რამდენიმე წელია, სასკოლო ექსკურსიების სეზონი ტრაგედიის გარეშე არ სრულდება. არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. მართალია, რეგულაციები გამკაცრდა, მაგრამ ფაქტია, ექსკურსიამ მაინც შეიწინა ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამის გამო ექსკურსიების აკრძალვასაც ემხრობა ბევრი. თუმცა ვერც იმას უარვყოფთ, რომ ექსკურსია სასწავლო პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი აკრძალვაც პირველ რიგში, ბავშვებს დააზარალებს.
დავინტერესდით, როგორ წყვეტენ ამ პრობლემას ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებში, რამდენად აქვთ ექსკურსიების ტრადიცია და დაჰყვებიან თუ არა მშობლები ამ აქტივობებზე. ამის შესახებ ის ქართველი მშობლები ყვებიან, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ.
მაია ტურაბელიძე, მთარგმნელი, ორი ქალიშვილის დედა - იტალია
- ექსკურსიის ჩატარება სკოლაში, ლიცეუმში თუ ნებისმიერ სასწავლებელში სავალდებულოა ანუ ყველა სასწავლო დაწესებულებას ევალება ასეთი გასვლის მოწყობა, როგორც შესწავლილის გაღრმავება და პრაქტიკაში განხორციელება. ექსკურსიები ორდღიანებიცაა და ერთკვირიანებიც. გააჩნია ასაკს და სასწავლო მასალას. ჩემი შვილი, როგორც წარჩინებული მოსწავლე, ხუთი დღით წაიყვანეს კუნძულებზე პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად.
მაგალითად, ჩამოინგრა კლდე, გოგონა მოჰყვა ქვეშ და დაიღუპა. ერთმა ბოროტმოქმედმა კი ბავშვებით სავსე ავტობუსი გაიტაცა, მაგრამ კარაბინიერების ჩარევით ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა. ავარია არ მახსენდება...
მარინა ვარდიაშვილი, 2 შვილიშვილის ბებია, ყოფილი მასწავლებელი - ინგლისი
უმცროსი გოგონა მე-6 კლასშია. ექსკურსიაზე წასვლა მასთან ასე ხდება: კლასი დაიყოფა ჯგუფებად, ჯგუფში მხოლოდ 5 მოსწავლე უნდა იყოს. თითო ჯგუფზე თითო მშობელია გათვალისწინებული. ამავე დროს, არიან პედაგოგებიც. წინასწარ იბეჭდება მოსავლეთა სია, დაყოფილ ჯგუფებად. წინასწარ იციან ის მშობლებიც, რომლებიც ამ ჯგუფებს უხელმძღვანელებს. დაბეჭდილ სიას წინა დღით აძლევენ მშობელს და აკისრებენ მოვალეობას, რა უნდა გააკეთოს. მასვე უჭირავს ხელში მთელი ექსკურსიის გეგმა დეტალურად. მასწავლებლებიც დიდი რაოდენობით არიან ანუ თითოეულ ჯგუფზე მიმაგრებულია ერთი მშობელი და ერთი პედაგოგი. როგორც უკვე ვთქვი, ჯგუფში 5 ან, მაქსიმუმ, 6 ბავშვია და ამ 6 ბავშვზე ერთი მასწავლებელი და ერთი მშობელი აგებს პასუხს. იმ მასწავლებელს, რომლის კლასის ექსკურსიაცაა, ჯგუფი არ ევალება. ის საერთო ორგანიზებას აკეთებს. ბავშვებს აცვიათ მაისურები, რომლებზედაც აწერია სკოლის სახელწოდება, ნომერი და იმ ექსკურსიის სახელი, სადაც მიდიან. მიაქვთ ზურგჩანთები, რომელშიდაც უნდა ჰქონდეთ წყალი და მშრალი საკვები, რომ სიცხეში არ გაფუჭდეს. ხელზე უკეთიათ სამაჯური, რომელზეც ასევე მითითებულია სკოლის სახელწოდება და ნომერი. სადაც მიდიან, იქაც წინასწარ იციან და იქაც ყურადღების ცენტრში ჰყავთ ბავშვები. ავტობუსი ყველანაირად შემოწმებულია, რომ უსაფრთხო იყოს. აქაც წინასწარ იციან ბავშვებმა თავიანთი ადგილები. ჩემი შვილიშვილი მე-8 კლასშია. იქ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ. ახლა წაიყვანეს პარკში, სადაც უამრავი გასართობი იყო: სასრიალოები და კიდევ ბევრი რამ. ბავშვები დაყვეს ჯგუფებად და თითო პედაგოგი დაუნიშნეს ზედამხედველად. აქ მშობლები აღარ იღებდნენ მონაწილეობას. იმის გარდა, რომ თითოეულ ჯგუფს ჰყავდა მასწავლებელი, სასრიალოზე თუ სხვა გასართობად დამატებით იდგა თითო პედაგოგი, რომელიც აკონტროლებდა ყველაფერს. რაც შეეხება საკვებს, პატარა შვილიშვილს სთხოვეს, სახლიდან წაეღო. უფროსთან ნებაყოფლობითი იყო, ან სახლიდან წაიღებდა საკვებს ან ფულს წაიღებდა და იქ ჭამდა. ამ შემთხვევაში, ბავშვებმა წინასწარ იცოდნენ, რომელ კაფეში უნდა შესულიყვნენ და რომელ საათზე. კაფესთან იდგა პედაგოგიც.
სანამ ექსკურსიაზე წავიდოდნენ, სკოლამ ფული ააგროვა და ბავშვებს უყიდეს ერთნაირი მაისურები, სკოლის სახელწოდების წარწერით. უფროს ბავშვებს უთხრეს, რომ თან ტელეფონებიც ჰქონოდათ. მოკლედ, უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონეზეა დაცული. რაც მთავარია, ბავშვებს ისე ზრდიან, რომ პედაგოგების სიტყვა მათთვის კანონია. წუთს არ გადააცილებენ და რა დავალებასაც მიიღებენ, პირნათლად ასრულებენ. აქ ბავშვები სწავლას 4 წლიდან იწყებენ. უმცროსი გოგონა მე-6 კლასშია ანუ ჩვენი წესით, მე-4 კლასში. უფროსი ეკლესიის სკოლაში სწავლობს და ძალიან მაღალი დონისაა. ბავშვებს დამოუკიდებელ ცხოვრებას ასწავლიან, მაგრამ აკონტროლებენ. სკოლა ძალიან პატრონობს ბავშვებს. ერთი დღე რომ გააცდინონ, სკოლას არ შეატყობინონ და ცნობა არ წარადგინონ, იმ დღესვე სოც სერვისს გადასცემენ. ასე, რომ აქ ბავშვების ინტერესები და უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა დაცული.
ნატო ბეჟანიშვილი, ყოფილი მასწავლებელი, ორი შვილის დედა - გერმანია
"აქ ექსკურსიები ძალიან ხშირია, შეიძლება კვირაში ერთხელაც იყოს. მაგალითად, ახლა ბუნების მასწავლებელს ტყეში მიჰყავს, რომ აჩვენოს, როგორ ცხოვრობენ მწერები ბუნებაში. ექსკურსიის დაგეგმვაში მშობელს აზრს არავინ ეკითხება, სკოლა არჩევს მარშრუტსაც, დროსაც და ტრანსპორტსაც. 2 მშობელს სთავაზობენ გაყოლას, თუ სურვილი აქვთ, მეტი მშობლის თანხლება არ შეიძლება. სამაგიეროდ, ხშირია ორდღიანი და ერთკვირიანი ექსკურსიებიც. ათდღიანშიც ყოფილან. ეს მარტო სკოლას არ ეხება, ბაღის და ბაგის ასაკის ბავშვებიც მიჰყავთ. ეტლებით ატარებენ და საერთოდ არ სჭირდებათ მშობლების ჩართულობა.
თავად ყოფილი მასწავლებელი ვარ და ვერ წარმომედგინა, მშობლების გარეშე როგორ რისკავდნენ 5-6-7 წლის ბავშვების ტარებას, უფრო პატარებზე აღარფერს ვამბობ, მაგრამ მალე მივხვდი - საიდუმლო იდეალურ წესრიგშია. არცერთ ბავშვს აზრად არ მოუვა, თუნდაც ქუჩაზე გადაირბინოს. რასაც მასწავლებელი უთითებს, ზუსტად იმას აკეთებენ. ამ წესრიგს ბაღიდანვე მიჩვეულები არიან. ჩემი შვილი ძალიან ცელქია და ჯიუტიც, მაგრამ არ არსებობს გზაზე გადაირბინოს, რაც სკოლაში ასწავლეს, იმას არ დაარღვევს არასდროს. ამ წესრიგით აღწევენ ყველაფერს.
ექსკურსიაზე კვებას რაც შეეხება, თუ რამდენიმედღიანი გასვლაა, სკოლა უზრუნველყოფს კვებას. ერთდღიან ექსკურსიებზე კი ყველა ბავშვს თავისი კონტეინერი მიაქვს და აფრთხილებენ, რომ ყველამ თავისი საკვები მიირთვას, უშლიან, რომ ერთმანეთს შესთავაზონ და გაუნაწილონ. მე ჩემი ქართული ხასიათით ვერ ვეგუები ხოლმე ასეთ სიმკაცრეს და ერთხელ მაფინები გავატანე მთელი კლასისთვის. ამის გამო კრებაზე დიდი საყვედური მივიღე და ერთი მოსწავლის დედამ გამლანძღა იმის გამო, რომ თურმე სასიკვდილო საფრთხის ქვეშ დავაყენე მისი შვილი, რადგან მაფინში თხილი ყოფილა. იმ ბავშვს , რომელიც ალერგიული ყოფილა თხილის მიმართ, არც უჭამია, არ მისცეს მასწავლებლებმა უფლება, მაგრამ მაინც გავილანძღე.
ნინო ჯანანაშვილი, აშშ
"სადაც, მე ვცხოვრობ, სან ფრანცისკოსთან, სექტემბერში უკვე ვიცით მთელი წლის განმავლობაში სად წავლენ ბავშვები ექსურსიაზე, უკვე დაგეგმილია სკოლის მიერ და მშობლები და ბავშვები არ ირჩევენ. ექსკურსიამდე ასე ერთი თვით ადრე მოდის ნებართვის ფურცელი ხელმოსაწერად და ინსტრუქცია, რა ნივთები დასჭირდებათ და რამდენი, რა აკრძალულია (მაგალითად მობილური), ასევე. რომელ საათზე გავლენ და რომელზე დაბრუნდებიან (ყოველთვის ზუსტად ასრულებენ), რომელ საათზე გაჩერდებიან ლანჩისთვის და სად. დილით მიაქვთ თავიანთი სნეკი და სკოლა აძლევს მერე საჭმელს. სუფრები არ არის, 30 წუთი აქვთ ჭამისთვის. ჩემი შვილი 2ჯერ იყო ერთკვირიან ექსკურსიაზე, ერთხელ - ორდღიანზე, დანარჩენი თითო დღე. იოსემიტიში იყვნენ ერთი კვირა და კი მეშინოდა იქაური კლდეების, მაგრამ აქ კონტროლი მეტია და დისციპლინაც. სკოლიდან ვიღებდი იმეილებს იმ დღის ამბებით, რომ გვცოდნიდა, რა ხდებოდა. ექსკურსიაზე. მიჰყვებიან მოხალისე მშობლები, რამდენიმე, მაგრამ არა ისე, ჩვენთან რომაა. მიდის სპეც ავტობუსი, რომელსაც სკოლა ქირაობს, რიგითი მინი ვენის მძღოლი არა. ბავშვი თუ ცელქობს და არ ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს, გირეკავენ, რომ მიხვიდე და წაიყვანო სახლში (ერთკვირიან ექსურსიებზე მაგალითად, ერთდღიანზე არ აქვს აზრი). იოსემიტის კლდეებიდან აქაც ვარდება ხალხი, მაგრამ არასოდეს მომხდარა სკოლის ექსკურსიის დროს, უფრო როცა ექსტრემალური სელფის გადაღება უნდათ ან აკრძალულ ჰაიკ ბილიკზე შედიან, ანუ თავიანთი გაუფრთხილებლობის გამო. მე ძალიან ცუდად მახსოვს მესამე კლასის ექსკურსია მთვრალი მასწავლებელ-მშობლებით, ღრიანცელით და ხმაურით. მძღოლი სულ რომ სუპერ ფრთხილი იყოს, ძნელია კონცენტრირება მოცეკვავე მთვრალი ხალხით და ხმაურიანი ბავშვებით სავსე ავტობუსში".