როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბავშვის საბავშვო ბაღში მისვლა ოჯახური მასშტაბის ტრაგედიად არ იქცეს ეჭვგარეშეა, რომ საბავშვო ბაღში მისვლა ახალი ეტაპია მის ცხოვრებაშიც და მისი მშობლების ცხოვრებაშიც. ამას ორივე მხრიდან ახლავს ბევრი სტრესი და ღელვა. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბავშვის საბავშვო ბაღში მისვლა ოჯახური მასშტაბის ტრაგედიად არ იქცეს?
სხვა ბავშვების გვერდით აღზრდა პატარას დამოუკიდებლობასა და ყურადღებას გამოუმუშავებს. გარდა ამისა, თავიდანვე მიეჩვევა და ადვილად გამონახავს ხოლმე საერთო ენას თანატოლებთან. თუმცა როგორც წესი, ამ ეტაპს თან სდევს ბევრი სტრესი - დედასთან დაშორების, უცხო ადამიანების გარემოში მოხვედრის, კოლექტიურად ცხოვრების წამოწყების გამო. მით უმეტეს, თუ მას ბაღისთვის წინასწარ არ მოამზადებთ და უცებ აღმოჩნდება ამ ახალ და მისთვის უცხო სივრცეში.
სტრესები სხვადასხვანაირად გამოიხატება ხოლმე - ფრჩხილების კვნეტით, ენის ბორძიკით, ღამის შიშებით, აქამდე მისთვის უჩვეულო ისტერიკებით. დედა კარგად უნდა დააკვირდეს შვილის რეაქციებს, დაეხმაროს მას სტრესებთან ბრძოლაში, ხოლო თუ ეს სტრესები და ემოციები მეტისმეტად რთულია და მის ფსიქიკაზე დამანგრევლად აისახება, საერთოდაც უარი თქვას ამ ეტაპზე მის ბაღში ტარებაზე.
რა უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის ბაღში მიყვანამდე:
სანამ საბავშვო ბაღში შეიყვანთ, მანამდე კარგი იქნება, თუ დაწესებულების დღის რეჟიმს გაეცნობით, გეცოდინებათ, რა პირობებთან მოუწევს შეგუება პატარას, რას მოითხოვენ მისგან და რით დაკავდება დღის განმავლობაში. შემდეგ ამის შესახებ თავად ბავშვს უამბეთ, ოღონდ, რა თქმა უნდა, პოზიტიური განწყობით. მოიგონეთ ამბავი, მაგალითად, როგორ წავიდა პატარა ბაჭია ბაღში, გაითამაშეთ სიტუაციები, ვითომ ბაღში ხართ და ა.შ. მასთან ერთად თქვენც უნდა გადალახოთ ეს ეტაპი, თამაშ-თამაშით და არა მუქარითა თუ ძალდატანებით, რომ მისთვის ტანჯვად არ იქცეს ბაღში სიარული. ბაღში სიარულის დაწყებიდან ორ-სამ კვირაში უკვე მიხვდებით, არის თუ არა თქვენი შვილი მზად ამ სიახლისთვის. თუ ეს დრო არ აღმოჩნდა საკმარისი ახალ გარემოში მის გასაშინაურებლად და შესაგუებლად, ეცადეთ, ტაქტიკა შეცვალოთ, ნურც ფსიქოლოგთან კონსულტაციის მოგერიდებათ და ნურც პედიატრთან. ისე გადაწყვიტეთ, როგორც ბავშვისთვის იქნება უკეთესი და არა ვინმე სხვისთვის. სანამ ახალი სასწავლო წელი დაიწყება, ხშირად გაასეირნეთ ბავშვი ბაღის სიახლოვეს, ზოგჯერ ეზოშიც შეიყვანეთ, ასე მომავალში უფრო ადვილად შეეწყობა ამ ახალ გარემოს. და კიდევ ერთი, ბავშვები ძალიან კარგად გრძნობენ მშობლების განწყობას. თუ დედას ეშინია ბავშვის ბაღში დატოვების, შიში ბავშვსაც გადაედება. ასევე სასურველია, ბაღში შესვლის წინ პატარა გადაეჩვიოს პამპერსებს და მატყუარას. ეს „მავნე ჩვევები“ კოლექტივთან შეგუებაშიც შეუშლის ხელს და მის აღმზრდელებსაც გაურთულებს საქმეს. ასწავლეთ დამოუკიდებლად ჭამა, კოვზის დაჭერა, ჭიქიდან დალევა. მთლიანად აღმზრდელებსა და ძიძებს ნუ დაეყრდნობით. დღევანდელ სიტუაციაში, როცა საბავშვო ბაღები გადაჭედილია ბავშვებით, ორი-სამი აღმზრდელი ნამდვილად არ არის საკმარისი, რომ ყველა ბავშვს დროულად მიხედონ. ამიტომ რაც მეტად დამოუკიდებელი იქნება და შეძლებს დროულად მიხედოს საკუთარ თავს - თავად ჭამოს (სანამ მისი რიგი მოვა ან მისთვის მოიცლიან), ხმამაღლა შეძლოს თქმა, რომ საჭირო ოთახში უნდა (სანამ სხვებს მიხედავენ ან სანამ გააგონებს, შეიძლება, „გაეპაროს“ კიდეც), შეძლოს სასურველი სათამაშოს აღება ისე, რომ სხვამ არ წაართვას. თანატოლებთან კონტაქტის უნარი უნდა ჰქონდეს. ასწავლეთ, რომ არც თავად უნდა წამოიწყოს ყველაფერზე ჩხუბი ან ტირილი, და თავის დაცვაც უნდა შეეძლოს. თუ ხშირად დაჩაგრავენ, დასცინებენ, ეჩხუბებიან, ბაღი მისთვის ორმაგ სტრესად იქცევა. ამისთვის აუცილებელია, ბაღში პირველად არ აღმოჩნდეს თანატოლთა გარემოში - მანამდე ამის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ატარეთ ბავშვიან მეგობრებთან, საბავშვო მოედნებზე, სკვერებში, რომ ცოტა „გამოიწრთოს“ ამ საკითხში. არასდროს დააშინოთ ბავშვი საბავშვო ბაღით. მისთვის ის მხოლოდ პოზიტიურ ემოციებთან უნდა იყოს დაკავშირებული. მიაჩვიეთ იმ აზრს, რომ დედა გამუდმებით მის გვერდით არ უნდა იყოს. თუ ჯერ არ დაგიტოვებიათ მარტო, იქნებ ხანდახან, თითო საათით მაინც დაუტოვოთ ბებიას ან ახლო ნათესავს, რომ შეეგუოს უთქვენოდ ყოფნას და იმ აზრს, რომ ხანდახან, სანამ დედას საქმე აქვს, ის სხვაგან უნდა დარჩეს. დაეხმარეთ იმის გაცნობიერებაში, რომ ბაღში სიარული მისი დიდური ცხოვრების დაწყებაა, ახალი ეტაპი დამოუკიდებლობისკენ, მისი „სამსახური“ - ისევე, როგორც მის მშობლებს აქვთ სამსახური, დილას მიდიან და საღამოს მოდიან, მანაც ასე უნდა იაროს საქმეზე. აუხსენით, რომ ბაღში უნდა ისწავლოს ახალი რამეები, მოემზადოს სკოლისთვის, ითამაშოს ბავშვებთან და რომ უკვე დიდია, რაკი „უკვე“ ბაღში დადის.