც მაღალი ექნება.
სასურველია, მოსწავლე ფლობდეს მაკრატელს, შეძლოს სახაზავით მონაკვეთების გავლება. ხელის კუნთები შეძლებისდაგვარად ჰქონდეს განვითარებული. დამერწმუნეთ, ასე მომზადებულ ბავშვს არასოდეს არ ექნება სკოლისადმი და მასწავლებლებისადმი ცუდი განწყობა.
ინგა ლობჟანიძე, დაწყებითი კლასების პედაგოგი:
- სწავლის დაწყების პირველ დღეს სასურველია მოსწავლეს თან ჰქონდეს საჭირო სასწავლო ნივთების ნაწილი, როგორიცაა ფერადი ფანქრები, სახატავი რვეული, რაც გამოადგება მასწავლებლის მიერ შეთავაზებული აქტივობების შასასრულებად. დანარჩენ საჭირო ნივთებს, რომლებიც მოსწავლეს დასჭირდება მომდევნო დღეების განმავლობაში, მასწავლებლის მითითებით მიიტანს.
როცა ბავშვი პირველ კლასში შედის, ეს პროცესი გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის. ამ დროს მშობელს ბევრი კითხვა უჩნდება, თუ როგორ შეეგუება მისი შვილი სასკოლო რეჟიმს, როგორ მიაჩვიოს და დააინტერესოს სწავლის პროცესით და სხვა. ბუნებრივია, ბავშვი ხვდება ახალ სოციუმში, რომელთან შეგუებაც სხვადასხვა სირთულესთან არის დაკავშირებული. ზოგი ბავშვი იოლად ეგუება ახალ გარემოს, ზოგს კი სკოლასთან შესაგუებლად გარკვეული დრო სჭირდება. მათთვის რთულია მოსწავლის დღის რეჟიმის დაცვა, ასევე მშობლის გარეშე გაჩერება სკოლაში.
ექიმი კომაროვსკის რჩევა მომავალი პირველკლასელის მშობლებს - ეს კითხვასა და ანგარიშზე მნიშვნელოვანია
აუცილებელია მშობელი დაეხმაროს ბავშვს ადაპტაციაში. მშობელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ სკოლამ ბავშვის მოლოდინები გაამართლოს. ბავშვისთვის მშობელი არის ავტორიტეტი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის პოზიტიური დამოკიდებულება იმ საგნებისა და მოვლენების მიმართ, რასაც ბავშვი სკოლაში უნდა დაეუფლოს. თუ ბავშვი იგრძნობს, რომ მას მშობელმა დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა და მისგან თავიდანვე დიდ წარმატებას ელოდება, მაშინ შეიძლება ბავშვი სკოლაში მისვლის შემდეგ სირთულეებმა შეაშინოს, იფიქროს, რომ მათ იმედები გაუცრუა. ამან კი შეიძლება რთულ შედეგამდე მიგვიყვანოს. უმჯობესია მშობელი ბავშვს მოუყვეს მისი პირველი ნაბიჯების შესახებ სკოლაში. მშვიდად ესაუბროს იმ სირთულეებზე, რომლებიც სავარაუდოდ მოჰყვება ხოლმე სწავლის პროცესს. აუცილებელია, წაახალისოს შვილის ნებისმიერი წარმატება, რითაც მის მეტად მოტივირებას შეუწყობს ხელს.
მშობლები ხშირად უშვებენ შეცდომას, როდესაც სკოლამდელი ასაკის ბავშვს ასწავლიან წერა-კითხვას. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად სკოლამდელი ასაკის ბავშვმა იცოდეს წერა-კითხვა, რადგან ასეთი ბავშვები სწავლისადმი ინტერესს კარგავენ. როდესაც ბავშვებს ვაცნობ ახალ ასო-ბგერას, მათ ვინც არ იცის წერა-კითხვა, ამ პროცესს დიდი სიხარულით ხვდებიან და ისინი, ვინც უკვე კითხულობენ, გამუდმებით სვამენ კითხვას: მასწავლებელო, მე დღეს ახალი რა უნდა მასწავლოთ? მე ხომ უკვე ვიცი წერა-კითხვა? ასეთ ბავშვებს ინტერესი ეკარგებათ შემეცნების. ჩემი რეკომენდაცია იქნება, მშობლებმა სკოლამდელ ასაკში თავი შეიკაონ წინსწრებით სწავლებისაგან.
უმჯობესია ვიზრუნოთ და განუვითაროთ ბავშვს წინა სასკოლო უნარ-ჩვევები. მნიშვნელოვანია ბავშვს სკოლაში მისვლამდე განვითარებული ჰქონდეს სივრცის აღქმის უნარი, იცოდეს მარჯვენა, მარცხენა, ზემოთ, ქვემოთ. შეეძლოს მიწოდებული ინსტრუქციების სწორად გაგება, ჰქონდეს მოსმენის და მეტყველების კულტურა, შეეძლოს სურათის აღწერა. სკოლამდელ ასაკში მეტი დრო უნდა დაეთმოს ნახატების გაფერადებასა და პლასტელინით ფიგურების გამოძერწვას, რათა ბავშვს დაუმუშავდეს ხელის მოტორიკა და გაუადვილდეს ბადიან თუ უჯრიან რვეულში მუშაობა. წერა-კითხვის უნარი უნდა ჩამოყალიბდეს სასკოლო ასაკში. წერა-კითხვა ბავშვს უნდა ასწავლოს პედაგოგმა შესაბამისი კონტექსტებითა და ასოების გრაფიკული მოხაზულობის ახსნით სკოლის ასაკში.
მოსწავლის სამოსი აუცილებლად მორგებული უნდა იყოს კონკრეტულ ბავშვზე, არ უნდა ზღუდავდეს მოსწავლეს წერა-კითხვისა თუ სხვადასხვა აქტივობის შესრულების პროცესში. უმჯობესია, თუ ეს იქნება სასკოლო ფორმა. ჩვენი სკოლას აქვს მოსწავლეზე კარგად მორგებულ ფორმა, რაც მე ძალიან მომწონს. ამ შემთხვევაში ყველა მოსწავლე იმყოფება ერთნაირ მდგომარეობაში და არ იკვეთება უხერხული საუბრები თუნდაც სამოსის „ბრენდებზე''.
უნდა ეცვას თუ არა ბავშვს მოდურად და რა მოაქვს "კარგად ჩაცმას"
თუ ბავშვი ჭირვეულობს და არ უნდა მას კლასში შემოსვლა, ამ შემთხვევაში წამყვანი როლი მასწავლებელს ეკისრება, აუცილებელია მასწავლებელმა მოსწავლესთან დაამყაროს სითბოთი აღსავსე კომუნიკაცია, გარეგანი მოტივაციის ამაღლების შედეგად მოსწავლე ჩართოს შემეცნებით თამაშებში, სადაც მას ექნება განსაზღვრული როლი.
სწავლის დაწყების პირველ დღეს აუცილებელია მასწავლებელმა პირველკლასელს შეუქმნას სასიამოვნო გარემო, პოზიტიურად უნდა განეწყოს თითოეული მოსწავლის მიმართ, წინასწარ მომზადებული უნდა ჰქონდეს სახალისო შემეცნებითი თამაშები და სხვადასხვა მხიარული აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვის ადაპტაციას უცხო გარემოში.
რუსკა კილასონია