პედაგოგების ნაწილი მოსწავლეებს სკოლისთვის შეუფერებული სამოსის გამო საყვედურობს და ხშირად, გაკვეთილებზე დასწრების უფლებასაც არ აძლევს ბევრჯერ გვსმენია, რომ პედაგოგების ნაწილი მოსწავლეებს სკოლისთვის შეუფერებული სამოსის გამო საყვედურობს და ხშირად, გაკვეთილებზე დასწრების უფლებასაც არ აძლევს.
Mshoblebi.ge დაინტერესდა, რა ითვლება სკოლისთვის შეუფერებლად, ვინ ადგენს ამ კრიტერიუმებს და აქვს თუ არა დირექციას უფლება, მოსწავლე გაკვეთილზე არ დაუშვას შეღებილი თმის ან დახეული ჯინსების ტარების გამო, რა პასუხიმგებლობა ეკისრება სკოლას, როცა მოსწავლეს გაკვეთილის მსვლელობის დროს პედაგოგი საკლასო ოთახში არ უშვებს. ამ კითხვებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მივმართეთ, სადაც განგვიმარტეს, რომ მოსწავლის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში დირექტორიც უნდა ჩაერიოს:
„გაცნობებთ, რომ არსებობს მოსწავლის ქცევის კოდექსი, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც მოსწავლეს დისციპლინური სახდელი შეიძლება დაეკისროს. დისციპლინური სახდელი შეიძლება იყოს:
სიტყვიერი შენიშვნა; საყვედური (წერილობით ფორმით); სკოლისათვის სასარგებლო იძულებითი სამუშაოს შესრულება (ეზოს, საკლასო ოთახის, ბიბლიოთეკის ან შენობის სხვა ნაწილის მოვლა-პატრონობაში მონაწილეობა არასაგაკვეთილო პერიოდში - გაკვეთილების დაწყებამდე ან გაკვეთილების შემდგომ); საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა 1-იდან 5 დღემდე ვადით; საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა 5-დან 10 დღემდე ვადით; გაკვეთილიდან გაძევება; 7. ზარალის ანაზღაურების დაკისრება; სასკოლო კლუბებში, წრეებში, სკოლის მიერ გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის პრივილეგიის ჩამორთმევა და უკიდურეს შემთხვევაში ალტერნატიულ სკოლაში გადაყვანა.
ნახეთ ვიდეო, როგორ სჯის საქართველოში კანონი ახალგაზრდებს
Video როგორ სჯის ქართული სასამართლო არასრულწლოვნებს
დისციპლინური სახდელი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის დისციპლინურ გადაცდომას ჰქონდა ადგილი.
გაკვეთილის ჩაშლის მცდელობისთვის მოსწავლე საგნის მასწავლებლის მიერ იგზავნება დირექტორთან, რომელსაც შეუძლია მოსწავლე გაკვეთილიდან დაითხოვოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნილი მოსწავლე აუცილებლად უნდა იყოს მეთვალყურეობის ქვეშ. მას ზედამხედველობა უნდა გაუწოს ბიბლიოთეკარმა ან მორიგე მასწავლებელმა. მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნის შემთხვევაში, აუცილებელია დირექტორი იყოს საქმის კურსში“, - აცხადებენ სამინისტროში.
ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა mshoblebi.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აკრძალვები მოსწავლეთა ჩაცმულობის შესახებ შესაძლოა, სკოლის შინაგანაწესში ეწეროს, რომელიც ყველა სკოლისთვის განსხვავებულია. მისივე თქმით, შინაგანაწესს კარგად უნდა იცნობდნენ ბავშვები და მონაწილეობდნენ მის შედგენაში.
„ზოგიერთ სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ჩაცმულობას, რაც გაწერილია შინაგანაწესში, მის შედგენაში აქტიურად მონაწილეობს სამეურვეო საბჭო. საბჭოს წევრებს შორის კი მშობლებიც არიან. შინაგანაწესის შედგენაში მონაწილეობას არ იღებს სამინისტრო, ეს მთლიანად სკოლაზეა დამოკიდებული, მთავარია, ის წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. შესაბამისად, ამ საკითხზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. თუ რაიმე კონკრეტულ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი, საყურადღებოა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ეს სკოლის წესების დაცვის მიზნით მოხდა.
ეს არ არის გემოვნების საკითხი, ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეთა ჩაცმულობა შეიძლება, საერთოდ არ იყოს დარეგულირებული, ზოგან აქცევენ ყურადღებას. ამაზე სასკოლო საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, რომლის ნაწილია თავად მშობელი და კარგი იქნება, თუ ბავშვებსაც გააცნობენ ამ წესებს. და მეტიც- ეს უნდა იყოს შეთანხმებული მათთან. სკოლა უნდა იყოს ერთიანი ორგანიზმი და სასკოლო კულტურის შექმნაში ყველა უნდა იყოს ჩართული, პირველ რიგში მოსწავლეები“, - ამბობს მარიამ ჩიქობავა
სასკოლო ე.წ. დრესკოდი სხვა ქვეყნებშიც აქტუალურია და მკაცრადაც კონტროლდება.
მარიამ ელიაშვილი