კომაროვის სკოლა-პანსიონის მე-12 კლასის მოსწავლე ნიკა ბირკაძე, ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს, რაც ქართველი მოზარდის უდიდესი აღიარებაა. ასეთ ტიტულს მხოლოდ ის მოსწავლეები იღებენ, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე 2 ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული. ქართველი გენიოსი კი, ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლის მფლობელია.
მე-12 კლასელი ნიკა უკვე სხვებსაც უზიარებს თავის ცოდნას. ის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“ მასწავლებელია. ნიკას ორი წლით უფროსი ძმა, საბაც წარმატებულია და განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. საბასაც კომაროვის სკოლა აქვს დამთავრებული. ახლა კი, სან დიეგოს უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია და ბიოქიმიას სწავლობს.
ნიკა თავდაპირველად პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდა, მეშვიდე კლასიდან კი, განათლების მიღება კომაროვის სკოლაში გააგრძელა.
Mshoblebi.ge ნიკა ბირკაძის დედას, ლელა ნონიაშვილს ესაუბრა, რომელმაც ნიკას შესახებ საინტერესო დეტალები გაგვიმხილა. ქალბატონი ლელა გვეუბნება, რომ ნიკას არ უყვარს თავის წარმოჩენა და ამის გამო, ინტერვიუებზე ყოველთვის უარს ამბობს:
- თავიდანვე ძალიან ნიჭიერი იყო. სკოლაში მივიდა თუ არა, იმ დღიდანვე გამორჩეული იყო, განსაკუთრებით მათემატიკაში. რომ გითხრათ, თავს იკლავს მეცადინეობით-თქო, არა, ასე არ არის. ვეუბნები, კიდევ კარგი, ნიჭიერი ხარ-მეთქი. როცა მათემატიკურ კონკურსებში დავიწყეთ გამოსვლა, მესამე კლასში იყო და სულ წარმატებები ჰქონდა. მერე კომაროვის სკოლაში გადავიდა. ამის გარდა, დადიოდა, ახლაც დადის და პლუს ასწავლის საონფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“. სწორედ იქ დაინტერესდა ინფორმატიკით. წელს მიიწვიეს მასწავლებლად. ცენტრს ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა აქვს. ატარებენ კონკურსს და წარმატებულ ბავშვებს იწვევენ. ჩვენც კონკურსის შემდეგ მიგვიწვიეს. ნიკა მეექვსე კლასიდან დადის მანდ და წელს უკვე სთხოვეს, რომ იქნებ ერთი გაკვეთილი ინფორმატიკაში, პროგრამირებაში ჩაატაროო, დაეთანხმა ესეც და კვირაში ერთ გაკვეთილს ატარებს. ასე რომ, მასწავლებელიც გახდა.
ფოტოზე - ნიკა მასწავლებლის ამპლუაში
არ არის აქტიური ბავშვი. ისევ გავიმეორებ, სულ ვეუბნები, კიდევ კარგი, რომ გაქვს ეს ნიჭი და თავისთავად გამოამჟღავნე ცოდნა-მეთქი. თვითონ რომ რამე ეძებოს, რაღაცები სცადოს, ასეთი არ არის. ყველაფერი თავისთავად მოხდა. რადგან ასეთია, თვითონ იწვევენ ახლა და თავისით მოიტანა ამ წარმატებებმა მისით დაინტერესება.
- როგორი იყო ბავშვობაში, უყვარდა თამაში, თუ მხოლოდ წიგნებით ინტერესდებოდა? - ჩვეულებრივი ბავშვი იყო, არაფრით გამორჩეული. მასაც, სხვა ბავშვების მსგავსად, უყვარდა თამაში. ახლაც უყვარს გართობა, მეგობრებთან წასვლა და ასე ვთქვათ, გადახვევა. ბავშვობაშიც ეგეთი იყო. ძალიან ქება გამომდის ახლა, მაგრამ მართლა იმდენად მცირე დროში ახერხებდა მეცადინეობას, საკმაოდ დიდი დრო რჩებოდა. დატვირთული არ მყავდა. ძალიან არასპორტული შვილები მყავს. ვერანაირი სპორტით ვერ დავაინტერესე და ამაზე გული მწყდება. სხვა არაფრით არ იყვნენ დაკავებულები, სკოლაში და შემდეგ საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში დადიოდნენ.
- რამდენად დიდი როლი აქვთ ნიკას წარმატებაში სკოლასა და მასწავლებლებს? - სკოლამ ძალიან დიდი როლი ითამაშა. კომაროვში ყველა საგანში არის უფასო გაძლიერებული წრეები. შეგიძლია რა საგანსაც აირჩევ, იმ საგანში დამატებით იმეცადინო, კვირაში ორი ან სამი საათი. ნიკამ აირჩია მათემატიკა. ასევე, ყოველთვის აღვნიშნავ საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის როლსაც. არ გამიკონტროლებია, რას და როგორ მეცადინეობდა, ამიტომაც, ცხადია, კარგი პედაგოგების დამსახურებაც არის.
ხატია ვარდოსანიძე