სასკოლო ცხოვრება ნებისმიერი ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. თუმცა, უამრავ დადებით ემოციასთან, ახალი მასალის ათვისებასა და სოციალურ ურთიერთობებთან ერთად, არის ხარვეზები, რომლებიც, ერთი მხრივ, არ მოსწონთ მშობლებს, მეორე მხრივ კი - მასწავლებლებს. მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ მასწავლებელი მოსწავლეს ნიშანს უმიზეზოდ აკლებს, მოტივაციას არ აძლევს და განვითარებაში ხელს არ უწყობს. მათ ვკითხეთ, ყველაზე ხშირად, რა არ მოსწონთ მასწავლებლებში, რა აღიზიანებთ, რომელ ნაწილში არ ეთანხმებიან და რა მიმართულებით აქვთ ხოლმე შენიშვნები. ვუთხარით, რომ თითოეული პასუხი იქნებოდა ანონიმური, ამიტომ, მათ გულწრფელად დააფიქსირეს ის, რაც არ მოსწონთ და აღელვებთ. რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:
მე ბევრი რამ მაღიზიანებს: 1. როცა ფულის გამო არიან სკოლაში და ბავშვები სინამდვილეში არ უყვართ. 2. როცა უხეშად ექცევიან მოსწავლეებს ან არჩევენ ერთმანეთისგან. 3. როცა პედაგოგები გაყინულები არიან ერთ ადგილზე და არ ვითარდებიან - წლების წინ რასაც და როგორც ასწავლიდნენ, ისევ ისე ასწავლიან. კიდევ მაღიზიანებს პედაგოგების არაპედაგოგიური ქცევა, მაგალითად, ზედმეტად გამომწვევად რომ იქცევიან და იცვამენ. მაღიზიანებს, როცა მასწავლებელი ბავშვებს ერთმანეთს ადარებს და ეუბნება: "ის შენზე კარგად სწავლობს და მას მიბაძე", "შენზე უფრო მოწესრიგებულია და მისგან ისწავლე მსგავსი მიდგომები". ორი შვილი მყავს და ორივე მათგანთან მქონია ასეთი შემთხვევები. ძალიან გამაღიზიანებელია, ზოგს მეტი შეუძლია,ზოგს ნაკლები და ბავშვების მოტივაციის ამაღლება, სხვებთან შედარებით, არ არი სწორი მიდგომა. მაღიზიანებს, როცა მასწავლებელი ერთმანეთისგან არჩევს ბავშვებს, როცა ყურადღებას ყველას თანაბრად არ უნაწილებს. ბევრი მშობლისგან გამიგია, რომ სწავლობს ბავშვი და არ უფასდებათ. როცა კონკრეტულ საგანში სხვა მასწავლებელთან მიიყვან მოსამზადებლად, სკოლის მასწავლებლებმა "გადაკიდება" იციან. არადა, მისი მიდგომები რომ მაკმაყოფილებდეს, სხვასთან რატომ წავიყვან, ან საერთოდ, რატომ მოვამზადებ და გადავიხდი დამატებით ფულს? მასწავლებელი მოსწავლისთვის კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს. მისი ტოლი და მეგობარი. უნდა ჰქონდეს მოსწავლესთან დიპლომატიური მიდგომის ნიჭი. როგორიც არ უნდა იყოს ბავშვი, მასწავლებელი მისთვის საიმედო, სასიამოვნო, მესაიდუმლე უნდა გახდეს. ხოლო საგანი ბავშვისთვის ტვირთი კი არა, სახალისო და საინტერესო უნდა იყოს. კარგ მასწავლებელს ეს შეუძლია. სამწუხაროდ, ხშირად, მასწავლებლებს არ აქვთ ხასიათში სიკეთე, მოთმინება და ნერვები არ ჰყოფნით, ვერ უღებენ ბავშვებს ალღოს, უფროსობენ და მკაცრობენ და ამით უფრო შორდებიან მათ. ასეთი მიდგომით მოსწავლეს სულ შესძულდება სწავლაც, მასწავლებელიც და საგანიც. მასწავლებლისთვის თავისი პროფესია არ უნდა გახდეს მხოლოდ სამუშაო და იძულებითი ქმედება. მოწოდებით მასწავლებლები, ახლა, სამწუხაროდ, იშვიათობაა. კარგი მასწავლებელი მოსწავლეს არასოდეს დაავიწყდება. ავი მასწავლებელი კი, შავი ლაქასავით რჩება მის ფიქრებში. ჩემმა მასწავლებელმა მოსწავლეების ამორჩევა იცოდა და სტიმულს კი არ გვაძლევდა, პირიქით, გვიქრობდა. თვითშეფასებას გვიქვეითებდა და ამის გამო დაფასთან სულ 3 ბავშვი გადიოდა, რომელსაც თავად ამზადებდა. დანარჩენებს ისე გვექცეოდა, თითქოს გაყინული სკუმბრიები ვიყავით. ასე გვეძახდა... სამწუხაროდ, ზოგიერთი მასწავლებელი საჯაროდ აყენებს ბავშვს შეურაცხყოფას, დამამცირებელ სიტყვებს ეუბნება. ჩვენ არ გვქონია მსგავსი ფაქტები, მაგრამ, გამიგია და ძალიან ცუდია. ვინ იცის, როგორ იმოქმედებს ეს სიტყვები მათზე? ვიცით, რომ მედალს ორი მხარე აქვს. ამიტომ, ამავე შეკითხვით საჯარო თუ კერძო სკოლის მასწავლბლებს მივმართეთ და მათაც შევთავაზეთ, ანონიმურად დაეფიქსირებინათ თავიანთი აზრი, რა არ მოსწონთ მშობლებში და რა ტიპის მიდგომას თვლიან არასწორად. ისინი საუბრობენ, რომ ხშირად მშობლები პასუხისმგებლობას ირიდებენ და მხოლოდ მასწავლებელთან აქვთ დაუსრულებელი შენიშვნები თუ პრეტენზიები. ამ შემთხვევაშიც, რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:
ძალიან მაღიზიანებს და მასევდიანებს უყურადღებო მშობელი. ასევე, მშობელი, რომელსაც მხოლოდ თავისი შვილი ჰგონია სამყაროს ცენტრი და ვერ ხვდება, რომ სხვა ბავშვებიც ისეთივე მნიშვნელობის არიან თავიანთი მშობლებისათვის, როგორც მისი შვილია მისთვის. ასევე, მშობელი, რომელიც დათვურ სამსახურს უწევს თავის შვილს, არ აცდის აზროვნებას, არ ეხმარება, არ უხსნის და პირდაპირ კარნახობს ან თვითონ უწერს დავალებებს. არ ვეთანხმები, როცა მშობელი ამბობს, რომ თავის შვილს ვერაფერს უხერხებს, ვერ იმორჩილებს და ჩხუბით უნდა ყველაფერი გააკეთებინოს. არ ესმით, როგორ უნდა ითანამშრომლონ. ყველაზე უსიამოვნოა, როდესაც მშობლები მხოლოდ ბავშვის ნიშანზე არიან ორიენტირებულნი და შესაბამისად, უსამართლოც სწორედ ეს არის, რადგანაც ამგვარი მიდგომით უფასურდება განათლების მნიშვნელობა. ამავე დროს, ყალიბდება არაჯანსაღი კონკურენტული გარემო, რაც ხელს უშლის ბავშვებს, სწორი ფორმით შეიმეცნონ ესა თუ ის საგანი, ან საკითხი. რომ გითხრათ, მშობლები ან მოსწავლეები მაღიზიანებენ, მოგატყუებთ. უფრო მეტად უსულგულო მასწავლებლები, რომლებსაც სკოლა ფულის საჭრელი დანადგარი ჰგონიათ, მაღიზიანებენ. თუ მაინცდამაინც მშობლებზეც უნდა ვთქვა, ყველაზე ძალიან არ მომწონს, რომ კითხულობენ "რა ნიშანი უწერია ჩემს შვილსო", იმის მაგივრად, რომ იკითხონ, როგორი ადამიანი იზრდება. წელს პირველად მყავს სადამრიგებლო კლასი და უფრო მეტად მიწევს მშობლებზე დაკვირვება, უშუალოდ მაქვს ურთიერთობა და გარკვეულწილად, სხვა პასუხისმგებლობაც მაკისრია. ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს არის იმის აღმოჩენა, რომ თავად არ და ვერ აკონტროლებენ თავიანთ შვილებს, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, მაგრამ მასწავლებლებთან მოთხოვნები უფრო მაღალია. გარდა იმისა, რომ მასწავლებელი ვარ, მშობელიც ვარ და ყოველთვის ვიცი, რატომ არ სწავლობს ჩემი შვილი. არასოდეს ვესხმი მასწავლებელს თავს. ჩემი შვილები ვერ იტყვიან ჩემთან, რომ მათ რაღაც იცოდნენ და მასწავლებელმა ცოდნა არ დაუფასა, შესაბამისი ნიშანი არ დაუწერა და ასე შემდეგ. წარმოუდგენელია ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის და როგორც მშობლისთვის, ასეთი რამ. ბავშვს, რომელსაც დედა ვერ მართავს და მეუბნება, რომ ტელეფონიდან ვერ გამოჰყავს, ვერ აკონტროლებს მეცადინეობის პროცესს და იქვე ამბობს, რომ მასწავლებელი არ აძლევს მოტივაციას, შენიშვნა არასწორი მგონია. ძალიან რთულია იმ ბავშვების გაკვეთილით აღფრთოვანება, რომლებიც მოვალეობის მოხდის მიზნით გისმენენ და მგონია, აქ მშობლების პასუხისმგებლობაცაა. ერთ-ერთმა მშობელმა მომწერა, რომ მისი შვილი მათემატიკას იმიტომ არ სწავლობს, რომ კონკრეტული მასწავლებელი მკაცრია. მე მკაცრი მასწავლებელი არ ვარ და ის ბავშვი არც ჩემს საგანს სწავლობს. არ მგონია, რომ ზოგიერთი მშობელი შვილთან მეგობრობდეს. არასდროს მომითხოვია ჩემი შვილებისთვის, ათოსნები ყოფილიყვნენ. ვითვალისწინებ მათ ინტერესებს, ვემეგობრები და ბოლომდე მათთან ერთად ვარ. არ მიჩხუბია იმის გამო, რომ მათემატიკაში დაბალი ნიშანი ჰყავდა. მხოლოდ სკოლაში გაშვება და შემდეგ მთელი პასუხისმგებლობის მასწავლებელზე გადატანა, არ შეიძლება. თამარ იაკობაშვილი